პარლამენტი ჩააგდებს ან გაიწვევს პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ქართველ მესაზღვრეს შენგენის ზონის ქვეყანაში მიმავალი მოქალაქის არგაშვების ბერკეტი ეძლეოდა

პარლამენტი ჩააგდებს ან გაიწვევს რამდენიმე თვის წინ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ფარგლებში, ქართველ მესაზღვრეს შენგენის ზონის ქვეყანაში მიმავალი მოქალაქის არგაშვების ბერკეტი ეძლეოდა.

ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტის ბიუროს 11 მარტის სხდომაზე წარედგინება “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც დასჯადი ხდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორგანიზება, ასევე უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა და ორგანიზება.

“ძალიან ბევრი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს კარი გაუხსნა და ვიზის გარეშე შესვლის უფლება მისცა, შეწუხებულია იმით, რომ საქართველოსდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არის მაღალი და ძალიან ხშირად ბოროტად ხდება იმ ჰუმანური მექანიზმების გამოყენება, რომელიც ევროპის ქვეყნებს გააჩნიათ. იმისათვის, რომ საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის კუთხით პრობლემა არა შეექმნას და ეს ძალიან დიდი მონაპოვარი შევინარჩუნოთ, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ კრიმინალური საქმიანობის ფორმებით ჩვენი მოქალაქეების მათ ტერიტორიაზე გადაყვანას და არალეგალებად დარჩებას არ დავუშვებთ. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მოთხოვნებს სრულიად პასუხობს - თუკი მაგალითად, არსებობს კომპანია, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, რომ არალეგალებად და თავშესაფრის მაძიებლებად წავიდნენ, ეს არის უკანონო საქმიანობა და მათ ამისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამასთან, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც საკმაოდ ხისტ ზომებს ითვალისწინებს, როცა სასაზღვრო კონტროლისას შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს აქვთ გაშვებაზე უარის თმის უფლება. ეს ზედმეტი და არაპროპორციული ჩარევა იქნება. ამიტომ ამ ვერსიაზე ჩვენ უარი ვთქვით - მოხდება პროექტის ან გაწვევა ან ჩაგდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.