ალექსი პეტრიაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას გეგმავდეს

არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პეტრიაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას და აღნიშნა, რომ მუქარა იკითხებოდა არა მხოლოდ კარასინის განცხადებაში, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლაშიც საქართველოს გააქტიურების თაობაზე და მათ შესაძლო რეაგირებაზე.

„ეს არის კრემლის კლასიკური რიტორიკის გაგრძელება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებს ყველას, უპირველესად, ხელისუფლებას, მაგრამ ასევე საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური მობილიზებაც. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი ახლა ძალიან დაცემულია, და როგორც წესი, პუტინი ამის გამოსწორებას საგარეო ომებით ცდილობს. ბოლო დროს განიხილება უკრაინაზე ახალი სრულმასშტაბიანი შეტევა. ლაპარაკია ბელორუსის "გადაყლაპვაზეც". თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი გეგმავდეს საქართველოში მორიგ აგრესიულ სამხედრო კამპანიას. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ანაკლიის პორტსაც. რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ამაზე უკვე არაერთხელ ილაპარაკეს, შიშობენ, რომ პორტში ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ავიამზიდები შემოვლენ და ა.შ.“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, კრემლს ძალიან არ მოსწონს, რომ საქართველო ინტესიურად ინტეგრირდება ნატო-სთან როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ამიტომ თადარიგი დაიჭირა.

„ასეთი ტიპის განცხადებები ძალიან გახშირდა. ლუგარის ლაბორატორიის საკითხიც ამას ემსახურებოდა. საქართველოს მუდმივად ტონუსში ამყოფებენ. ოფიციალური მოსკოვი ცდილობს უარი ვთქვათ წვრთნებზე, ნატო-ში ინტეგრაციაზე. მე კი ვფიქრობ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავწევრდეთ. რაც მთავარია, ამას საზოგადოების სრული კონსოლიდაცია სჭირდება და არა შიდა დაპირისპირება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება. მისი თქმით, თბილისმა უნდა აირჩიოს, რეგიონული კეთილგანწყობა ან ევროატლანტიკური კურსი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა