უზენაესი სასამართლოს პასუხი საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გადაეგზავნება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პასუხი საპატრიარქოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გადაეგზავნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საკითხის შესწავლა უკვე დაწყებულია.

„საკითხი შესწავლის პროცესშია. მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მომავალ კვირას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას დასაბუთებული პასუხი გადაეგზავნება საქართველოს საპატრიარქოს. ეს შეიძლება იყოს ორშაბათიდან - ოთხშაბათამდე პერიოდში“, - აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართავს.

„მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას, მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილ განცხადებაში.