აჭარამ ქალ მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა

აჭარამ ქალ მეწარმეთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლა. ტრადიციად ქცეული ღონისძიება ბათუმში მესამედ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

„აღნიშნული ფორუმი ბიზნესში ჩართული ქალბატონებისთვის კომუნიკაციის ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ერთმანეთის გამოცდილებას, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია ბიზნესში ქალთა ჩართულობის კუთხით არსებული პროგრამების შესახებ.

თუკი წინა წლებში, ბიზნეს-ფორუმი პანელური დისკუსიების ფორმატში ტარდებოდა, წელს უპირატესობა ტრენინგებს მიენიჭა, რაც თავად მონაწილე ქალბატონების მოთხოვნა იყო. ტრენინგების თემატიკაც მათი საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ტრენინგების მონაწილე ქალბატონებს გაუზიარეს ინფორმაციები იმის შესახებ, როგორ დაბრენდონ პროდუქცია, როგორ გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი და როგორ ითანამშრომლონ ფინანსურ ინსტიტუტებთან. ტრენინგებს უძღვებოდნენ გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფონდი ,,შპარკასე საქართველო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად, ყოველ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს იმართება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

„მოხარულები ვართ, რომ მეწარმე ქალთა ბიზნეს-ფორუმი უკვე ტრადიციად იქცა. ეს ღონისძიება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მეწარმე ქალებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო სერვისების, დაფინანსების წყაროებისა და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციები სპეციალურად ქალბატონებს სთავაზობენ. კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაეცნონ ერთმანეთს და გამოცდილებაც გაუზიარონ. ქალთა ჩართულობა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აჭარის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

„ღონისძიების დასკვნით ნაწილში წარმატებული ქალი მეწარმეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციების ქსელი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა. ღონისძიებას საფუძველი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მერსი ქორფსის ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის” ფასილიტაციით ჩაეყარა“, - ნათქვამია სავაჭრო პალატის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა