დიმიტრი ცქიტიშვილი ბოკერიასთან დაპირისპირებაზე - ხელით შეხებამდე არ მივსულვართ

ხელით გაწევამდე არ მივსულვართ, საბედნიეროდ, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანები ცდილობენ ჩაგვითრიონ და კონფლიქტამდე მიგვიყვანონ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ, გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის თემა არის ძალიან საფრთხილო, მითუმეტეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება და აქედან გამომდინარე, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ღია ყოფილიყო.

„აქ ძალიან ელემენტარულ საკითხებზეა საუბარი. მე ვიტყოდი, რომ შინაარსის განხილვაზეც არ ყოფილა საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტების თემაზე. კონფლიქტის თემა არის ძალიან საფრთხილო თემა, მითუმეტეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრება არის, რომ ესეთი საკითხები შედარებით თავისუფალ გარემოში განვიხილოთ, დახურულ ფორმატში, იმიტომ, რომ შესაძლებელია ისეთ ფორმატში, როგორიც არის ღია, მოხდეს გარკვეული ისეთი ნიუანსების გაჟღერება, რომელიც არ არის სასურველი ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა მიიღოს. თუმცა, აქ საუბარი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პროცედურულ ნიუანსებზე, ელემენტარულ ზრდილობაზე, რომელსაც ჩვენი ოპონენტები არ იცავენ. მოუხედავად იმისა, რომ მივეცით საშუალება თავისუფლად გამოეთქვათ მოსაზრებები, მაქსიმალურად ცდილობენ ორ ხმაში ისაუბრონ. ცდილობენ შოუ დადგან და ნებისმიერი განხილვა და მსჯელობა მიიყვანონ აქამდე. უბრალოდ ელემენტარულ ზრდილობაზე არის ხოლმე საუბარი. ხელით გაწევამდე არ მივსულვართ საბედნიეროდ, მაგრამ რეალურად ეს ზრდილობის ელემენტარული ამბავია, რომელშიც ადამიანები ცდილობენ ჩაგვითრიონ და კონფლიქტამდე მიგვიყვანონ.

ხელით შეხებამდე არ მივსულვართ. იმედია აქამდეც არ მივალთ. მე სხვა ტიპის პოლიტიკური პროცესის მომხრე ვარ. მოწინააღმდეგე ვიყავი ყოველთვის კონლიქტების და ვცდილობ, რომ კონსტრუქციული ვიყო",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა.

სხდომაზე დაძაბულობა კომიტეტის სხდომის დახურვის თაობაზე საკითხმა გამოიწვია. ბოკერია მოითხოვდა, რომ სხდომის მხოლოდ ის ნაწილი დახურულიყო, სადაც ზურაბ აბაშიძეს ღია ფორმატში კითხვებზე პასუხების გაცემა არ შეეძლო, დანარჩენი კი ღია ყოფილიყო, რადგან ქართულ საზოგადოებას ჰქონოდა ინფორმაცია, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ოფიციალური თბილისი მოსკოვთან.

თავის მხრივ, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრება იყო, რომ სხდომა დახურულიყო, რადგან კონსტრუქციულ ფორმატში ემსჯელათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

დაპირისპირების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილი კომისიის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გამოიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა