ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი წარადგინა

დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, მაღალი ხარისხის გამჭვირვალობის გარანტიებს ქმნის და საზოგადოებაში პროცესისადმი ნდობის აღდგენას უზრუნველყოფს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც ამ კანონპროექტს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტისგან განასხვავებს, იქნება ის, რომ კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის მატარებელი გახდა და რომელმაც სერიოზული პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია, არის სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და კრიტერიუმები.

პირველ რიგში, ეს არის ღია და საჯარო კონკურსი. ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეს სტანდარტები გახლავთ: ასაკი -30 წელი, იურიდიული განათლება, 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამას ემატება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც არის: სპეციალური კითხვარის შევსება. ეს კითხვარი მოამზადა არასამთავრობო სექტორმა "კოალიცია გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის" და ჩვენ გავიზიარეთ მათი შემოთავაზება. ამავე დროს, ამ ინიციატივით იუსტიციის საბჭოსთვის დადგენილი იქნება კვორუმი, ანუ საჭირო იქნება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატების სია. იუსტიცის საბჭო შეამოწმებს რა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობას და ის ამ სიას წარუდგენს პარლამენტს. მთავარი პროცესი დაიწყება პარლამენტში. ჩვენი კანონპროექტით შემოთავაზებული, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები. მასში იქნებიან სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ისინი იმუშავებენ ამ კანდიდატების დეტალური ინფორმაციის მოგროვებასა და დასკვნების დაწერაში. სამუშაო ჯგუფის შემდეგ უკვე კომიტეტი იწყებს თითოეული კანდიდატის განხილვას. ამის შემდეგ გაიცემა დასაბუთებული წერილობითი რეკომენდაციები და გადაეცემა ეს სია პარლამენტს, რომელიც კენჭს უყრის მაღალი კვორუმით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებში მონაწილეობდნენ პროფესიული წრეების წარმომადგენლები, იურისტები; სფეროს ექსპერტები; ადვოკატთა ასოციაცია; იურიდიული ფირმების გაერთიანება; კოალიცია ,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“.

კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხილვები შედგა ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის , პროექტ „პროლოგის“ USAID წარმომადგენლების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. მათი რეკომედაციები და მოსაზრებები იქნა გაზიარებული.

კანონპროექტს ხელს აწერს 13 დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა