აკაკი ზოიძე - საქართველოში ითვლებოდა, რომ ოჯახი არის წმინდა და იქ არავინ ერთმანეთს არ ეხება - დღეს ვხედავთ, რომ ასე არ არის

საქართველოში ითვლებოდა, რომ ოჯახი არის წმინდა და იქ არავინ ერთმანეთს არ ეხება - დღეს ვხედავთ, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ეს თემა ჩაკარგული იყო და ოჯახურ ძალადობას არავინ აქცევდა ყურადღებას.

„საერთოდ არ არსებობდა არც ეს სერვისი. არც ოჯახურ ძალადობას აქცევდა ვინმე ყურადღებას. ჩაკარგული იყო ეს თემა და ითვლებოდა, რომ ოჯახი არის წმინდა და იქ არავინ ერთმანეთს არ ეხება და ამ მხრივ საქართველოში საქმე გადასარევად გვაქვს. დღეს ვხედავთ, რომ ასე არ არის. დღევანდელი მძიმე ვითარება ნაწილობრივ იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა გაააქტიურა ამ მიმართულებით. შსს-მ დაიწყო მიზანმიმართულად ამ თემაზე მუშაობა და მთლიანად გამოავლინა ეს პრობლემა. რამდენიმეჯერ არის გაზრდილი რეგისტრირებული ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა და ამაზე რეაგირების ვალდებულება ჩნდება, რისთვისაც სისტემა მზად არ აღმოჩნდა. თუ ამის საჭიროება არსებობს, ჩვენ მზად ვართ თუნდაც წელსვე გავზარდოთ ბიუჯეტი. თქვენ 2,5 მილიონს ითხოვდით დამატებით, მაგრამ ეს გადის ადმინისტრაციულ ხარჯების კატეგორიაში, შესაბამისად იყო პრობლემა და ჩვენამდე არც კი მოვიდა ეს განაცხადი. თუ საჭირო იქნება, რეკომენდაციაში პირდაპირ ჩავწერთ ამას - ალბათ მილიონზე ცოტა მეტი დასჭირდება, 100 სოცმუშაკი წელსვე რომ დაემატოს“, - განაცხადა ზოიძემ.