გიგი წერეთელი - სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს

თუ უმუშევრობის, სიღარიბის, ინვესტიციების ნაკლებობის და სხვა პრობლემული მიმართულებებით ქვეყანამ თავისი ინდიკატორები არ გააუმჯობესა, მაშინ არც ფული იქნება ბიუჯეტში და რაც არ უნდა იძახოთ, „ფული მეტი გვინდა“ - არ იქნება ეს ფული, თუ არ იქნება ქვეყანაში ფულის შექმნის, ფინანსების გენერირების მექანიზმები, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური მუშაობის მიმართულებით კრიტიკისთვის ოპოზიციას ძალიან დიდი სარბიელი აქვს, ვინაიდან ხელისუფლება ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს.

„მთელ მსოფლიოშია ტენდენცია, რომ სოციალური მუშაკების წონა და საჭიროება იზრდება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯები ნამდვილად გადასადგმელია. ვხედავთ, რომ ასეთი სურვილი არსებობს. ნამდვილად არ არის ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიცია ხელოვნურად რაღაც კრიზისებს ქმნიდეს. ოპოზიციისთვის ძალიან დიდი სარბიელია, იმდენი საკრიტიკოა და იმდენ შეცდომას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. ჩემთვის საინტერესო იქნება სოციალური მუშაკების საჭიროებების მოსმენაც, მაგრამ წლების წინ სოციალური მუშაკი ასოცირდებოდა ორ თემასთან - ბავშვის შვილად აყვანა და შშმ პირებისთვის დახმარების გაწევა. დღეს ეს არეალი ძალიან გაფართოვდა, სოციალურ მუშაკს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. კარგია, თუ უფრო მეტი კოორდინაცია იქნება, მაგრამ საჭიროებებზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული. ისე არ არის, რომ ჯერ დახარჯო, და მერე იმაზე იფიქრო, ფული საიდან მოიტანო. ჯერ ფული უნდა მოიტანო და მერე დახარჯო. ის პრობლემები, რაც უკავშირდება მძიმე უმუშევრობას, სიღარიბეს, ინვესტიციების ნაკლებობას, პოლიტიკას, სასამართლო რეფორმას - თუ ამ მხრივ ქვეყანამ თავისი ინდიკატორები არ გააუმჯობესა, მაშინ არც ფული იქნება ბიუჯეტში, და რაც არ უნდა იძახოთ, „ფული მეტი გვინდა“ - არ იქნება ეს ფული, თუ არ იქნება ქვეყანაში ფულის შექმნის, ფინანსების გენერირების მექანიზმები. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამ კომიტეტის წევრი ვიყავი და არადროს მახსოვს, ოდესმე მეთქვას, რომ ფული უნდა მოვაკლოთ ჯანდაცვას ან სოციალურ სფეროს, მაგრამ ხელისუფლების ამოცანაა, ამ ხარჯების საფუძველი შექმნას“, - განაცხადა წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს