ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი შენობა ექნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობისპროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართს გადასცემს, რომელიც პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარეობს

.როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 11 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე გაუძღვებიან. პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

უწყების ინფორმაციით, პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარე ფართი სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ მიმდინარე წელს გადმოსცა. უახლოეს მომავალში მომზადდება საპროექტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება სივრცის რეკონსტრუქცია და ცხინვალის თეატრი სრულფასოვან ფუნქციონირებას შეძლებს.

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი142 წლისაა. 1991 წელს ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად ეს უძველესი თეატრი იძულებული გახდა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაეტოვებინა ქალაქი. დასმა დედაქალაქს შეაფარა თავი. კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის დახმარებით დევნილ დასს სარეპეტიციოდ გადაეცა ყოფილი პოლიტ. განათლების სახლი აღმაშენებლის გამზირზე. 1994 წელს ცხინვალის დასი მოზარდმაყურებელთა თეატრის შენობაში გადაიყვანეს. ცხინვალის თეატრმა ღირსეული რეპერტუარი შექმნა და თავისი მაყურებელი თბილისშიც შეიძინა. ოთხი წლის შემდეგ, 1998 წლიდან, „დევნილმა“ თეატრმა ფუნქციონირება განაგრძო რკინიგზელთა კულტურის ცენტრში. 2017 წელს ცხინვალის თეატრს რკინიგზელთა სახლის შენობის დატოვებაც მოუხდა. სამინისტრომ თეატრს სანაპიროს 4 ნომერში მდებარე შენობაში დროებით გამოუყო საოფისე ფართი, დეკორაციისა და რეკვიზიტის სათავსო. ასევე, უზრუნველყო ცხინვალის თეატრის სპექტაკლების ჩვენება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. 1991 წლიდან დღემდე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, თეატრს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა