ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილზე - ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე, მამაჩემის ტოლი კაცია

ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასწავლიდე, მამაჩემის ტოლი კაცია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მისამართით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სერგო მეთოფიშვილსა და ანა დოლიძეს შორის კამათი იმ კვლევის განხილვას მოჰყვა, რომლის მიხედვით მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამივე ინსტანციის სასამართლოში მომხმარებელთა გამოკითხვა ჩატარდა და რომლის თანახმად, გამოკითხულთა 69,5% სრულად ენდობა სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ კვლევა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგებს ანა დოლიძე არაობიექტურს უწოდებს. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კვლევა სასამართლოს არ უნდა ჩაეტარებინა, ვინაიდან ის არის მხარე.

ანა დოლიძის მოსაზრება სერგო მეთოფიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და უპასუხა, რომ კვლევა მართლსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის რეკომენდაციის მიხედვით ჩატარდა. ამასთან, მან დოლიძეს კვალიფიკაცია დაუწუნა.

„კარგი იქნება, როდესაც პრეზიდენტი დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ისე, რომ მას ელემენტარულად, მოსამართლის გამოცდა მაინც ჰქონდეს ჩაბარებული. თუმცა, თუ არ აქვს მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული, კარგი იქნება დაინტერესდეს მაინც, რა ხდება და როცა რაღაცას ამბობს, ელემენტარულად ჰქონდეს იმის უნარი, რომ წაიკითხოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

თავის მხრივ, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძეს მოუწოდა, რომ შესაბამისი უფლებამოსილება შეასრულოს და სერგო მეთოფიშვილს მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები შეაწყვეტინოს.

„ბატონო გიორგი, თქვენ უნდა შეაწყვეტინოთ საუბარი, რადგან ის მე შეურაცხყოფას მაყენებს. ამხელა კაცს ზრდილობას მე არ უნდა ვასაწავლიდე. მამაჩემის ტოლი კაცია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავის მხრივ, გიორგი მიქაუტაძემ ანა დოლიძეს საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „როგორც თქვენ იქცევით, ისე გპასუხობთ“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.