გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ამ დროისთვის მოხსნილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდთოვლობის გამო, გუშინ საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ამ დროისთვის მოხსნილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ყველა საჭირო ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, შეზღუდვები მოიხსნა და გადაადგილება თავისუფალია შემდეგ მონაკვეთებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ნაქერალას უღელტეხილზე.

უწყების ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები რჩება შემდეგ მონაკვეთებზე: თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ32-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი, ქარი და ნამქერები) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ100 (ჯვარი-ლახამულა) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს