ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ბრალდებით დაკავებულ ნუგზარ მარკოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებული ნუგზარ მარკოიძე დაიკითხა. პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე უძღვებოდა.

მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, დაკავებულმა უპასუხა, რომ თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, კერძოდ დოკუმენტაციის გაყალბების ნაწილში, ცხენის ხორცის შეტანას კი არ ადასტურებს.

თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულმა გააყალბა დოკუმენტები და შეიტანა ცხენის ხორცი. მისივე თქმით, ნუგზარ მარკოიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც, საქმეზე საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არ არიან.

ბრალდების მხარის მოსაზრებას არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი. გივი შენგელიას განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება იმის, რომ დაკავებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს ან მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე. ადვოკატის თქმით, ნუგზარ მარკოიძეს არ ჰქონდა ინფორმაცია, მის მიერ შეძენილი ხორცი ცხენის იყო თუ არა.

დაცვის მხარემ 20 000- ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და ნუგზარ მარკოიძე პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო პროცესი 23 აპრილს დაინიშნა.

შეგახსენებთ, ნუგზარ მარკოიძე 27 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნუგზარ მარკოიძე აყალბებდა ხორცის ვეტერინარულ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ასე ახდენდა ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას. შპს "ელენიკო" სამტრედიის ბაღებს ხორცის პროდუქტებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწვდიდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნუგზარ მარკოიძეს 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა