ვახტანგ ძაბირაძე - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ისტორია ვერც მარტივად და ვერც ფრედ ვერ დასრულდება, იგი შეიწირავს ან ხაზარაძეს ან გახარიას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა ხაზარაძის მიერ გადაცემული წერილი, რომელიც მისივე მტკიცებით მას გახარიამ გაუგზავნა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ახლა ქართული პოლიტიკა იმ წერილზეა დამოკიდებული, რომელსაც ლონდონში ექსპერტიზა უტარდება.

ვიდრე ლონდონიდან მივიღებთ პასუხს არის თუ არა წერილზე შსს-ს მინისტრ გახარიას ანაბეჭდები, თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა „თიბისის“ საქმის ირგვლივ ხდება? რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმასაც, რომ წერილიდან ნათლად ჩანს, ხელისუფლებას ინტერესი მედიის მიმართ, კერძოდ, ტვ-პირველის მიმართ ჰქონია...

- როდესაც „თიბისის“ საქმე გახმაურდა, ვგულისხმობ 11 წლის წინანდელი საქმეზე მოკვლევის დაწყებას, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ გამოძიებას სამართლიანობის აღდგენასთან საერთო არაფერი ჰქონდა. გამოითქმოდა ვარაუდები, რომ თითქოს ხელისუფლებას ბანკის ხელში ჩაგდება უნდოდა, ანაც ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ ჰქონდა ინტერესი, მაგრამ ეს ვერსიები დიდად სარწმუნო არ იყო.

ვერსია მას შემდეგ გამყარდა, რაც ცხადი გახდა, რომ ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი წერილით ხელისუფლება არა იმდენად „თიბისი“ ბანკით იყო დაინტერესებული, არამედ იმით თუ რა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ხაზარაძეს და ტვ-პირველის მფლობელ წერეთელს

„თიბისის“ ედავებოდნენ იმ საკითხში, რომელშიც მონაწილეობდა ბიზნესმენი წერეთელი. თუ დამტკიცდებოდა, რომ „თიბისი“ წერეთლის მონაწილეობით თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა, ამით ხელისუფლება ისარგებლებდა. ეს ვერსია მას შემდეგ გამყარდა, რაც ცხადი გახდა, რომ ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი წერილით ხელისუფლება არა იმდენად „თიბისი“ ბანკით იყო დაინტერესებული, არამედ იმით თუ რა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ხაზარაძეს და ტვ-პირველის მფლობელ წერეთელს.

ეს ვერსია იმდენად არის სარწმუნო, რამდენადაც, ყველაფერი რაც ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მხედველობაში მაქვს ხელისუფლების მხრიდან სრული მობილიზაცია, ხაზარაძის გამოსვლა და მხარდაჭერა ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის, ეს ფაქტები, გახმაურებულ წერილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებსა და იდენტურობას ადასტურებს და სერიოზულობისა და რეალურობის საფუძველს უქმნის.

რეალურად დღეს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული არ არის სამი მედიასაშუალება - ტვ-„პირველი,“ „პალიტრანიუსი“ და „კავკასია“. ვერავინ იტყვის, რომ მათ უკან რომელიმე პოლიტიკური პარტია დგას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა

ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. რეალურად დღეს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული არ არის სამი მედიასაშუალება - ტვ-„პირველი,“ „პალიტრანიუსი“ და „კავკასია“. ვერავინ იტყვის, რომ მათ უკან რომელიმე პოლიტიკური პარტია დგას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

ბუნებრივია, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება ცდილობს მედიაზე გავლენის მოპოვებას. ასე იყო ყველა ხელისუფლებების დროს. ახლა გახდა ეს აქტუალური, რადგან ხელისუფლება კარგავს რეიტინგს. როცა ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, ის ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები.

- პროკურატურამ ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ქადაგიძე დაიბარა. რჩება შთაბეჭდილება, რომ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მტკიცებულებით ნაწილში პრობლემები აქვს და ახლა ცდილობს ხაზარაძის წინააღმდეგ მოიძიოს ისინი. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- პროკურატურას „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით რომ სერიოზული პრობლემები აქვს თავიდანვე ნათლად ჩანდა. როგორც ჩანს, 11 წლის წინანდელი ამბავი ხელისუფლებამ წამოწია არა იმისთვის, რომ მართლა გაერკვიათ რა მოხდა მაშინ 17-მილიონიან გადარიცხვასთან დაკავშირებით, არამედ როგორმე თავის გავლენის ქვეშ მოექცია ტვ-პირველი, რომლის მფლობელსაც გადაურიცხა ხაზარაძემ 11 წლის წინ თანხა.

11 წლის წინანდელი ამბავი ხელისუფლებამ წამოწია არა იმისთვის, რომ მართლა გაერკვიათ რა მოხდა მაშინ 17-მილიონიან გადარიცხვასთან დაკავშირებით, არამედ როგორმე თავის გავლენის ქვეშ მოექცია ტვ-პირველი, რომლის მფლობელსაც გადაურიცხა ხაზარაძემ 11 წლის წინ თანხა

როგორც ჩანს, პროკურატურას „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით ხელმოსაჭიდი ბევრი არც არაფერი აქვს. თავიდან ხელისუფლებას ამ თემით უნდოდა ხაზარაძისა და წერეთლის დაშანტაჟება. როცა ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, ის შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ახლაც ეს ხდება.

როცა ხელისუფლება რეიტინგს კარგავს, ის შეცდომას შეცდომაზე უშვებს

პროკურატურას არ უნდა გამოექვეყნებინა ხაზარაძის წერილი, მაგრამ მან იფიქრა, რომ წერილის გამოქვეყნებით ხაზარაძეს გააშავებდა იმის მტკიცებით, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაღაც ტექსტის აკრეფა ქაღალდზე და პროკურატურაში მტკიცებულებად წარდგენა. მით უმეტეს, რომ მას ხელს არავინ აწერს და არც თარიღია დასმული. პროკურატურას არ უფიქრია იმაზე, რომ ხაზარაძეს ამ წერილთან დაკავშირებით კიდევ სხვა ფაქტები ჰქონდა.

- თუ წერილზე შს-ს მინისტრ გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდა, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- ლონდონში გაგზავნილი წერილი უკვე არის მოქმედებაში მოყვანილი ნაღმი. ამის იგნორირებას ვერავინ ვერ შეძლებს. ეს ნაღმი აუცილებლად აფეთქდება. ეს ახლა მხოლოდ დროის საქმეა.

თუ ლონდონში გაგზავნილ წერილზე გახარიას ხელის ანაბეჭდები აღმოჩნდება, ამით გახარიას პოლიტიკური კარიერა დასრულდება... თუ წერილზე გახარიას ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში ხაზარაძე დასრულდება როგორც ბიზნესმენი

თუ ლონდონში გაგზავნილ წერილზე გახარიას ხელის ანაბეჭდები აღმოჩნდება, ამით, როგორც მინიმუმ, გახარიას პოლიტიკური კარიერა დასრულდება. „ოცნება“ მას გაუშვებს თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინაიდან შინ და გარეთ მის მიმართ, როგორც შს მინისტრის მიმართ ნდობა იქნება დაკარგული. თუ წერილზე გახარიას ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში ხაზარაძე დასრულდება როგორც ბიზნესმენი.

თუ წერილზე გახარიას ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, პროკურატურას ქადაგიძის აღარც დაბარება დასჭირდება და ამ საქმეზე დიდი კვლევა-ძიება. უბრალოდ, ჩამოყალიბდება აზრი, რომ ეს არის მოგონილი და ხაზარაძე ცდილობს თავის გადარჩენას.

„თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით ისტორია ვერც მარტივად და ვერც ფრედ ვერ დასრულდება, ის შეიწირავს ან ხაზარაძეს ან გახარიას. თუ ამ საქმემ ხაზარაძე შეიწირა, პრობლემები ექნება „თიბისის“ და ბევრ ბიზნესსტრუქტურას. თუ გახარია დამარცხდა, ხელისუფლებას გაუჩნდება პრობლემები, ვინაიდან იგი სერიოზულ ჭაობში ჩაფლული აღმოჩნდება.

- თუ გახარიას წასვლასაც არ გამორიცხავენ, ამისთვის ხომ არ იქნა დაბრუნებული პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი?

- როგორც კი ღარიბაშვილი ისევ გამოჩნდა „ოცნებაში“, ჩემი ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ იგი შს მინისტრი გახდებოდა, ვინაიდან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ გახარია პრემიერი გახდებოდა.

არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში სწორედ შსს-ში გახარიას ჩასანაცვლებლად დააბრუნეს

ღარიბაშვილი დაასრულებდა „ოცნებიდან“ იმ არასასურველი პირების ჩამოშორებას, ვინც ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო და პარტია დაიწყებდა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას. მას შემდეგ, რაც ლონდონში გაგზავნილი წერილის ამბავი გახდა ცნობილი და მართლაც აღმოჩნდა, რომ ამ წერილზე გახარიას ანაბეჭდებია, „ოცნებას“ სერიოზული პრობლემები შეექმნება. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამიტომაც დააბრუნეს პოლიტიკაში ღარიბაშვილი.

- ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა - „პრაქტიკულად, ივანიშვილი თავისი 7-წლიანი ძლევამოსილი მმართველობის შემდეგ ირმა ინაშვილს ბარდება... ქალბატონ ირმა ინაშვილს საფუძველი აქვს იზეიმოს, რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკური ხედვები „პატრიოტთა ალიანსთან“ თანხვედრაში მოდის.“

იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი უსუფაშვილი ბატონ ღარიბაშვილს კარგად იცნობს, იგი ამგვარ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა...

- ალბათ, უსუფაშვილმა უფრო მეტად უნდა დააზუსტოს თუ რას გულისხმობს. ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო და შემდეგ პრემიერი. საინტერესოა, რომელ ეტაპზე ჰქონდა ღარიბაშვილს ალიანსის მსგავსი ხედვები.

ღარიბაშვილი შსს-ს კარგი მინისტრი იყო, მან შეძლო შეენარჩუნებინა და დაეჭირა სისტემა, რაც არც ისე ადვილი იყო

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, მე ვერ ვხედავ, რომ მათ ჩამოყალიბებული იდეოლოგია ჰქონდეთ. არ ვგულისხმობ ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით გაუგებარ განცხადებებს.

ჩემი აზრით, ღარიბაშვილი შსს-ს კარგი მინისტრი იყო, მან შეძლო შეენარჩუნებინა და დაეჭირა სისტემა, რაც არც ისე ადვილი იყო. მის შემდეგ, სანამ გახარია გამოჩნდებოდა, ფაქტობრივად შსს-ს კარგი მინისტრი არც ჰყავდა. რაც შეეხება მის პრემიერობას, ის კარგი პრემიერი ვერ იქნებოდა, ვინაიდან ამ საქმისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო, იყო გამოუცდელი.

- პოლიტიკაში ღარიბაშვილის შემდეგ მან ბევრ კითხვაზე კი გასცა პასუხი, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა და შემდეგ მობრუნება ივანიშვილს უკავშირდება და საერთოდ, ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურა ივანიშვილია.

თუ დამტკიცდა, რომ წერილზე გახარიას ხელის ანაბეჭდებია, თქვენი აზრით, ეს როგორ აისახება ივანიშვილზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელსაც ჩვენში ყველა პოლიტიკური პროცესი უკავშირდება?

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება. ივანიშვილი კარგავს რეიტინგს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში გადამწყვეტი როლი ივანიშვილის მოწოდებამ შეასრულა ცდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში ივანიშვილის მოწოდებას მეათეხარისხოვანი რამ გახლდათ.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილისა და „ოცნების“ რეიტინგი აგრძელებს ვარდნას და კაცმა არ იცის ის სად გაჩერდება

საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ“ იმის გამო გაიმარჯვა, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდოდა „ნაციონალების“ დაბრუნება, არჩევნებზე წავიდა და ხმა ზურაბიშვილს მისცა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ივანიშვილის მიმართ ჭარბი ნდობის მითი დაამსხვრია. იგი თითქმის წელია რაც დაბრუნდა პარტიაში, მაგრამ ახლაც ძნელია იმაზე საუბარი, რომ „ოცნება“ როგორც პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა.

უამრავი ფაქტორი მიუთითებს რომ ივანიშვილი რეიტინგს კარგავს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილისა და „ოცნების“ რეიტინგი აგრძელებს ვარდნას და კაცმა არ იცის ის სად გაჩერდება.

„ქართული ოცნების“ შეცდომა ისაა, რომ შეუძლებელია ორ წელიწადში აღადგინო რეპრესიული სისტემა. ვსაუბრობ ჩამოყალიბებაზე და არა აღდგენაზე. „ნაცმოძრაობა“ ამ სისტემას 2004 წლიდან 2011 წლამდე აშენებდა და არჩევნებზე ამან მათ ვერ უშველა. რეპრესიული სისტემის აღდგენით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა არის ფუჭი გასროლა.

მათ სხვა გზა უნდა ეძებნათ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სხვა გზას ვერ პოულობენ. პოლიტიკაში დააბრუნეს ადამიანი, ღარიბაშვილს ვგულისხმობ, რომელიც სიხისტით გამოირჩეოდა.

- ფაქტია, რომ შიდა პოლიტიკაში პროცესები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ როგორც ჩანს, ცხელი გაზაფხულიც გველის და არც ისე მშვიდი პერიოდი 2020 წლამდე...

- ნამდვილად ასეა. მოსალოდნელი იყო პროცესები სწორედ ამ მიმართულებით რომ განვითარდებოდა, მაგრამ მთლად თუ ასე სწრაფი ტემპით განვითარდებოდა, მაინც არ მეგონა.

„ქართული ოცნების“ შეცდომა ისაა, რომ შეუძლებელია ორ წელიწადში აღადგინო რეპრესიული სისტემა. ვსაუბრობ ჩამოყალიბებაზე და არა აღდგენაზე. „ნაცმოძრაობა“ ამ სისტემას 2004 წლიდან 2011 წლამდე აშენებდა და არჩევნებზე ამან მათ ვერ უშველა. რეპრესიული სისტემის აღდგენით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა არის ფუჭი გასროლა

უკვე საეჭვოა შეძლებს თუ არა „ოცნება“ 2020 წლამდე ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. თუ ასე გაგრძელდა და ასეთი სისწრაფით დაიწყო მმართველი გუნდის რღვევა, შესაძლოა, პროცესები უმართავი გახდეს და სრულიად არაორდინალური ვითარება მივიღოთ.

თუ ასე გაგრძელდა და ასეთი სისწრაფით დაიწყო მმართველი გუნდის რღვევა, შესაძლოა, პროცესები უმართავი გახდეს და სრულიად არაორდინალური ვითარება მივიღოთ

ზოგადად, ქვეყანასა და ხელისუფლებაში ცუდი ვითარებაა. სამწუხაროდ, ამ ვითარებიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ვისურვებდი მშვიდობიანად მიგვეღწია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. თუ ეს ვერ მოხერხდა, ეს იქნება ცუდი ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს