თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თუმანიანის 3 ნომერში მცხოვრებლების განცხადებაზე - არ გვაქვს დოკუმენტი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მათი ავეჯი მერიის საწყობში უნდა ყოფილიყო და ახლა არ არის

2 წლის წინ დავამთავრეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჩავაბარეთ ფართები და მათ საწყობში ამ პერიოდის განმავლობაში არ მოუკითხავთ თავიანთი ნივთები, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განუცხადა, როდესაც თუმანიანის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მერიის საწყობი გაძარცვეს და მათი ნივთები საწყობში აღარ იძებნება.

„თუმანიანის 3 ნომერში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო. თვითონ დაზარალებული ამბობს, გამომაგდეს, 300- ლარიანი ქირა მომცეს და ავეჯი და ნივთები შევინახე მერიის საწყობშიო. ალბათ, მაშინ არ აღიწერა ეს ნივთები, რადგან ჩვენ აღწერის დოკუმენტი არ გვენახება. მე მოვედი ფონდში 2015 წელს, დავამთავრე ეს ობიექტი და მოსახლეობა დაუბრუნდა რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს. დაზარალებული 2011 წელს გამოიყვანეს მიზერული ქირის სანაცვლოდ; 2013 წელს უნდა დასრულებულიყო სამუშაოები - იმდროინდელი ხელმძღვანელობის ნაცვლად მე პასუხს ვერ გავცემ. ალბათ, ამ მოსახლეობის უკმაყოფილების ადრესატები ჩვენ არ ვართ. ავეჯი დაიკარგა თუ არა, დასადგენი ფაქტია, რადგან დოკუმენტები არ ინახება აღწერის ან დასურათების. არ გვაქვს დოკუმენტი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მათი შენახული ავეჯი ამ საწყობში უნდა ყოფილიყო და ახლა არ არის“, - განაცხადა ბაიდარაშვილმა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქუჩაზე 2 წლის წინ დასრულდა და მოქალაქეებს შეეძლოთ თავიანთი ქონებისთვის უფრო ადრეც მიეკითხათ.

„2 წლის წინ დავამთავრეთ და ჩავაბარეთ ეს ადგილი. ამ ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილან და არ მოუკითხავთ საკუთარი ნივთებისთვის, ხომ უნდა გადაეტანათ?! მთელი ცხოვრება სადღაც ხომ არ უნდა ინახებოდეს?! მართალი რომ ვთქვათ, 4 წელია ფონდში ვართ და არ მსმენია, რომ რაიმე პრეტენზია ჰქონდათ. არ მოუკითხავთ თორემ ხომ მივცემდით ან ხომ უფრო ადრე გაირკვეოდა მოპარული თუ იყო მათი ავეჯი“,- დასძინა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.

თუმანიანის სამი ნომრის მცხოვრებლების თქმით, მათი საცხოვრებელი ფართის ავარიულობის და სარემონტო სამუშაოების გამო, 2011 წელს დროებით გაასახლეს. 2017 წელს მათ რეაბილიტირებული ბინები დაუბრუნდათ. როგორც ისინი „რუსთავი 2“-თან აცხადებენ, 2011 წლიდან მათი კუთვნილი ნივთები მერიის ბალანსზე არსებულ საწყობში ინახებოდა, საწყობში რამდენიმე დღის წინ სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ, ამის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათი ნივთები საწყობში აღარ იძებნება. ისინი მერიისგან დახმარებას და პირადი ნივთების დაბრუნებას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო