საგარეო უწყება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, გამგზავრებამდე დოკუმენტები მოაწესრიგონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს კიდევ ერთხელ მიმართავს, გამგზავრებამდე დოკუმენტები მოაწესრიგონ.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი. შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს, გამგზავრებამდე მოაწესრიგოთ უკლებლივ ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთისთვის.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში და ჩამოთვლილია ის საბუთები, რაც უვიზოდ მგზავრობისთვის არის საჭირო:

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

სასტუმროს მოქმედი ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.

ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდაკანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

გთხოვთ, თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს!

კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ: ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ: ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.), ასევე მოწვევის წერილი მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ: იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში.

სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;

მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს