საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტისას, ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ასევე პატივი მიაგო ანტაკალნისის სასაფლაოზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას.

დათიკო მაჭავარიანი 1918-1921 წლებში მონაწილეობდა ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ.

1921 წელს მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალ საქართველოს მთავრობას დათიკო მაჭავარიანი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბრძანებით გაჰყვა და პოლონეთში, ქალაქ ვილნოში ცხოვრობდა, მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში.

პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში.

დათიკო მაჭავარიანი 1932 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.

დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე (ანტაკალნე), ლიეტუვის თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა