გრიგოლ გეგელია - ივანიშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელს ეძებს, არის მოსაზრება, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

„აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ განახლებაში ნეპოტიზმით სახელგანთქმული ყოფილი პრემიერის დაბრუნებას გულისხმობდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

გეგელიას თქმით, ღარიბაშვილი საზოგადოებისთვის ასოცირდება პოლიტიკოსად, რომელმაც უამრავი ნათესავი დაასაქმა.

„ღარიბაშვილის დაბრუნებას ბევრი ელოდა, თუმცა ამის პოლიტიკური ლოგიკა ცოტათი გაურკვეველია. იყო უფრო ოპტიმისტური მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ განახლებაში მართლა განახლებას გულისხმობდა, შინაარსობრივს, ასევე, ახალი სახეების მიზიდვასა და ახალი პოლიტიკის წარმოებას. აღმოჩნდა, რომ თურმე გულისხმობდნენ ნეპოტიზმით სახელგანთქმული ყოფილი პრემიერის დაბრუნებას, რომელსაც სავსებით არ ჰქონდა დადებითი იმიჯი საზოგადოებაში. ცნობილი იყო ისიც, რომ მან დაასაქმა მთელი კლანები, როგორც ღარიბაშვილებით, ასევე თამაზაშვილებით გაავსო მთელი სახელმწიფო აპარატი. აი, ამასთან ასოცირდება ჩვეულებრივ ქართველთა გონებაში ღარიბაშვილი. თუ მისი დაბრუნება „ოცნების“ მხრიდან არის გადარჩენისა და განახლების მცდელობა, ეს მხოლოდ კომიკურია, მეტი არაფერი. გააჩნია, ახლა რას გააკეთებს, მაგრამ დაბრუნება ნიშნავს მისი გავლენების ხელახლა დაბრუნებას აქტიურ, ყოველდღიურ პოლიტიკაში და ამავე დროს, იმასაც, რომ თავის კლანებს თან წაიყვანს პოლიტიკაში. არის ვარაუდი, რომ კობახიძე მიდის პარლამენტიდან, რადგან ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ანტიპათიის გამომწვევი პოლიტიკოსია, ძალიან ბევრი მინუსი „აკრიფა“, ძლიერი უარყოფითი იმიჯი შეიქმნა და ამის გამოსწორება აბსოლუტურად შეუძლებელია, ამიტომ განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოშორდეს აქტიურ პოლიტიკას. ივანიშვილი კი მის შემცვლელს ეძებს, არის მოსაზრება, რომ ეს ღარიბაშვილი იქნება“, - განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ განახლებასა თუ გადარჩენას ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არ ემსახურება და ამისთვის შინაარსობრივი და საკადრო ცვლილებებია საჭირო.

„ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილებას რაციონალური ახსნა არ გააჩნია, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებაში“ უკვე ტენდენციად იქცა ასეთი, რაციონალურობას მოკლებული ქმედებები, მაგრამ აშკარად ვიღაცას სურს ხოლმე ასე. ყველაზე მეტად რაც სჭირდებოდა და სჭირდება „ოცნებას“ გადარჩენისთვის, ეს არის მართლა განახლება, როგორც ადამიანების, ისე შინაარსობრივად. ხოლო თუ ამას ღარიბაშვილით აპირებენ, მაშინ ფრიად ცუდად ყოფილა მათი საქმე. მისმა დაბრუნებამ შეიძლება, ელექტორატის გარკვეულ სეგმენტზე იქონიოს გავლენა, მაგრამ თუ ეს არის „ოცნების“ სტრატეგიული ჩანაფიქრი, ცდებიან. პირველი, ძველი გვარდიის მოზრდილი ნაწილი მმართველი გუნდიდან გავიდა, ხოლო ელექტორატს აღარ სჭირდება „პირველი“ გუნდის არსებობის განცდა, არამედ, მათ სჭირდებათ სამართლისა და სოციალური სამართლიანობის განცდა. ხალხი ობიექტურად საშინელ მდგომარეობაშია და საერთოდ არ ადარდებთ, ღარიბაშვილი დაბრუნდება თუ ვინმე სხვა. მათ ადარდებთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გეგელიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნად გააგრძელებს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს