საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში თემატური მოკვლევის ჯგუფები შეიქმნება

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ღონისძიება თემაზე „საპარლამენტო კონტროლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მიმართეს.

„ეს ღონისძიება გვინდა, რომ მიეძღვნას ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ძალიან ბევრ თემაზე მუშაობს, როგორიცაა ძალადობა, პოლიტიკური მონაწილეობა, ცნობიერების ამაღლება და სხვა, გვინდოდა, რომ 8 მარტის ღონისძიება კონკრეტულად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების თემებისთვის დაგვეთმო, რადგან აღნიშნული მიმართულება საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა, დამოუკიდებელი შემოსავლის გაჩენა მნიშვნელოვანი მიდგომებია, რომლებიც პირდაპირ კვეთაშია სხვა დანარჩენ მიმართულებებთან. გენდერულმა საბჭომ გადაწყვიტა ორი კონკრეტული საქმიანობის დამატება, რომელიც პარლამენტის ახალი რეგლამენტიდან გამომდინარეობს, რაც პარლამენტში მოქმედ საბჭოებს ახალი შესაძლებლობებით - თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნით აღჭურავს. ეს არის ძალიან ძლიერი და ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სხვადასხვა პარლამენტი ეფექტურად იყენებს, რაც კონკრეტული საკითხების სიღრმისეული შესწავლის, გაანალიზების და პრობლემის მოგვარების სწორედ დანახვის გზების ძიების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ის ორი მიმართულება გააცნო, რომლებიც, მისი შეფასებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. აღნიშნულ მიმართულებებად თამარ ჩუგოშვილმა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობას და ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა დაასახელა, რომელთა შესახებაც გენდერულ საბჭოში ორი თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება და მათ საბჭოს წევრები: ნინო წილოსანი და გუგული მაღრაძე უხელმძღვანელებენ.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოკვლევის დასკვნები ფართო განხილვის საგნად ვაქციოთ. დასკვნის მნიშვნელობიდან გამომდინარე თუ მასში მოცულობითი მიგნებები და აღმოჩენები იქნება მოცემული, შესაძლოა დასკვნის პროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც კი განვიხილოთ. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, სხვადასხვა თანამდებობის პირების დაბარება და მოსმენა დაგვჭირდეს, ამიტომ რაც უფრო მეტი დისკუსია გაიმართება აღნიშნულ თემებზე მით უფრო მეტი გარანტია გაჩნდება, რომ პრობლემის გადაჭრისკენ გადაიდგმება ნაბიჯები“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორმა, ლუიზა ვინტონმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორტონმა მიმართეს. გამომსვლელები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობას მიესალმნენ და თემატური ჯგუფების მოკვლევის სამუშაო პროცესის ტექნიკური დახმარების გაწევის მზაობა გამოთქვეს.

ღონისძიებაზე თემატური მოკვლევის ჯგუფების მთავარმა მომხსენებლებმაც ისაუბრეს.

„გენდერული თანასწორობის საბჭო სხვა მიმართულებებთან ერთად, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასაც მოიცავს და რა თქმა უნდა, მათ შორის სახელმწიფოს მიერ შედგენილ და წარმოდგენილ პროგრამებში ქალების მონაწილეობის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ პროცესს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ფართო ჩართულობას ვთავაზობთ. ჩვენ თემატური მოკვლევის ფარგლებში განვიხილავთ ყველა იმ შემაფერხებელ ფაქტორებს, რომლებსაც შესაძლოა ვხვდებოდეთ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქალები ეკონომიკურად ისეთივე ძლიერები იყვნენ, როგორც მამაკაცები.

„გენდერული თანასწორობის რეალური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალები ეკონომიკურად ისეთივე ძლიერები იყვნენ როგორც მამაკაცები. კვლევებმაც აჩვენა, რომ შიდა პროდუქტის მაჩვენებლები 25%-ით უფრო იზრდება, როდესაც ქალები აქტიურად მოღვაწეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. განათლება პირდაპირ მიბმულია ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და ამ მხრივ მნიშვნელოვანია განათლებული ქალების არსებობა. ყველანაირი განათლება აღსანიშნავია, თუმცა ჩვენ შემოვიფარგლეთ პროფესიული განათლებით, რადგან იგი ყველაზე ეფექტური მექანიზმია, იმისთვის რომ ქალს ქონდეს ისეთი პროფესია, რაც მას დასაქმების და საკუთარი ბიზნესის წარმოების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომსვლელების შემდეგ ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამოქალაქო სექტორის და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლებმა თემატური მოკვლევის შექმნის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს და ჯგუფში მონაწილეობის მიღების მზაობაზე ისაუბრეს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის განხორციელებაში მხარს უჭერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა