ივანე მაჭავარიანი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა, რომელიც ბანკის დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, EBRD-ის პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეოთხე ვიზიტია ქვეყანაში. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში და მაღალი შეფასება მისცა ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.

თავის მხრივ, EBRD-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან ბანკის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას და აღნიშნა, რომ EBRD კვლავ გააგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორია.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის საქმიანობა, EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლო პროექტები ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, განათლების სფერო, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სტანდარტებთან დაახლოების გზით.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის განსაკუთრებულ წვლილს ინვესტორთა საბჭოს მუშაობაში, რომლის მიზანია, ქვეყანაში საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები. ასევე, 2017 წელს პირველად, გამოვიდა EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები.

შეხვედრისას განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ნაყოფიერი იქნება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ამ დროისთვის, ბანკის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით, 3.2 მილიარდ ევროს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა