ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას" დღეს ახალი „ნაღმი აუფეთქდა", რომელსაც ჰქვია „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის დღევანდელი გამოსვლა უნდა იყოს ბოლო შემაფხიზლებელი შემოლაწუნება „ქართული ოცნებისთვის", თუ არ გვინდა ისევ რევოლუციურ სცენარზე წავიდეთ, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე „თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლას.

ანა დოლიძის განცხადებით, ქვეყნის უმთავრესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები ხალხის კითხვებს არ პასუხობს. მისი თქმით, ასეთ დროს კითხვებს თავად ხალხი უპასუხებს.

„როგორც ჩანს, დღეს „ქართულ ოცნებას" ახალი „ნაღმი აუფეთქდა". ამ შემთხვევაში ამ ნაღმს ჰქვია „თიბისი ბანკი და მამუკა ხაზარაძე. მთავარი, სისტემური პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოში აღარ რჩება ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ნდობა, რომ ხალხის კითხვებს პასუხს გასცემს. ამ კითხვებს პასუხს ვერ სცემს პროკურატურა, კითხვებს პასუხს ვერ სცემს სასამართლო და დღეს უკვე ჩანს, რომ კითხვები არსებობს ეროვნული ბანკის პოლიტიზირებულობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოში წერია, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ხელისუფლების მისამართით კითხვებს სვამენ და აღარ არის დარჩენილი ინსტიტუტი, რომელიც ლეგიტიმურად უპასუხებს ამ კითხვებს, კითხვებს უპასუხებს თავად ხალხი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას, ანა დოლიძის განცხადებით, კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„სიმართლე გითხრათ, კომისიის შექმნის საჭიროება ცალსახაა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მართალ პასუხს ვერ მივიღებთ ვერც სასამართლოსგან, ვერც პროკურატურისგან და ახლა მივხვდით, რომ ვერც ეროვნული ბანკისგან. ეს მსჯელობა უნდა წარიმართოს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ხალხის მიმართვები პარლამენტის მიმართ ამასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი რჩება ხოლმე. არ მგონია, ირაკლი კობახიძეს და მის ამფსონ ანრი ოხანაშვილს და სხვა რომელიმე ნაცრისფერ პერსონაჟს ჰქონდეს საშუალება, რომ დასხდნენ ხალხის პირისპირ და დაგროვებულ კითხვებს გასცენ პასუხი. ნელ-ნელა მივდივართ პოლიტიკურ ჩიხში, რომელსაც საკმაოდ მტკივნეული დასასრული ექნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.