„ლევან გოგიჩაიშვილის სინდრომი“ სხვა სინდრომებზე არანაკლებ ნეგატიურია (R)

პარლამენტარმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ხუთშაბათის გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ბიზნესში ჩხარტიშვილის სინდრომი ყველა წესის დარღვევით, მაქსიმალური სარგებლის მიღებას ნიშნავს და ნეგატიურია. ასევე, მან აღნიშნა, რომ მოიგო პატივისა და ღირსების შელახვის საკითხზე ვანო ჩხარტიშვილის მიერ მის წინააღმდეგ ინიცირებული სასამართლო.

სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, სიმართლეში გარკვევის ნაცვლად, ტირაჟირებას უკეთებს ნაციონალი პიარშიკების მიერ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციისთვის წლების წინათ შემოგდებულ ისეთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორიცაა ე. წ. საბჭოთა ანაბრებისა თუ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების მითვისების თემა.

ლევან გოგიჩაიშვილი, ნაციონალების ამ ნარატივების გახმოვანებაში, არც პირველია და არც უკანასკნელი. ამიტომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ყბადაღებული საბჭოთა ანაბრების თემა 2000-იან წლებში მაშინ გაჩნდა, როცა ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს. ის დაუპირისპირდა ახალგაზრდა მოქკავშირელებს, რომლებიც ბიუჯეტის ხელოვნურად ჩაგდებით ქვეყანაში კრიზისს აღრმავებდნენ. მათ მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სააკაშვილმა ჩხარტიშვილს შევარდნაძის ჩამოგდებაში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. დილით გაზეთები აჭრელებული იყო სტატიებით ვანო ჩხარტიშვილის მიერ საბჭოთა ანაბრების მითვისებაზე. შეთქმულებს ჩხარტიშვილის „გასაშავებლად“ თადარიგი დაეჭირათ და ეს მასალები უკვე მაშინ იბეჭდებოდა, როცა მას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას სთავაზობდნენ. იმ დღიდან გახდა მოქკავშირელთა ახალგაზრდა ფრთის, შემდეგში კი ნაციონალების ხელში საბჭოთა ანაბრების თემა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საშუალება.

ამ თემას ოსტატურად იყენებდა სააკაშვილი მაშინაც, როცა ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანია „მზის“ დამოუკიდებლობას ებრძოდა. მისი დავალებით პარლამენტის ბიურომ 2004 წლის 15 ნოემბერს შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გამოეკვლია 1992-93 წლებში მოქალაქეთა ანაბრების გაუფასურების გამომწვევი მიზეზები და გაეცა პასუხი კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ პროცესში და მიუძღოდა თუ არა ბრალი ვანო (ივანე) ჩხარტიშვილს.

კომისიამ საკითხი შეისწავლა და სააკაშვილისთვის მოულოდნელი დასკვნა დადო, რომ იმ პერიოდში ვანო ჩხარტიშვილი არ მუშაობდა ფიზიკურად არც შემნახველ ბანკში, არც ეროვნულ ბანკში და შესაბამისად: „ი. ჩხარტიშვილი 1992-1993 წლებში ვერ შეძლებდა, გავლენა მოეხდინა ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაზე ან კიდევ მოქალაქეთა ანაბრების გაუფასურების პროცესზე“. ანალოგიურია ყველა ის დასკვნა, რომელიც ამ თემაზე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ჟურნალისტსა და ექსპერტს ამ წლებში გაუკეთებია.

ასევე, ნაციონალების PR სკივრიდანაა ე.წ. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ქონების მითვისების თემაც. ნაციონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა პოლიტდევნილი ჩხარტიშვილი საზოგადოების თვალში ასეთი რაკურსით წარმოეჩინათ. თუმცა, ამ თემებზე, როგორც საქართველოში, ისე ლონდონში მიმდინარე ყველა სასამართლო პროცესი ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო და დადასტურდა, რომ ბრალდებები იყო უსაფუძვლო. დღეისთვის გაუგებრობები პატარკაციშვილების ოჯახთან სრულადაა ამოწურული და, შესაბამისად, ამ თემის ნაციონალების სტილში ხელახლა წარმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა.

რაც შეეხება სასამართლოს გოგიჩაიშვილთან, მას უბრალოდ ვერ წავაგებდით, რადგან სასამართლო დავა მასთან არ გვქონია. ჩვენ დავა გვქონდა მელორ ვაჩნაძესთან და გოგიჩაიშვილი მას სასამართლოზე მხარს უჭერდა იმიტომ, რომ იყო ერთ-ერთი აქტორი იმ სამარცხვინო შავი პიარის კამპანიაში, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლებას მიტმასნილმა მედროვეების ერთმა ჯგუფმა 2013 წლის ივლისში გააჩაღა. სასამართლო ვაჩნაძესთან შევწყვიტეთ იმიტომ, რომ ის უბრალო იარაღი იყო სხვის ხელში და მასთან დავა არაფერს გვაძლევდა.

უსამართლობაა, სხვა თუ არაფერი, უაპელაციოდ უღირსობა დასწამო ადამიანს, რომელიც ზუსტად იმიტომ გახდა პოლიტიკური დევნილი, რომ არ შეასრულა დავალება, არ გადააბიჯა სინდისს, ღირსებას, ადამიანობას და სააკაშვილის ოპონენტის დასაპატიმრებლად ცრუ მოწმედ არ დაუდგა რეჟიმს. საერთოდაც, გავრცელებული PR სტერეოტიპების დაუსაბუთებული მიღება კარგს არაფერს მოიტანს, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილისთვისაც, რადგან ჩვენც უკრიტიკოდ შეგვიძლია მისი კრიმინალობის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული ნარატივები გავიზიაროთ და გავაზიაროთ.

ასე რომ, „ლევან გოგიჩაიშვილის სინდრომი“, რომელიც არაობიექტურად და უსაფუძვლოდ სხვისი ღირსების შელახვას და ნაციონალების ყავლგასული სიცრუის ტირაჟირებას ნიშნავს, არანაკლებ ნეგატიურია, ვიდრე ყველა სხვა სინდრომი.

ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის განცხადება

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს