ქართული პრესის მიმოხილვა 2.03.2019

ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ქმნის

დავით ზურაბიშვილი - “ოცნება” საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს კარგავს”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N3 (253), მარტი, 2019) მიმოხილვა

* * *

ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ქმნის

“თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ერთიანდება და ქვეყნის მასშტაბით მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. “წამყვანი პარტიებიდან თითქმის ყველა აქ არის, გარდა “ქართული ოცნებისა”. ეს არც პარტიული გაერთიანებაა და არც საარჩევნო, ეს არის შეთანხმება იმ საკითხზე, რომ ვიბრძოლებთ პროპორციული სიის დამტკიცებისთვის - ამბობს გუბაზ სანიკიძე. “გაერთიანება მოხდა პროპორციული არჩევნების დანიშვნის, კონსტიტუციის ცვლილებებისა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შესასრულებლად, კონსტიტუციიდან გამომდინარე, 200 ათას ხელმოწერას ვაგროვებთ. პარტიები სწორედ ხელმოწერების ორგანიზებისათვის გაერთიანდნენ, ეს არ არის საარჩევნო გაერთიანება”, - აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე 20 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაზე. გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა აღარ მიეცემა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით "ყველანი აქ ვართ, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა" - ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ქმნის.

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ეს არა პარტიული, არამედ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებაა და იმედოვნებს, რომ "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც მათთან ჯერ არ გაერთიანებულა, მალე შეუერთდება. რომან გოცირიძე ამ მხრივ პესიმისტურად არის განწყობილი. ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ქართული ოცნების” სატელიტია. “გაერთიანებულია ყველა პარტია, გარდა “ქართული ოცნებისა” და მისი სატელიტი “პატრიოტთა ალიანსისა”. გაერთიანდა ყველა პარტია, რაც კი არსებობს საქართველოში, რომელსაც აქვს რაიმე საარჩევნო რეიტინგი. მიზანია ხელმოწერების შეგროვება და იმ კონსტიტუციის ამოქმედება, რომელიც, 2024 წლის ნაცვლად, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლისთვის ითვალისწინებს. “სამართლებრივი მხარე უკვე გავლილია. პარლამენტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ოცამდე პარტიის მონაწილეობით და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ქვეყნის ყველა რეგიონსა და მთელ თბილისში. პარტიებს გადანაწილებული აქვთ ფუნქციები და ყველა ერთდროულად შევუდექით საქმიანობას”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. სანიკიძემ აღნიშნა, რომ მიზანი 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა, რის მისაღწევადაც, გარდა პოლიტიკური ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპირებენ მათთან გაერთიანებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვერ დავარქმევთ ამას გაერთიანებას; არ ვართ არაფერში ერთად, გარდა იმისა, რომ თამაშის წესზე შევთანხმდეთ და ჩატარდეს წესიერი არჩევნები. არა მარტო ეს პარტიები იქნებიან ამ გაერთიანებაში, დაგვემატებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგნიზაციებიც. საერთოდაც, ალბათ მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვაიძულოთ, ნაცვლად 2024 წლისა, არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდეს. მილიონი ხმის შეგროვებას ვაპირებთ, რადგან ამას ექნება მორალური ზემოქმედება ხელისუფლებაზე. სად 200 ათასს რომ შეიტან და სად მილიონს? შესაძლებლობა არსებობს, რომ მილიონი ხელმოწერა შევაგროვოთ. შესაძლოა, უფრო მეტიც შევაგროვოთ იმის მიხედვით, თუ როგორ ვიმუშავებთ და როგორ გავაგებინებთ ხალხს, რაზეა საუბარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.

დავით ზურაბიშვილი - “ოცნება” საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს კარგავს”

“ოცნების” შიგნით რაღაც ნაწილმა გაიაზრა, რომ ივანიშვილს მათზე ფსონის დადება აღარ უნდა და სხვებს ანიჭებს უპრატესობას. მაგრამ ამ პროცესში მთავარი არ არის, ვინ გამოაკლდება და ვინ არა - მნიშვნელოვანია ის, რომ “ოცნება” საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს კარგავს, რომელსაც ეგონა, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მათკენ მობრუნდებოდა. ასეთი ტიპის ამომრჩეველი კი ძირითადი ამომრჩეველია, ამიტომ სად წავა ამომრჩევლის ეს ნაწილი, ეს არის ახლა “ოცნებისთვის” სერიოზული პრობლემა, რადგან კონსერვატიული ამომრჩევლის დაკარგვა რთული შედეგის მომტანი იქნება. ლიბერალური საზგადოება ისედაც დაკარგული იყო, 10-დან 9 არ მისცემს ხმას”, - აცხადებს აცხადებს პოლიტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს კარგავს” - დავით ზურაბიშვილი.

“ბიძინას დიდად არ აღელვებს, რაც ხდება, როგორც თავად ამბობს, ჭარბი რწმენა აქვს საკუთარი შესაძლებლობების, რომ დაალაგებს. /ნაცმოძრაობის/ საფრთხე ეფექტურად იმუშავებს, როგორც ეს შეძლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩევლის რაოდენობა გაორმაგდა. აქაც აამოქმედებს პროპაგანდისტულ მანქანას, მიშა მოვა და ყველას შეგჭამთო. პრობლემას ვერ ხედავს, ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად არის, ვისაც უნდა, იმის მოიყვანს და იმას გაუშვებს. სჭირდება სწორედ ისეთი კადრები, როგორიც ჰყავს და ეს კადრები შემთხვევით არ შერჩეულა. მოკლედ, თვითონ არის შპს “საქართველოს” მმართველი და დაქირავებული ჰყავს მენჯერები. მერე კი წუხს, ეს მენეჯერები საქმეს რომ ვერ აკეთებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“რაც შეეხება “ოცნების” დეპუტატების წასვლას, ასეთი სიტუაცია 90-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, როცა “მოქალაქეთა კავშირს” გამოეყო “ახალი მემარჯვენეები” და ცალკე პარტია შექმნეს, მაგრამ შევარდნაძეს არ აკრიტიკებდნენ, აკრიტიკებდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას. ახლაც იგივე ხდება, ივანიშვილს არ უპირისპირდებიან, პროტესტი მიმართულია კობახიძისკენ. ანუ ისტორია მეორდება, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ჟვანია სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო, შევარდნაძეც კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში და “მემარჯვენეებიც” კვალიფიციურები იყვნენ. კობახიძე კი რას წარმოადგენს ივანიშვილის გარეშე? არც ივანიშვილს აქვს პოლიტიკაში შევარდნაძის გამოცდილება. ბიძინას პოლიტიკა და პოლიტიკოსები არ უყვარს, იცის ბიზნესი და ფული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არც ამ გუნდს აქვს ის კვალიფიკაცია, რომ სერიოზული საპირწონე შექმნას. ბესელიამ და მისმა გუნდმა ვიდრე არ დაინახა ივანიშვილი კობახიძის გუნდს მხარს რომ უჭერდა, მანამდე სასამართლოში რა ხდებოდა არ აწუხებდათ. ბესელია დღეს “ნაციონალების” ან რომელიმე სხვა პარტიის გვერდით რომ დადგეს, იცის, რომ უფრო დაზარალდება. ამიტომ ეცდება, ივანიშვილს დაანახოს, რომ კობახიძე არ გამოადგება და გული მოუბრუნოს, ანუ არ ჩატეხოს ხიდი”, - დასძენს ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “ამ ფონზე ოპოზიციის აქტიურობას რა პერსპექტივა აქვს, რომელიც ერთიანდება და აანონსებს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს”, - პასუხობს:

“ოპოზიცია შეთანხმდა მხოლოდ ერთ თემაზე, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. ეს თემატური გაერთიანება რა ფორმას მიიღებს, გადაიზრდება დიდ პოლიტიკურ ბლოკში, ვინ წავა და ვინ დარჩება ამ ერთობაში, ამას მომავალი არჩევნები გამოაჩენს. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, რომ ქუჩაში გამოვლენ, მერე რას იზამენ?”

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N3 (253), მარტი, 2019) მიმოხილვა

“დიდგორი მეომარი” ნაღმსატყორცნით შეიარაღდა / ჯერ ჯარისკაცობა, შემდეგ ჩინოვნიკობა! / რეპორტაჟი რეზერვისტების მომზადებიდან - თავი ისევ ჯარისკაცად ვიგრძენით! / იუნკრის ცხოვრება აკადემიაში / მშვიდობით ავღანეთო! - 30 წლის შემდეგ /

“თებერვლის ბოლოს “დელტამ” თავისი პროდუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო გამოფენა IDEX-2019-ზე წარადგინა. “დელტაში” დიდხანს ემზადებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2019-ისთვის, რადგან შეიარაღების ამ მსოფლიო დონის “დეფილეზე” პირველად უნდა ეჩვენებინათ ახალი მოდელი – “დიდგორი მეომარი” 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის საბრძოლო მოდულით. თუ რას ნიშნავს არტილერიისთვის და მათ შორის ნაღმსატყორცნების გათვლებისთვის საცეცხლე პოზიციების სწრაფი შეცვლა რამდენიმე გასროლის შემდეგ, იმედია, “არსენალის” მკითხველს დიდი ახსნა არ სჭირდება”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N3, მარტი, 2019) სტატიაში სათაურით “დიდგორი მეომარი” ნაღმსატყორცნით შეიარაღდა / “ჯავშანტრანსპორტიორისა და ჯავშანსასწრაფოს ფუნქციების შემდეგ, “დიდგორი” საზღვარგარეთ უკვე მობილური ნაღმსატყორცნის ამპლუაში წარდგა.

“დელტამ” სამი წლის წინ სცადა 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი მობილური გაეხადა, რის შედეგადაც დაიბადა თვითმავალი ნაღმსატყორცნი GMM-120. მასში გათვალისწინებული იყო თანამედროვე მოთხოვნები - 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი სრული მუხტით უშუალოდ სამღერძიანი მანქანის ძარიდან ისროდა. 120 მმ-იანი ნაღმის სრული მუხტით გასროლისას უკუცემის იმპულსი 90 ტონამდე აღწევს და ასეთი საშინელი ძალის უკუცემამ მანქანის შასი რომ არ დაამტვრიოს, ნაღმსატყორცნზე დამონტაჟდა უკუცემის ძალის ჩახშობის ჰიდრავლიკური მექანიზმი, რომელმაც უკუცემის ძალა თითქმის 15 ტონამდე შეამცირა. მაგრამ ყოველივე ამან (უკუცემის ჩახშობის სისტემამ და თვითმავალ ბაზად მძლავრი სატვირთო შასის არჩევამ) GMM – 120 სისტემა გაართულა და გააძვირა. “დიდგორი მეომრისთვის” “დელტამ” უფრო მარტივი გზა აირჩია - მას ნაღმსატყორცნი უნდა გაესროლა არა მანქანის ძარიდან, არამედ მიწიდან, რისთვისაც მისი მიწაზე დაშვების მექანიზმი იყო საჭირო. სტანდარტულ “დიდგორს” სადესანტო ნაკვეთურის უკანა ნაწილი გაუუქმეს და მის ადგილზე დაამონტაჟეს ასევე “დელტაში” დამზადებული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი, რომელსაც ჰიდრავლიკური ამწეები მიწაზე უშვებდნენ და შესაბამისად მრავალათეულტონიან უკუცემის იმპულსს უკვე არა მანქანის ძარა, არამედ მიწა იღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“განსაკუთრებით აღსანიშნავია მართკუთხა ფორმის საყრდენი ფილა, რომელიც უკეთესად “ანაწილებს” უკუცემის იმპულსს, ვიდრე მრგვალი ფილა. “დელტამ” ნატოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას უკვე მიჰყიდა რამდენიმე ათეული ბუქსირებადი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი და დიდი შანსია, რომ აბუ-დაბიში თვალი უკვე “დიდგორი მეომარზე” “ამხედრებულ” ნაღმსატყორცნსაც დაადგან. მობილური ნაღმსატყორცნის გარდა, “დელტამ” აბუ-დაბის გამოფენაზე ასევე ჩაიტანა: საევაკუაციო ჯავშანმანქანა “დიდგორი მედევაკი”, მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი” ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, მსხვილკალიბრიანი შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებული ბიკალიბრული უხმაურო ნაღმსატყორცნი “მყუდრო”, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი RD-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი RGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერული შაშხანა “სატევარი-2” და ინდივიდუალური დაცვის სისტემები”, - დასძენს გამოცემა.

“თითოეულმა მათგანმა შეიძლება დააინტერესოს გამოფენის დამთვალიერებელი, რადგან ისინი არ გამოირჩევიან დიდი თვითღირებულებით (იარაღის მსოფლიო ბაზრის “მონსტრი” კომპანიების მრავალმილიონიანი ღირებულების მართვად რაკეტებთან თუ ტანკებთან შედარებით) და მსოფლიოს მესამე ქვეყნების (შეიძლება მეორისაც) გენერლების დაინტერესების მეტი შანსი აქვთ. მაგრამ შეიარაღების ასეთი მობილური საარტილერიო სისტემა უპირველესად სწორედ იმ ქართულ არმიას სჭირდებოდა, რომელიც ტოტალური ომისთვის ემზადებოდა. ნაღმსატყორცნები, როგორც ბუქსირებადი, ისე თვითმავალ დანადგარზე განთავსებული, ძალზე ეფექტიანი იარაღია მთაგორიან რელიეფზე საბრძოლველად, თანაც ნახევრად პარტიზანული მეთოდით: “ესროლე-გაიქეცი”. ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულმა ნაღმსატყორცნებმა ომიც გამოიარეს და არაერთი სწავლებაც და დადგა დრო მათი განახლებისა”, - წერს სტატიის ავტორი.

“მთავრობა პარლამენტში ახალი კანონპროექტით შედის, რომელმაც ჯარგამოუვლელის გამინისტრება უნდა შეზღუდოს. ბოლო დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, როდესაც კატასტროფულად იმატა ფიქციური “მღვდელმსახურების” რიცხვმა, ხელისუფლება ოდნავ გააქტიურდა და ახალი ინიციატივებით გამოდის. ის წვევამდელებს, ჯარის გარდა, ალტერნატივად მეხანძრე-მაშველებად სამსახურს, რეზერვისტობასა და კიდევ არაერთ ვარიანტს სთავაზობს, თუმცა მთავრობაში იმ პირთა მომავალი კარიერის შეზღუდვაზეც ლაპარაკობენ, რომლებსაც არასაპატიო მიზეზებით სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი და არც კონტრაქტით უმსახურიათ ჯარში”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ჯერ ჯარისკაცობა, შემდეგ ჩინოვნიკობა!

“მთავრობამ მოამზადა და პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იმ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, საჯარო სამსახურში დასაქმებაზე შეზღუდვები დაუწესდებათ. რაღაც ამგვარი აქამდეც მოქმედებდა, ოღონდ ის ეხებოდა იმ პირებს, რომლებსაც საჯარო სამსახურის დაწყება ძალოვან სტრუქტურებში სურდათ. რამდენად ასრულებდნენ ამ შეზღუდვას, სხვა საქმეა... საქართველოს კანონი “სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” 18-დან 27 წლამდე ყველა ჯანმრთელ მოქალაქე მამაკაცს ჯარის გავლას ავალდებულებს. თუმცა ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ალტერნატიულია - სტუდენტს სწავლის პერიოდში გადაუვადდება გაწვევა; გადაიხდი 2 ათას ლარს და ასევე გადაგივადდება (თუმცა 27 წლის შესრულებამდე მაინც გაგიწვევენ); არ გსურს ავტომატის ხელში დაჭერა, პაციფისტი ხარ? არ არის პრობლემა -იმსახურე ალტერნატიულ სამსახურში მედძმად; და, რა თქმა უნდა, “გირჩის” ბოლო “შედევრი” - გახდი ფიქციური “მღვდელმსახური” და ვერავინ შეგეხება... ” - აღნიშნავს გამოცემა.

“თუკი საჯარო სამსახურის ყველა იმ მამაკაც მოხელეს, რომლებსაც წარმატებული კარიერა სურთ, ეცოდინება, რომ ერთწლიანი ჯარისკაცობის გარეშე მისი ოცნება ვერ ასრულდება, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დაძვრენას ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდით აღარ ეცდება და ვიღაცის გაცემულ `მღვდელმსახურობის~ დამადასტურებელ ფარატინა ქაღალდსაც აღარ დახარბდება. სავალდებულო სამსახურისა და რეზერვის შეკრებების გავლა ვინმეს ახირება კი არ არის, ამის სასიცოცხლო აუცილებლობა საქართველოს მძიმე ისტორიამ დაგვანახვა – ჩვენს სამშობლოს ჩვენვე უნდა მივხედოთ და არ ვიყოთ ვიღაცების დახმარების იმედად, რადგან უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია... P.S. მთავრობის ეს კანონპროექტი საფუძვლიან განხილვასა და დახვეწას მოითხოვს, რადგან ჩნდება ბევრი კითხვა, მაგალითად, რა ქნას დედისერთამ, რომელიც გათავისუფლებულია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. მას ისიც ეყოფა, რომ დედმამიშვილი არ ჰყავს, ვერც მინისტრობაზე ან მინისტრის მოადგილეობაზე ვერ უნდა იოცნებოს?” - დასძენს გამოცემა.

“რვა საათსა და ათ წუთზე თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის შესასვლელში ვარ. ათი წუთი დავაგვიანე, რეზერვისტები უკვე კლასში სხედან და მომზადების კურსს გადიან. ინსტრუქტორი, უფროსი ლეიტენანტი გიორგაძე მათ SALUTE-ს ფორმის მიხედვით „თვალთვალისა და მოხსენების~ თემას უხსნის. აქტიურობა მაღალია. ვეტერანები ბრძოლის ველზე ნანახს იხსენებენ, ახალგაზრდები კი სხარტად პასუხობენ. ჩანს, რომ თემა მათთვის საინტერესოა. გაკვეთილი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ინსტრუქტორი კითხვებს მანამ სვამს, სანამ ყველა რეზერვისტი მოსმენილს არ გაიაზრებს. კლასიდან ჯარისკაცები ბრიგადის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში გადიან და თეორიულად ნასწავლს პრაქტიკაში გადიან. სამხედრო სწავლებაზე ბევრჯერ ვყოფილვარ. ესეც ერთ-ერთი, ჩვეულებრივი სწავლებაა, სწორედ ისეთი, რასაც რეგულარული ჯარი გადის,” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რეპორტაჟი რეზერვისტების მომზადებიდან - თავი ისევ ჯარისკაცად ვიგრძენით!

“მეხუთე თვეა, რაც სარეზერვო სამსახური დაიწყო. ამ ხუთ თვეში რეზერვისტებმა მხოლოდ ათი მეცადინეობის გავლა მოასწრეს. შთაბეჭდილება კი ისეთია, თითქოს საქმე რეზერვისტთან კი არა, კარგად გაწვრთნილ ჯარისკაცთან გვაქვს. ჩემი მეგზური, ბრიგადის შ-2-ის უფროსი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, მაიორი გიორგი ფირუმაშვილია. ორი დღეა, საწვრთნელ არეალზე გასულ რეზერვისტთა განლაგებასა და მოქმედებებს მაცნობს. ჯარისკაცები იმ მმართველი ჯგუფის წრიულ უსაფრთხოებაზე დგანან, რომელიც მოწინააღმდეგის აღმოჩენისას სათათბიროდ შეიკრიბა. ვაკვირდები მათ გამომეტყველებას და ადვილად შეიცნობიან ვეტერანები, რომლებისთვისაც ყველაფერი ეს ცოდნის გახსენებასთან ერთად მოუშუშებელი ჭრილობის გაახლებაცაა. რეზერვისტები გადიან ყველა იმ თემას, რასაც სამხედრო ხელოვნება მოიცავს: ტაქტიკას, ტოპოგრაფიას, სამედიცინო მომზადებას, მეკავშირეობას, საცეცხლე მომზადებას როგორც თეორიულად, ასევე, საშტატო იარაღების სროლას. სწავლების მეორე დღეს, მონიტორინგის მიზნით, თელავის სამხედრო ბაზას თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე სტუმრობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ტოტალური თავდაცვისთვის რეზერვი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. ზუსტად ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ რეზერვის საპილოტე პროგრამა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამართლებს ჩვენს მოლოდინს, პერიოდულად მაინც საჭიროებს მონიტორინგს. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით თელავის ბაზაში, რათა გავიგოთ ის ნაკლოვანებები, რაც თან ახლავს რეზერვის სისტემას, რათა შემდგომში გავითვალისწინოთ აღნიშნული ხარვეზები პროგრამის გასაუმჯობესებლად~, - განაცხადა შალვა ჯაბახიძემ. ვათვალიერებ სასადილოსა და იმ ყაზარმებს, სადაც რეზერვისტებს უწევთ ცხოვრება. ეს შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სპეციალურად რეზერვისტებისთვის გარემონტდა. რეზერვისტები უზრუნველყოფილი არიან ჩასაცმლითა და აღჭურვილობით. ფიზიკური მომზადების გაკვეთილებისთვის კი აქ დარიგებული სპეციალური სპორტული ტანსაცმელი აცვიათ. მეორე დღე დილის ექვს საათზე სწორედ ვარჯიშით იწყება. ტერიტორიული მომზადების რეზერვს კახეთის რეგიონში მცხოვრებლები გადიან. არიან ვეტერანები, კონტრაქტგავლილი სამხედროები, სტუდენტები. ორდღიანი მომზადების შემდეგ მათთან გასაუბრების საშუალება მეძლევა”, - განაგრძობს რეპორტაჟის ავტორი.

“ლაფანყურის გამგებელი, 44 წლის მორის პარკინაშვილი, ხუთი შვილის მამაა. მისი ორი ვაჟი მესაზღვრე პოლიციელია და სამშობლოს სადარაჯოზე დგას. ბატონმა მორისმა გადაწყვიტა, თვითონაც შეეტანა წვლილი ქვეყნის დაცვაში და სარეზერვო სამსახურში შევიდა. მან თავისი ნაბიჯით მაგალითი მისცა ყველას, საჯარო მოხელეს თუ რიგით მოქალაქეს, როგორ უნდა ისწავლო სამშობლოს დაცვა. ის რეზერვში 2005-2006 წლებშიც მსახურობდა, მაგრამ ამბობს, რომ დღევანდელი სარეზერვო სამსახური სრულიად განსხვავებულია. “ჯარში არ მიმსახურია, რადგან ჯარის ასაკისა უკვე ცოლ-შვილის პატრონი ვიყავი. სურვილი კი სულ მქონდა, მემსახურა ჯარში. ყველა ქართველის ვალია, დაიცვას სამშობლო და ეს ვალი ყველამ უნდა მოიხადოს. ჩემს სოფელს ისეთი მდებარეობა აქვს, არ არის გამორიცხული, რამე მეზობელი სახელმწიფოს აგრესია. რეზერვში ჩემი ჩაწერის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. ელემენტარული რეაგირება ხომ მაინც უნდა შევძლოთ? იმედია, ამის საჭიროება არ გვექნება, მაგრამ ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ~, - აცხადებს მორის პარკინაშვილი, რომლის თქმით, სოფელში ახალგაზრდებმა რომ დაინახეს, ისიც აქ წამოვიდა, ბევრს გაუჩნდა პროგრამაში ჩართვის სურვილი”, - დასძენს გამოცემა.

“თემურ სუარიძე სტუდენტია, 20 წლის, შავი ზღვის უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლობს: „მამაჩემი მოქმედი სამხედროა და მეც მინდოდა ჯარისკაცური ცხოვრების გაცნობა. მაინტერესებდა, როგორია ჯარი, რა ხდება აქ. აქედან წასული ჩემს ჯგუფელებს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ ხოლმე. სულმოუთქმელად ელოდებიან, როდის დაიწყება რეზერვი თბილისშიც. ჩემს თანატოლებს ვეტყოდი, ვინც ჯარს თავს არიდებს, ყველამ უნდა იცოდეს იარაღის დაჭერა, რათა მზად ვიყოთ, როცა სამშობლოს დასჭირდება~. კახაბერ ლეგაშვილი და ბესიკ ყალამაშვილი აფხაზეთის ომში თელავის მე-7 ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ. „გაგრაში, ერთ-ერთი შემოტევის დროს, მეგობრები და თანამებრძოლები მძიმედ დაიჭრნენ. ბესო მაშინ 18 წლის იყო, ხოლო კახაბერი საავადმყოფოში გახდა 22 წლის. დაჭრილი მეგობრები ერთი “ბეემპე”-თი გამოიყვანეს. ბესოს რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და უამრავი ჭურვის ნამსხვრევი, რომლებმაც ყელის მთავარი არტერია გადაუჭრა. ჭრილობები ჰქონდა გულის არეშიც. გადარჩენის იმედი ნამდვილად არ მქონდაო, ამბობს. საუბარში კახაბერი გვერთვება: ჯარისკაცს ყოველთვის აქვს გადარჩენის იმედი. ალბათ, ამან გადაარჩინა ბიჭები. თუმცა ომის მოუშუშებელ ჭრილობასა და სამუდამო სახსოვარს, ტყვიებს, დღესაც სხეულით ატარებენ. “მილიონში ერთი თუ გადარჩება, ვისაც ყელში მთავარი არტერია აქვს გადაჭრილი. პირველი ოპერაცია გაგრაში გამიკეთეს, შემდეგ თბილისში ჩამომიყვანეს", – ომის ამბებს იხსენებს ბესო. საბედნიეროდ, ის ერთ-ერთი აღმოჩნდა “მილიონში ერთიდან” და გადარჩა”, - აღნიშნავს რეპორტაჟის ავტორი

“ბესომ და კახამ საავადმყოფოში ოთხი თვე დაჰყვეს. ჭრილობები მოვიშუშეთ და ისევ ომში წავედითო, მიყვებიან. დაცემული აფხაზეთიდან ბესო შვეულმფრენით გადმოფრინდა, ხოლო კახას სვანეთის ურთულეს გზაზე მოუხდა სიარული... „რეზერვში იმიტომ ვართ, რომ ჯერ ერთი, ფორმა გვენატრებოდა, მერე კიდევ, ჯარისკაცი ბოლომდე ჯარისკაცია~, – ამბობს ბესიკ ყარამაშვილი და კახა თანამებრძოლს უხმოდ ეთანხმება. დავით მუმლაძე სოხუმელია. 14 წლისა იყო, როდესაც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს კონტუზია მიიღო და ფეხიც დაიზიანა. ბავშვური ასაკის მიუხედავად, დავითი ომის ქარცეცხლმა ვერ შეაშინა. მან შეიარაღებულ ძალებში სამსახური გააგრძელა და 2008 წლის აგვისტოს ომში მე-4 ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. სამი შვილის მამა, 41 წლის ვახტანგ ბწკილიშვილი, 18 წლიდან მსახურობდა ჯარში. მოიარა ერაყის, კოსოვოსა და ავღანეთის საერთაშორისო მისიები. პენსიაზე გასული ექვს თვეში ისევ რეზერვში დავბრუნდიო, ამბობს. „ყოფილი ჯარისკაცი არ არსებობს, ამიტომაც დავბრუნდი~, – ამაყად ამბობს და მას ყველა ეთანხმება. ჩემი ჯარისკაცური ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, თუ რამდენად მომზადებული დახვდა თელავის სამხედრო ბაზა რეზერვს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს პროგრამა და რამდენად აუცილებელია ეს სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის, ამ საკითხებზე ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის მეთაურს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანს, პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს ვესაუბრე”, - ამბობს რეპორტაჟის ავტორი.

„რეზერვის საპილოტე პროგრამის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო ყველა შესაძლო საკითხი, რაც გავლენას მოახდენდა პროგრამის განვითარებაზე. პირველ რიგში, ყურადღება დაეთმო ქვედანაყოფის დაკომპლექტებასა და ინსტრუქტორთა მომზადებას. 201-ე კადრირებული ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიარა ინსტრუქტორის და ლიდერის კურსები და აქვე მოხდა მათი სერტიფიცირება. თელავში მე-20 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიაზე განახლდა ინფრასტრუქტურა, სასადილო და ყაზარმა გარემონტდა, ასევე მოეწყო სასწავლო კლასები. პროგრამის დაწყებამდე გარკვეული დროით ადრე დაიგეგმა აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა რეზერვის საპილოტე პროგრამის შესახებ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია კახეთის რეგიონში მცხოვრებთათვის. ყოველდღიურად ეწყობოდა შეხვედრები სკოლებსა და რაიონულ ცენტრებში. პრაქტიკულად, მე-20 ბრიგადის მთელი შემადგენლობა ჩართული იყო ამ პროცესში, რამაც ნაყოფი გამოიღო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი.

“კახეთში 300-ზე მეტმა კაცმა გამოთქვა სურვილი, ემსახურა სამშობლოსთვის როგორც რეზერვისტს. თითოეული დარეგისტრირებული კანდიდატი გადიოდა შერჩევის პროცესს, რაც მოითხოვს ფიზიკური ტესტირების, ფსიქოლოგიური და სამედიცინო შემოწმების გავლას. შედეგად შტატით განსაზღვრული რაოდენობა რეზერვის პროგრამაში სრულად გაწევრდა და ერთი ასეულიც დაკომპლექტდა. ასეულში ერთმანეთის გვერდიგვერდ უწევთ სამსახური სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის საქართველოს მოქალაქეებს, აქ არიან სტუდენტებიც და ომის ვეტერანებიც. რეზერვის პროგრამა არის საპილოტე და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა არ იშურებს ყურადღებას, რათა პროცესი პოზიტიურად განვითარდეს. არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება, ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობის მომზადების დონე, ასევე რეზერვისტების მოტივაცია და მონდომება გვაძლევს იმედს, რომ მომავალში ეს პროგრამა იქნება წარმატებული და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოსთვის იარაღით ხელში სამსახური, რეზერვისტი გახდება. ეს პროგრამა საინტერესოა სამხედრო სამსახურგამოვლილთათვისაც, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, წელიწადში 45 დღის განმავლობაში აკეთონ ის საქმე, რაც მათთვის ძვირფასია. რეზერვისტობა ეხმარება სტუდენტებს, რათა ხუთწლიანი სამსახურის შემდეგ შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, როგორც სხვა სამხედრო სამსახურგამოვლილმა ჯარიკაცებმა და მიიღონ სამხედრო ბილეთი. ვფიქრობ, მომავალ წლებში ქალებსაც მიეცემათ ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება და ამით რეზერვის პროგრამა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის სტაბილურ და უსაფრთხო განვითარებას”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ეროვნული თავდაცვის აკადემია - სასწავლებელი, სადაც გაქვთ საშუალება მიიღოთ უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლება, გახდეთ ოფიცერი და ემსახუროთ საქართველოს. ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის ემზადება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება 16 აპრილიდან დაიწყება. როგორც წესი, მსურველი ბევრია, თუმცა მხოლოდ 140 საუკეთესო გახდება ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი. მათ სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს. გარდა ამისა, იუნკრები რეიტინგის შესაბამისად ყოველთვიურ სტიპენდიასაც მიიღებენ. აკადემიის თითოეული იუნკერი პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ფორმითა და კვებითაა უზრუნველყოფილი. აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ლატვია, ლიეტუვა - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც წარჩინებულ იუნკრებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით იუნკრის ცხოვრება აკადემიაში.

“ზვიად ურუშაძე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერია. ოთხი წლის წინ ზვიადმა ერთიანი ეროვნული გამოცდები და აკადემიის შიდა ტურები წარმატებით გაიარა. ამჟამად ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. აკადემიის დასრულების შემდეგ ბაკალავრის ხარისხითა და ლეიტენანტის წოდებით სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალებში გააგრძელებს. “იმისთვის, რომ ჩემი შთაბეჭდილებები უკეთ გაგიზიაროთ, საუბარს იმით დავიწყებ, რითაც ყველაფერი დაიწყო. ეს იყო საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი. როცა პირველი ნაბიჯი შევდგი სამხედრო ცხოვრებაში, აღტაცებული დავრჩი გარემოთი, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რა სირთულეებთან მომიწევდა დაპირისპირება. ჩემი პირველი დღეების შთაბეჭდილება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე შემდეგი ფრაზით შემიძლია აღვწერო: `ეს სად მოვხვდი~: უძილო ღამეები, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოლოგიური წნეხი და ძალიან ბევრი სტრესფაქტორი. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა, რისი დაძლევაც მომიხდა. იქ ყოფნით დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე. სწორედ მაშინ გავიგე და ვისწავლე, რა არის მოთმინება და ერთგულება”, - ამბობს იუნკერი, რომლის თქმით “მიხვდა, რა სირთულეების დაძლევა შეუძლია ადამიანს...” - აღნიშნავს გამოცემა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე 24 წლამდე აბიტურიენტები მიიღებიან, რომლებიც აკადემიის შიდა ტურებსა (ფიზიკური მომზადების ტესტი, გასაუბრება და სამედიცინო შემოწმება) და ერთიან ეროვნულ გამოცდებს გაივლიან (ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, მათემატიკა ან ისტორია). გარე მობილობის საშუალებით აკადემიაში მოხვედრა უკვე სტუდენტებსაც შეუძლიათ. აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამჟამად ბაკალავრიატის საფეხურზე მხოლოდ შემოდგომის მობილობა ხორციელდება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის აკადემია დაინტერესებულ პირებს სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს: მენეჯმენტი, ინფორმატიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება. ახალი 2020-2021 სასწავლო წლიდან აკადემიაში მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაც ამოქმედდება. აკადემიის უსაფრთხო, დაცულ გარემოში თანამედროვე და ტექნიკური აპარატურით, სხვა მატერიალური საშუალებებით აღჭურვილ საკლასო ოთახებსა თუ კომპიუტერულ კლასებში იუნკრებს 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლების მიღებისა და კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობა აქვთ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლასთან ერთად უდიდესი ყურადღება იუნკრების ფიზიკურ განვითარებას ეთმობა. აკადემიის ტერიტორიაზე არის თანამედროვე სპორტული კომპლექსი, რომელიც საცურაო აუზს, სავარჯიშო, ხელჩართული ბრძოლისა და კრივის სპორტულ დარბაზებს მოიცავს. თითოეული იუნკერი სხვადასხვა სპორტულ წრეშია ჩართული: ცურვა, რაგბი, ფეხბურთი, ჭადრაკი და სხვ. ასევე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა შემოქმედებით წრეში, იქნება ეს მუსიკალური ბენდი, ხატვის წრე თუ თეატრალური კლუბი”, - დასძენს გამოცემა.

“დღეს მეოთხე კურსის იუნკერი ვარ და სიამაყით ვუყურებ ჩემს განვლილ გზას. ვითვალისწინებ იმ რჩევებსა და გამოცდილებებს, რაც აქამდე მიმიღია. ვეყრდნობი ამ ცოდნას და ჩემს მიზნებსა და მომავალს მკაფიოდ ვხედავ. ახლა იწყება რეალური სირთულეები და გამოწვევები. იუნკრობა მხოლოდ მცირე შესავალი იყო იმ დიდებული და საპასუხისმგებლო საქმისა, რასაც სამშობლოს სამსახური ჰქვია. სწორედ ჩვენ, იუნკრები ვართ ის საფუძველი, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის აღმშენებელი იქნება. ჩვენ ვართ ის ბოძი, რომელიც ურყევად დაიკავებს ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის ხიდს. ჩვენ ვართ ის ფარი, რომელიც უტეხად იდგება საქართველოს სადარაჯოზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იუნკერი ზვიად ურუშაძე.

“საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნის მხრივ განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამას გამოვყოფდი. ამჟამად ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც აბიტურიენტებს მსგავსი მიმართულების პროგრამას სთავაზობს. საბაკალავრო პროგრამების შერჩევაში პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს ენიჭება, თუმცა, იმავდროულად, ვცდილობთ აბიტურიენტებს შევთავაზოთ მათთვის საინტერესო საბაკალავრო პროგრამები. სწორედ ამ მიზნით, მომავალი სასწავლო წლიდან აკადემიაში ამოქმედდება მეოთხე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - მექანიკის ინჟინერია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთას საუბრისას ბაკალავრიატის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი.

“ჯერ კარგა ხანს ვიფრინეთ სამხედრო თვითმფრინავით, შემდეგ კი პირდაპირ ყანდაარის სამხედრო აეროდრომზე ჩავფრინდით. თითქმის ბავშვები ვიყავით, მაგრამ გვაინტერესებდა, რა ხდებოდა ასეთი ავღანეთში, რომ ყველა ამაზე ლაპარაკობდა... იმ დროს უკვე 63 კაცი იყო დაღუპული ჩვენი პოლკიდან, მაგრამ დანაკარგს საბჭოთა ხელისუფლება ასაიდუმლოებდა. ჩავედით თუ არა, აგვიხსნეს, რომ აეროდრომის უსაფრთხოება უნდა დაგვეცვა, პროვინციაში რეიდებზეც გავდიოდით... ერთხელაც ძლიერი გასროლის ხმა გაისმა და ჩემ გვერდით რუსი ჯარისკაცი, ბორის ტიჩკოვი “გაქრა”. მის ადგილას ჩექმები აქეთ-იქით იყო მიყრილი. მაშინ მივხვდი, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში გვიკრეს თავი, – ასე იხსენებს ავღანეთის პირველ დღეებს ყოფილი საბჭოთა 108-ე მოტომსროლელი დივიზიის ჯარისკაცი, 55 წლის ზურაბი. 1988 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა ავღანეთში ომის დასრულებაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ, თუმცა მდინარე ამუდარიაზე გადებული ხიდით ავღანეთის ტერიტორია საბჭოთა არმიის ბოლო შენაერთმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ – 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით მშვიდობით ავღანეთო! - 30 წლის შემდეგ.

“დაბრუნებულთა შორის იყვნენ ქართველი ჯარისკაცებიც, რომლებმაც ავღანეთის ჯოჯოხეთს გაუძლეს, თუმცა ცხოვრებას დღემდე “ომის სინდრომით” განაგრძობენ. ომმა, რომელიც 1979 წლის 27 დეკემბერს ამინის სასახლის იერიშით დაიწყო და მთელი ათი წელიწადი გაგრძელდა, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ბერიანიძის თქმით, საქართველოდან გაწვეული 5 ათასი ჯარისკაციდან 125 დაიღუპა, 4 კი უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ქართველი ვეტერანების ვარაუდით, არ არის გამორიცხული, მათი რამდენიმე თანამებრძოლი დღემდე ტყვეობაშია, მით უფრო, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ქართველმა ავღანელებთან ტყვეობაში ყოფნისას ისლამი მიიღო და ცხოვრება მათ შორის განაგრძო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმ წლებში საქართველოდან ავღანეთში დაახლოებით 8 ათასი კაცი გაიწვიეს, მათგან 5 ათასი ბრძოლებში მონაწილეობდა, დანარჩენი კი საავადმყოფოებში, მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე მუშაობდა. მე კი ვიბრძოდი... თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთადერთი პლუსი, რაც ამ ომს ჰქონდა, ის იყო, რომ საბჭოთა არმიაში “დედოვშჩინისთვის” არავის ეცალა. რამდენიმე მეთაური და სერჟანტი, რომლებიც ჯარისკაცების მიმართ აგდებული და დამამცირებელი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ორმხრივი ცეცხლის დროს დაიღუპნენ და იქ უკვე ძნელი გასარკვევი იყო, ავღანელმა ესროლა თუ თავისიანმა. ეს სხვებისთვის მწარე გაკვეთილი იყო და თანდათან დივიზია ავღანელების წინააღმდეგ შეკრულ ძალად გადაიქცა. ურთიერთობა მშვიდობიან მოსახლეობასთან თავიდან გვქონდა, ეს აუცილებელიც იყო, თუმცა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მათ ჩვენები მოწამლეს. წამლავდნენ წყალს, მდინარეებს, პურსაც კი, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ყველგან დახარბებული იყვნენ და სადაც მოიხელთებდნენ, უარს ვერ ამბობდნენ. სულ გვშიოდა, იყო დღეები, როდესაც მხოლოდ წყალწყალა ჩაის დალევას ვახერხებდით, ორ ნაჭერ პურთან ერთად და ისე ღამდებოდა, რომ მთელი დღე მხოლოდ ტყვიამფრქვევების რახრახისა და დაფლეთილი ადამიანების კადრები დამირბოდა გონებაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავღანეთის ომის ვეტერანი ზურა.

“რომ არ გავგიჟებულიყავით, ჯარისკაცები ვსვამდით, არც სერჟანტები და ოფიცრები ჩამოგვრჩებოდნენ. შეუძლებელი იყო, იქ არ დაგელია და ისე გაგეძლო, რადგან ყოველდღე სიკვდილს უყურებდი თვალებში, შენი მეგობრების სიკვდილს, რომელიც შენგან რამდენიმე ნაბიჯზე იყო. ჯარისკაცები ღამე ძილში ტიროდნენ, როგორც მთვრალები, ასევე ფხიზლები და ეს არავის უკვირდა. ერთხელ სამი რუსი ჯარისკაცი დაიკარგა. ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი სჯობდა, ამიტომ იარაღი არ უნდა დაგეკარგა, უცებ თავის მოკვლა რომ დაგჭირვებოდა, მზად უნდა ყოფილიყავი... ერთი სიტყვით, დაიკარგნენ და რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ერთი მშვიდობიანი ავღანელი, რომელიც რუსულად ძლივს ლაპარაკობდა, მოვიდა და მეთაურობას უთხრა, მოჯაჰედებს თქვენი ჯარისკაცები ტყვედ ჰყავთო... სანაცვლოდ მათი ტყვის გაშვებას ითხოვდნენ, რომელიც მოლა აღმოჩნდა. ოფიცრებმა უსაფრთხოების ზომების დაცვით ის გადასცეს, სანაცვლოდ, ვირზე გადაკიდებული, ფარდაგში გახვეული სამი რუსის ცხედარი დაგვიბრუნეს, შემდეგ თქვეს, რომ ისინი “მოუხარშავთ”, ინფორმაციის ამოსაქაჩად არაადამიანურად აწამეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ლამის მთელი წელი ტყვიამფრქვევთან ერთად ტანსაცმლიანად მეძინა. თითები და მაჯები გაშავებული და დამწვარი მქონდა. საქართველოდან სულ 7 ქართველი და 4 აფხაზი ვიყავით. მაშინაც და სხვათა შორის, აფხაზეთის ომის დროსაც მათთან ვმეგობრობდი. ყველას გვახსოვდა, რომ შესაძლოა ერთ ღამესაც ჩვენი ლოგინიც ცარიელი დარჩენილიყო, ამიტომ მასში მეორე დღესვე სხვა ჯარისკაცს აწვენდნენ, რომ ეს რეალობა მწვავედ არ აღგვექვა. რამდენჯერმე კონტუზია მივიღე. ერთხელ სრულიად მოულოდნელონად თითქოს მიწიდან ამოვიდნენ მოჯაჰედები, 20-მდე იქნებოდნენ, ამ დროს ჯავშანტრანსპორტიორის ახლოს უნდა გვევლო, რომ საფარი გვქონოდა. ჰოდა, დავინახე, როგორ დამიმიზნა ასე 14-15 წლის ბიჭმა ავტომატი და ვიდრე მე გადავტენიდი, ტყვიამ ზურგჩანთასა და მკლავში გამიარა, სისხლძარღვები დამიწყვიტა. მათი აღდგენა ვერ მოხერხდა. იმ დღეს ძალიან დიდი დანაკარგი გვქონდა. მე გადავრჩი და ჯარისკაცებმა “შასტლივჩიკი” შემარქვეს. ერთ დღეს, ვიდრე ყანდაარს დავტოვებდი, ვიღაც თათარი ბიჭის სიმღერას მოვკარი ყური, გიტარაზე უკრავდა და ეს იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის, რომ ლამის ნერვებმა მიმტყუნა. მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება გაიყო - ავღანეთის ომამდე და შემდეგ. დღემდე ასე ვარ”, - დასძენს ზურა.

“ომისა და სიკვდილის მეტი რა მახსოვს, მაგრამ ერთხელ თოვლში მოგვიწია გამკლავებამ... ხაფანგში მოვყევით, სოფელში, თუ არ ვცდები, შინდანდა იყო, შესასვლელად ვიწრო გზა უნდა გაგვევლო. ჯავშანტრანსპორტიორებით მივდიოდით, მაგრამ ხეობა იყო, აქეთ-იქით ხევებით. ასეთ ადგილებს სწრაფად გავდიოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰქონდათ ინფორმაცია და თავსა და ბოლოში მიმავალი ტრანსპორტი აგვიფეთქეს და გავიჭედეთ... უცებ ჩვენ გარშემო მთებიდან თამბაქოსფერ ტანსაცმელში ჩაცმული, თავპირახვეული ავღანელები გაიშალნენ და დაგვცხეს. მახსოვს, კაპიტნის ყვირილი, მანქანებს ნუ მოშორდებითო, მაგრამ დავინახე, როგორ “მიაჭედეს” ჩემგან რამდენიმე ნაბიჯზე ორი ჯარისკაცი. რამდენიმე წუთის განმავლობაში გამაყრუებელი სროლები ისმოდა, შემდეგ კი, ჯავშანტრანსპორტიორებში ჩასხდომა გვიბრძანეს. ამასობაში აფეთქებული მანქანის უკან მომავალ მძღოლს გაჭედილი ჯავშანტრანსპორტიორი გზიდან ჩაუჩოჩებია და გზა განაგრძო. ამან გადაგვარჩინა, თორემ მთელ ასეულს ჩაგვხოცავდნენ. აფეთქებული მანქანები შემდეგ საჰაერო დაცვით გამოათრიეს... შიგნით რა ხდებოდა, იმას აღარ მოვყვები, სულ ვცდილობდი ასეთი კადრების ჩემს თავში დაბლოკვას, მაგრამ ვერ შევძელი და ბოლოს ამ მოგონებებთან ერთად ცხოვრებას შევეგუე”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას 53 წლის თამაზი და შეკითხვაზე - ზოგიერთი იხსენებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მათ მიმართ კეთილგანწყობილი იყო...” - პასუხობს:

“მთლად ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ მაშინ ბავშვებს ახლანდელივით კამიკაძეებად არ იყენებდნენ. ხალხს მოჯაჰედების ეშინოდა. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ იქ მხოლოდ კარგ საქმეს ვაკეთებდით. პუშტუნებით დასახლებულ ტაჯიკებში შევარდა საბჭოთა არმიის ოცეული და უდანაშაულო მოსახლეობა სახლებიდან გარეთ გამოყარა. ის ხალხი შემდეგ ჩვენს მტრებად იქცა და მოჯაჰედებს შეეკვრნენ. უამრავი უხეში შეცდომა იყო, რომელსაც მეთაურობა უცოდინარობის გამო უშვებდა, თუმცა ზოგჯერ, როდესაც ნერვები უმტყუნებდათ, პირდაპირ ჯერს მიუშვებდნენ... ასეთებიც ხდებოდა. ერთხელ პატარა გოგო-ბიჭებმა მანქანის კაბინაში ცეცხლმოკიდებული ბენზინის ავზი შემოგვიგდეს. ასეთ დროს ძნელია დიპლომატიის შენარჩუნება. ცეცხლი რომ არ გაგვეხსნა, ალბათ, ხელყუმბარებითაც “დაგვაჯილდოებდნენ”... სენტიმენტების დრო არ გვქონდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც დავბრუნდი, ყველანაირი ემოცია ერთად დამატყდა თავს. ერთ-ორ ჭიქა ალკოჰოლზე სისასტიკე დამრევდა ხელს, მეუბნებოდნენ, რომ თეთრ ფერზე არანორმალური აგრესია მქონდა და გარშემო ყველაფერს ვლეწავდი. შემდეგ მითხრეს, რომ ეს იყო “ავღანური სინდრომი”, რომელსაც ვერასდროს ვერაფერს მოვუხერხებდი”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა