ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2019

საგანგებო შეხვედრა "ოცნებაში“ ღარიბაშვილის გარეშე: "პარტიაში ექსპრემიერის დაბრუნება კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს“

"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა - ღარიბაშვილი პარტიაში ცვლილებებს დაიწყებს" - კვესელავა

***

საგანგებო შეხვედრა "ოცნებაში“ ღარიბაშვილის გარეშე: "პარტიაში ექსპრემიერის დაბრუნება კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს“

"ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრისთვის შესაძლოა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნება საკმაოდ ცუდი სიურპრიზი აღმოჩნდეს. ანალიტიკოსების ნაწილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ე.წ. ახლების ჯგუფს მისი პარტიაში გამოჩენა ნაკლებად უნდა გახარებოდა. ვარაუდობენ, რომ პარტიაში ყოფილი პრემიერის გამოჩენა სიტუაციას კი არ განმუხტავს, პირიქით, უფრო დაძაბავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საგანგებო შეხვედრა "ოცნებაში“ ღარიბაშვილის გარეშე: „პარტიაში ექსპრემიერის დაბრუნება კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს“

"ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილს ის რაღაცებს უკეთ დაულაგებს, ვიდრე შეიძლება აქამდე კობახიძე ულაგებდა. რადგანაც კობახიძის ავტორიტეტი პარტიაში დაბალია, ივანიშვილმა მისთვის კონკურენტის შემოყვანა გადაწყვიტა. ღარიბაშვილის ხისტი ხასიათიდან გამომდინარე კი, რომელმაც, როგორც გამოჩნდა, კიდევ ვერაფერი ისწავლა, „ოცნებაში“ კრიზისის გაღრმავებას უნდა ველოდოთ. ღარიბაშვილის ქმედება იმაზე იქნება დამოკიდებული, ივანიშვილისგან რა დოზის მხარდაჭერას მიიღებს. პარტიის ყოფილი წევრები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ კობახიძეს და კალაძეს ღარიბაშვილთან არც თუ კარგი ურთიერთობა აქვთ. ღარიბაშვილის პარტიაში მისვლა დროებითი ეფექტის მომცემი იქნება და ეს ე.წ. ძველების „ოცნებიდან“ წასვლის პროცესს ჯერჯერობით შეაჩერებს. ღარიბაშვილის პარტიაში გამოჩენის პარალელურად კი პრემიერმა „ოცნებაში“ საგანგებო თათბირი ჩაატარა. ბრიუსელიდან დაბრუნებული მამუკა ბახტაძე 7 მარტს დილით პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა. როგორც ცნობილია, პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს, ფინანსთა მინისტრს, განათლების მინისტრსა და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილს შეხვდა. უცნობია, რა იყო შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა და უკავშირდება თუ არა ის პარტიაში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობას. ბახტაძე საქართველოში არ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თავად ღარიბაშვილი კი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში არ გამოჩენილა, ის არ იმყოფებოდა არც პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე იყო. მმართველი პარტიის უხუცესი დეპუტატი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს. "არის ახალი წინადადებები განათლების ხარისხის თვალსაზრისით. იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ჩამორჩენილი ვართ,“ - ამბობს რევაზ არველაძე. "ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი ხელისუფლების გაძლიერებაში, ქვეყნის განვითარებაში,“- ეს განცხადება პარლამენტის თავჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების გაძლიერებაში ექსპრემიერის და ახლა უკვე "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, ღარიბაშვილს აქვს დიდი რესურსი, რომ პარტიის გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს. „ჯერ კიდევ შარშან პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, რომ არის ქმედითი ნაბიჯები გადასადგამი პარტიის გასაძლიერებლად და ბუნებრივია, ამ კუთხით ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. პარლამენტში რაიმე არსებითი ცვლილებები არ იგეგმება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, - განაგრძობს გამოცემა.

"ღარიბაშვილის პარტიაში გამოჩენას კი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი არმაზ ახვლედიანი „ოცნების“ დასასრულად მიიჩნევს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ძალიან გაუჭირდა რადგან ირაკლი ღარიბაშვილი მოაბრუნა. თუმცა არმაზ ახვლედიანის თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება შედეგს არ მოუტანს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილი პირიქით, პარტიაში შექმნილ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. „რა შეიცვალა, გაიზარდა ღარიბაშვილი პოლიტიკურად? ისწავლა შეცდომებზე? რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ ის ხდება, რომ ივანიშვილს სჭირდება ახლა ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკურად ქურდული ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ვინც რაღაცებს დაულაგებს უკეთ ვიდრე შეიძლება აქამდე ულაგებდა კობახიძე. კობახიძე ძალიან მონდომებულია, როგორ არ ცდილობს დაულაგოს, მაგრამ მისი ავტორიტეტი ვერ შედგა. განწყობა ნათლად გამოიხატა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როცა მას უთხრეს, რომ შენ პოლიტიკურად შიშველი ხარ. და თუ ივანიშვილის ჰგონია, რომ ღარიბაშვილის სადამსჯელო რაზმის შემოყვანით ახლა პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ოდნავ მაინც მისთვის სასიკეთოდ ან ტაქტიკურად ან სტრატეგიულად რამე შეიცვალოს, ის ცხადია მწარედ ცდება. ამ თავისი არასწორი, უგუნური გადაწყვეტილების შედეგს სულ მალე დაინახავს,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. ანალიტიკოსი გია ნოდია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რა მიზანს ემსახურება რეალურად, ეს თავადაც არ იცის. ივანიშვილი მას სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენებს. მას რა ხარისხის მხარდაჭერაც ექნება ივანიშვილისგან პარტიაში, სიტუაციის დალაგებას იმ შესაძლებლობით შეეცდება. ღარიბაშვილი ვინმეს გამაერთიანებელი ვერ იქნება და პირიქით, მას პარტიაში დისციპლინის გატარება მოუწევს. ნოდია ვარაუდობს, რომ ის ან კობახიძის ან კიდევ კახა კალაძის კონკურენტი იქნება, რომლებისთვისაც მისი პარტიაში გამოჩენა, სავარაუდოდ, დიდი სიუპრიზი უნდა იყოს. „წარმოდგენა არავის აქვს, რეალურად „ოცნებაში“ რა შეიძლება მოხდეს. ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა პარტიაში, ვიდრე ეს ღარიბაშვილის წასვლამდე იყო. ასევე არავინ იცის მან ივანიშვილისგან რა სახის დავალება მიიღო. ისიც არავინ იცის, რამდენად ენდობა მას. როგოც ჩანს, მის გამოჩენას, თავად პარტიის წევრებშიც დიდი გაურკვევლობა მოჰყვა. ვნახეთ, რომ პრემიერი საერთოდ საქართველოშიც კი არ იყო, ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ისე დაინიშნა. არ მგონია თავად ღარიბაშვილმა და კობახიძე-კალაძემაც იცოდნენ, რა გამოუვათ ან რა არ გამოუვათ. რა თქმა უნდა, პარტიაში ყველა თავის გავლენის გაძლიერებას ეცდება, თუმცა დამოკიდებული ყველაფერი მაინც იმაზეა, ივანიშვილისგან ვის რა მხარდაჭერა ექნება“, - დასძენს გამოცემა.

"მისი აზრით, თუ ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი გახდა და პარლამენტში შევიდა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა ვარაუდი, რომ ის შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო. მაშინ ის კობახიძის მეტოქე გამოდიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მას უფრო პარტიის შიგნით ამ ეტაპზე სიტუაციის დალაგება დაევალა და უფრო კალაძის მეტოქედ უნდა მოვიაზროთ. ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან“ ამბობს, რომ ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, პარტიაში ე.წ. ახლების ლიბერალური ფრთის გავლენის შესუსტებას დაიწყებს. თუმცა ამ ეტაპზე 2020 წლისთვის ღარიბაშვილი ივანიშვილის დავალებით ყველასთან ურთიერთობის დალაგებას და ე.წ. ახლების და ძველების შერიგებას შეეცდება. ეს ამ ეტაპზე პარტიიდან ე.წ. ძველი გვარდიის გადინებას დროებით შეაჩერებს. პარალელურად კი ახალი სახეების მოძიება დაევალება, რომლებიც 2020 წლისთვის „ოცნების“ რიგებს შეავსებენ. კაკაჩია არც იმას გამორიცხავს, რომ რეიტინგების დათვლის შემდეგ, თუკი აღმოჩნდა, რომ კობახიძის ჯგუფი პარტიის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს, მათაც პარტიიდან გაუშვებს. მისი აზრით, ღარიბაშვილის ყველა ქცევა იმაზე იქნება დამოკიდებული, ივანიშვილისგან რა სახის დავალებებს მიიღებს. „მგონია ღარიბაშვილის მთავარი დავალება ამ ეტაპზე ის იქნება, რომ მან ახლებსა და ძველებს შორის ბალანსი დაამყაროს. შეიძლება რაღაც ხედვებში აცდენები იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე გუნდს ივანიშვილი აკონტროლებს. რომელ მხარესაც უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება, იმ მხარის მოქმედება უფრო აქტიური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი არ არის გამაერთიანებელი ლიდერი, ივანიშვილმა მაინც ჩათვალა, რომ ის ე.წ. ძველებსა და ახლებს შორის რაღაც მაშველი რგოლი იქნება, რომელიც პარტიაში დაწყებულ კრიზისს შეაჩერებს. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელი კარზეა მომდგარი, მაინც მგონია, რომ ახლები ღარიბაშვილთან საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან და მასთან ასე ღია ომში არ შევლენ. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მას ივანიშვილისგან მხარდაჭერა ექნება. ამიტომაც მგონია, რომ ის ახლა ახალი სახეების შემოყვანით დაკავდება და ყველა ფორმით სიტუაციის დარეგულირებას შეეცდება“, - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან“. რაც შეეხება იმას, რა უნდა თავად ღარიბაშვილს და რა დავალება მიიღო ივანიშვილისგან, მან განაცხადა, რომ პარტია გაერთიანებისა და გაძლიერების ახალ ეტაპზე გადადის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადოს. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც ჩვენი დამფუძნებლების, ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და ჩვენი თანაპარტიელების, პირველი თაობის, ასე ვთქვათ, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში და გაძლიერება ჩვენი პარტიის, აი, ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა“, - განაცხადა 5 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ გადაცემაში "რეაქცია“, - წერს სტატიის ავტორი.

"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა - ღარიბაშვილი პარტიაში ცვლილებებს დაიწყებს" - კვესელავა

"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ რამდენიმე კიდევ შემონახული აქვს. იმედია, უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებზე. აღსანიშნავია, რომ მან ღარიბაშვილის დაბრუნება "რეზონანსთან" რამდენიმე თვის წინ ჩაწერილ ინტერვიუში იწინასწარმეტყველა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა - ღარიბაშვილი პარტიაში ცვლილებებს დაიწყებს" - კვესელავა

"იგორ კვესელავას თქმით, დაახლოებით 6 თვის წინ გავაკეთე პროგნოზი, რომ ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დააბრუნებდა და ამას ხშირად ვიმეორებდი. ჩემს ამ მოსაზრებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ გამართლდა და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. შემთხვევით არაფერი ხდება და არც ივანიშვილი დაბრუნდა შემთხვევით პოლიტიკაში, იგრძნო, რომ მის პროექტს, მის მონაპოვარს, "ქართულ ოცნებას", საფრთხე ემუქრებოდა და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო. დღეს არც ქვეყნისთვის და პირადად მისთვის, მთავარი არ არის პარტიის გადარჩენა, პარტიები იშლება და ახლები იქმნება. დღეს მთავარი არის ხელისუფლების მიერ აღებული კურსის გადარჩენა, ეს არის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. 25 წლის მანძილზე ყველა ხელისუფალი ამბობდა, რომ საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს საშინაო პოლიტიკას, გარდა ზვიად გამსახურდიასი, რომელიც ამბობდა, რომ სწორედ საშინაო პოლიტიკა განსაზღვარავს საგარეო პოლიტიკას. რაც ჩვენ დავინახეთ, საშინაო პოლიტიკაში შედეგი ვერ მივიღეთ და ამიტომაც არ გვაქვს სრული შედეგი საგარეო პოლიტიკაში“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამ ახალგაზრდებს, კობახიძე და მის გუნდი მყავს მხედველობაში, მართლაც ჰქონდათ თავისი ხედვა და შემართება, თუმცა არ ჰქონდათ გამოცდილება. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და მითხარით, რა გამოცდილება აქვს ირაკლი კობახიძეს. ივანიშვილი ეძებს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან და იწყებს მუშაობას 2020 წლისთვის, მას სჭირდება გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც ენდობა. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც საკმაო გამოცდილებაც აქვს და ეროვნული კაცია. დიდი შედომებიც არ დაუშვია და ძალიან მოკრძალებულად წავიდა. ამ ხნის მანძილზე სამდურავი სიტყვა არ დაუძრავს, დუმილს კი ოქროს ფასი აქვს პოლიტიკაში. რადაგან მას პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა ჩააბარეს, ბუნებრივია, რომ ცვლილებებს სწორედ პარტიიდან დაიწყებს. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მის გარშემო ჩამოყალიბდეს სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც 2020 წლის არჩევნებს მოიგებს. "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ევროპულ საქართველოსთან" კომპრომისი არ გამოვა, თუმცა სხვა დანარჩენ პარტიებთან საერთო ენა უნდა მოძებნოს და სხვა კალაპოტი მისცეს ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს. პირველი ნაბიჯი ალბათ რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების გამყარება იქნება, რომელთა მუშაობაც ადგილებზე ძალიან სუსტია და ამის შედგი ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. მაჟორიტარებსაც არ მოუკლავთ თავი მუშაობით, წელიწადში ერთხელ თუ ჩავლენ და მაშინაც რას აკეთებენ... პარლამენტში არ დადიან და რაიონებში ივლიან, 50 სხდომიდან 40-ს რომ გააცდენ, ძნელია დაიჯერო, რომ ქვეყანაზე ზრუნავენ“, - დასძენს გამოცემა.

"პირველ რიგში ალბათ ყველა სფეროში საკადრო პოლიტიკაა მისახედი, ახალი კადრებია საჭირო. პარტიის შემდეგ ცვლილებები დაიწყება მთავრობაშიც და აქტიური მუშაობა ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით. ქვეყანაში პროლეტარების ფენა გაჩნდა, 250 ათასზე მეტი პროლეტარი გვყავს, საშუალო ფენა აღარ არსებობს, გვყავს ერთი მუჭა მილიონრები, რომელთაც უნდათ მართონ ქვეყანა. ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება. ცვლილებები ძალიან მალე უნდა დაიწყოს, რომ ხალხმა თავის თავზე იგრძნოს ის სიკეთე, რაც "ოცნებას" და მის ხელმძღვანელობას აქვს ჩაფიქრებული. ივანიშვილმა ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა და ალბათ კიდევ აქვს შემონახული. იმედია, რომ უახლოეს მომავალში ბევრი სასიკეთო საქმის მომსწრე გავხდებით“, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა