პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე გიორგი გახარიას

გენერალურ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მან შს მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, დაიბარებენ თუ არა თავად გახარიას საგამოძიებო უწყებაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება.

„მხოლოდ ხაზარაძის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება დანარჩენი საპროცესო მოქმედებების მიზანშეწონილობა და დრო“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.