ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდის ინიციატივა, განათლება აქციოს ნომერ პირველ პრიორიტეტად, საუკეთესო პასუხია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე

ჩვენი გუნდის მიერ დღეს გახმოვანებული ინიციატივა, განათლება აქციოს ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად, არის საუკეთესო პასუხი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც მთავრობამ ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო განვითარებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძლიერი განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. განათლებას საქართველოში ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. დღეს, როცა ჩვენს სახელმწიფოს დასახული აქვს ამბიციური მიზანი, გახდეს დასავლური სივრცის, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, შინაარსობრივად დაუახლოვდეს სახელმწიფოებრივი განვითარების დასავლურ სტანდარტებს, განათლების სიტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძელია შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო. მხოლოდ ძლიერი ადამიანური კაპიტალით შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება. განათლება არის სულიერად ძლიერი, ტრადიციების ერთგული და წინსვლაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება. გასული საუკუნის 90-იანი წლების სირთულეებმა ჩვენი ქვეყნის განათლებას ძალიან დიდი დაღი დაამჩნია. ეს პრობლემა აისახა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე. წარმოიშვა ადამიანური კაპიტალის უკიდურესი დეფიციტი, მოიშალა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, მძიმე პრობლემები შეექმნა ქართულ ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, იგი კვლავაც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. ეს გამოწვევები ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ჩვენი გუნდის მიერ დღეს გახმოვანებული ინიციატივა, განათლება აქციოს ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად, არის საუკეთესო პასუხი ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებას შესწევს უნარი ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველაზე განათლებულ ერებს შორის და ამისთვის შესაბამისი ძალისხმევა და შესაბამისი ინიციატივები არის საჭირო.

„ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმა, მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 6%-მდე გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ განათლებაში ყოველწლიურად ჩადებული ინვესტიციის მოცულობა, არის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწრაფ განვითარებას როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურზე. მხოლოდ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზეა შესაძლებელი განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის, სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის სწრაფი დაახლოება დასავლურ სტანდარტებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უპრეცედენტო ინვესტიცია დააჩქარებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას.

კობახიძის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება გარდატეხას შეიტანს სახელმწიფო მმართველობის, პოლიტიკური სისტემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართული ეკონომიკის განვითარებაში, დააჩქარებს სიღარიბის საბოლოოდ დაძლევას და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტით მოსახლეობის უზრუნველყოფას. ეს ინიციატივა ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეუქმნის თვითრეალიზების უპრეცედენტო შესაძლებლობას.

„საქართველოს პარლამენტი, ბუნებრივია, აქტიურად ჩაერთვება იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ამ დასახული მიზნის მიღწევას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ უპრეცედენტო ინიციატივის თაობაზე მსჯელობაში მონაწილეობისათვის. ამ ინიციატივას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწორი და სწრაფი განვითარება. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობას გადაგიხდით დღევანდელ ღონისძიებაზე მობრძანებისათის, მინდა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენგანს წარმატება ვუსურვო ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება