ქართული პრესის მიმოხილვა 11.03.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...”

“ივანიშვილი მარტოხელაა და განსაკუთრებულად არავის ენდობა”

მამუკა ხაზარაძე - “არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...”

“ჩანს, “თიბისის” საქმე ბევრი მიმართულებით იქცევა ტესტად როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრისთვის.... მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოდროინდელ განცხადებებში კატეგორიულად გამორიცხავენ ანაკლიის პორტთან “თიბისის” საქმის კავშირს, მაგრამ მათ ამ განცხადებების გაკეთება ძალიან დააგვიანდათ და ეს ორი საკითხი, ფაქტობრივად, გადაეჯაჭვა ერთმანეთს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...” / “ცალი თვალი გავაპაროთ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისკენ... ერთი მაგალითიც არ მახსოვს, ასეთი რამ რომელიმე ბიზნესმენს გაებედა და თუ გაბედავდა, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, კარგად წარმოგვიგდენია” / “ახალ ადამიანებს თუ იმიტომ არჩევენ, რომ ათით მეტი კობახიძე ჰყავდეთ, შედეგად საზოგადოების ათჯერ მეტ აგრესიას მიიღებენ” / “ღარიბაშვილის მოსვლით “ქართულ ოცნებას” მიეცა კარგი შანსი, ყველაფერი დაეწყო თეთრი ფურცლიდან”.

“ცნობილია, რომ თავის დროზე ამ პორტით ჩინელები იყვნენ დაინტერესებული. ამბობდნენ, რომ მოგების თვალსაზრისით მათი წინადადება უკეთესი იყო, თუმცა მაშინ დასავლური ქვეყნების პოზიცია იყო ცალსახა და ნათელი - ისინი კულუარულად პირდაპირ სთხოვდნენ ხელისუფლებას, შავ ზღვაზე ჩინელებისთვის პორტის დათმობისგან თავი შეეკავებინათ. მახსოვს, იმხანად საქართველოში ჩამოსული იყო იაპონელი ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ პირველ პირებთანაც ჩაწერა ინტერვიუები, მეც მესაუბრა და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ იაპონელებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო ანაკლიის პროექტში ჩინელების გამოჩენა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ პორტის საკითხში ძალიან ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესები გადაიკვეთა, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა სცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს... მოდი, საკითხი ასე დავსვათ - არის თუ არა განვითარებული პროცესები ხაზარაძისთვის ანაკლიის პორტის ართმევის მცდელობა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამხელა საერთაშორისო პოლიტიკურ-სტრატეგიული ინტერესებია ამ პორტთან დაკავშირებული, ბუნებრივია, რომ “თიბისი ბანკისა” და ხაზარაძის გარშემო შექმნილ ვითარებას აუცილებლად მიეცემოდა პოლიტიკური ელფერი და მთელი პროცესი საბოლოოდ აუცილებლად დააზიანებდა პორტის პროექტის განვითარებასაც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“საკითხი დაისმის ასეც: ამ სკანდალამდე სრულდებოდა თუ არა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებიც ხაზარაძემ და კონსორციუმმა აიღეს? ისე ჩანდა, რომ ძალიან უჭირდათ ფინანსების მოძიება. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობისას სახელმწიფომ გაიღო მნიშვნელოვანი თანხა, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო. არ ვიცი, ხელისუფლების მესიჯები, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები არასრულად შეასრულა, სიმართლეა თუ არა, მაგრამ ხელისუფლებამ ისე მოახერხა ამ პროცესების წარმართვა, ახლა ეს განცხადებები სიმართლე რომც იყოს, ამას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს... მით უფრო, ამ ხმაურის ფონზე მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტის დაფინანსება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეფერხდეს. მთავარია, რას გააკეთებს ხელისუფლება, რომ ეს არ დაუშვას. რა პოლიტიკას აირჩევს სახელმწიფო, თუ კონსორციუმის მხრიდან ინვესტიციების მოზიდვა გაჭიანურდა? მიეხმარება თუ არა ინვესტიციების მოძიებაში და ვინ იქნებიან ინვესტორები?! აი, ეს პროცესი აჩვენებს, აპირებს თუ არა ხელისუფლება, დაათმობინოს ხაზარაძესა და ამ კონსორციუმს ანაკლიის პროექტი და იმასაც, რეალურად აფასებენ თუ არა ამ პორტის მნიშვნელობას... ფაქტია, ძალიან გვიან გამოიფხიკეს ყურები და ძალიან გვიან განაცხადეს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის საკვანძო საკითხია... არ ვიცი, რატომ გაუჭირდათ თუნდაც სიტყვიერად ამის აღიარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ზოგადად, ჩვენს ხელისუფლებას ახასიათებს გვიანი რეაქციები და ხშირად არიან ხოლმე უკან მიდევნებული ლამპრის პოზიციაში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც პირდაპირ აზვავდა საუბრები, რომ ანაკლიის პორტს ებრძვის ხელისუფლება, რა გახდა ერთი განცხადება იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პორტი ქვეყნისთვის? ეს მხოლოდ ორიოდე დღის წინ თქვა გიორგი გახარიამ. განცხადება იყო სწორი, თუმცა - დაგვიანებული... შესაბამისად, ისმის კითხვა: რატომ თავიდანვე არ გაუფრთხილდნენ ანაკლიის პორტის იმიჯს, თუ ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებული იყო იგი?! ახლა ის დროა, გამოვიდნენ და წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა და გარანტიები, რომ ანაკლიის პორტი ამ პროცესებით არ დაზარალდება. თუ თვე-ნახევრის წინ მხოლოდ განცხადებები იქნებოდა საკმარისი ანაკლიის პროექტში ჩართული კონსორციუმის რეპუტაციის გადასარჩენად, დღეს სახელმწიფოსგან სულ სხვა ტიპის გარანტიებია საჭირო... დღეს ხელისუფლების მართლაც ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, ისეთი, როგორიც უცხოური ფინანსების მოსაზიდ გარანტიად გამოდგება; წინააღმდეგ შემთხვევაში მტკიცებას, რომ ანაკლიის თემით მანიპულირება ხდება და ამ პროექტს არაფერი ემუქრება, ვერავის დააჯერებენ... ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ რეალურად დაანახოს საზოგადოებას, რა ხდება, არადა, ეს მისი ვალდებულებაა... ვის ინტერესს ემსახურება ეს ქაოსი?”, - ამბობს ექსპერტი.

“რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, როგორც ვიცი, იმ კონსორციუმში, რომელშიც წამყვანი ჩინური კომპანიები იყო, რუსული კაპიტალიც ფიგურირებდა... რუსეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ, რა თქმა უნდა, დიდია... იმგვარი აშკარა მუქარის შემცველი რიტორიკა, რაც ბოლო ხანს რუსეთიდან მოვისმინეთ, კარგა ხანია, არ ყოფილა. საკითხი პირდაპირ ასე დასვეს - ან ნატო, ან კავკასიაში სტაბილურობაო! რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია? აშკარაა, რუსეთი ბევრი მიმართულებით აქტიურდება, მათ შორის ერთ-ერთი უთუოდ არის ანაკლიის პორტი... ის ცდილობს ზეწოლას, მით უფრო, რომ საქართველოში ამჟამად შიდაპოლიტიკური ვითარება ძალიან მყიფეა... ამ ფონზე სერიოზული მობილიზება მართებს საქართველოს ხელისუფლებას. არ დაგავიწყდეთ - ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება”, ადამიანური რესურსების თვალსაზრისთ, “შაგრენის ტყავივით” პატარავდება... რაც შეეხება წერილს, თუ ამ ხელისუფლებაში ვინმეს მართლაც მოუვიდა თავში მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ეს იქნება ის კერკეტი კაკალი, რომელიც ხელისუფლებას კბილებსაც დაამტვრევს და ყელზეც დაადგება... მედიის თავისუფლებას ამ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ეს ის არის, რასაც ყველაზე ბოლოს დავთმობთ!”- მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“აშკარაა, რომ მმართველი პარტია საკუთარ კალათაში ძალიან ბევრ შავ ბურთულას აგროვებს. გასაგებია, რომ დასავლეთი საქართველოს მიმართ ისეთი აქტიური აღარ არის, როგორიც 2003 წელს იყო, მაგრამ დასავლეთის დიპლომატია ყველა შეხვედრაზე აშკარად და გარკვევით ამბობს, რომ არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის უფლებასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემენ. თავის დროზე ეს იყო “რუსთავი 2”-ის საქმე, დღეს ამ სიაში ჩაიწერა “თიბისის” თემა, რომელიც პირდაპირ ებმის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ამავე სიაში აუცილებლად ჩაიწერება “ტვ პირველის” საკითხიც, თუ ამგვარი რამ ვინმეს თავში მართლაც მომწიფდა ან მომავალში მომწიფდება... ეს ისეთი გამოწვევებია, რომელთა წინაშე დადგომასაც საქართველოს ხელისუფლებას არ ვურჩევდი, მით უფრო მაშინ, როცა ასეთი თვალსაჩინოა მმართველ პარტიაში მიმდინარე რღვევის პროცესი... ამ ყველაფერს ემატება მოსამართლეების საკითხი, ეუთოს დასკვნითი ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე, რასაც მწვავესაც კი ვერ დაარქმევ - ეს არის ანგარიში, რომელშიც დიპლომატიურ ეტიკეტსა და ზომიერებაზე უარია ნათქვამი... ჩემთვის ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მაინც არ მინდა, ხელისუფლების რაციონალობის იმედი მთლად დავკარგო...”, - დაასკვნის ექპერტი.

“თუ ხელისუფლება ხელების გადაგრეხის პოლიტიკას აირჩევს, ძალიან მეეჭვება, ამის რესურსი ჰქონდეთ. ამაში “ქართულ ოცნებას” საკუთარი დეპუტაციის ნაწილიც კი არ გაჰყვება. არადა, დღეს “ქართულ ოცნებას” დიდი არჩევანი არა აქვს. მას 2020 წლამდე სიარული მხოლოდ ორი გზით შეუძლია - ან რეფორმები, რომლებსაც ძლიერი ხელი გაატარებს, ანაც ხელის გადაგრეხის პოლიტიკა, რომელსაც ასევე ძლიერი ხელი დასჭირდება, მაგრამ - რეფორმების გარეშე. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა სწორედ რეფორმებს ელოდება და თუ მმართველ პარტიაში ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, გამოდის, ხელების გადაგრეხის პოლიტიკა აურჩევიათ... ძალიან არ მინდა, რომ პროცესები ამ გზით წავიდეს. როგორც გითხარით, ეს უფრო დიდ ქაოსს გამოწვევს და “ქართული ოცნების” რღვევის პროცესიც უფრო გაღრმავდება - დღეს ისევ ბევრი დეპუტატია უმრავლესობაში, რომლებსაც მოსამართლეებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია არ გამოუხატავთ. სხედან გასუსულები სანგარში და იცით, რატომ? უარს ამბობენ ხელისუფლების პოზიციის დაცვაზე, თუმცა სხვა სანგარში გადანაცვლებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებენ”, - განმარტავს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ გეგმაზე, რომ “ქართული ოცნება” ახალი სახეების ძებნას იწყებს...”, - პასუხობს: “აქ ერთი რამ არის საინტერესო - რა ფუნქციით აპირებენ ახალი ხალხის მოყვანას საკუთარ რიგებში - რეფორმატორების თუ რუპორების? თუ ახალ სახეებს რუპორებად არჩევენ, დამერწმუნეთ, ძალიან ცოტას დაითანხმებენ. ირაკლი კობახიძისადმი საზოგადოების ანტიპათია მისი გარეგნობით კი არ არის გამოწვეული, არამედ მისი იდეებია მიუღებელი, რასაც ის დაუნანებლად აფრქვევს. ახალ ადამიანებს თუ იმიტომ არჩევენ, რომ ათით მეტი კობახიძე ჰყავდეთ, შედეგად საზოგადოების ათჯერ მეტ აგრესიას მიიღებენ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ მკაფიო ხაზს და რეფორმირებისთვის მზადყოფნას, საზოგადოებისკენ შემხვედრი ნაბიჯების სწრაფად გადადგმის სურვილს... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, არ იციან, რა უნდა გააკეთონ, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეინარჩუნონ. ერთადერთი, რისი იმედიც მათ აქვთ, არის ოპოზიციის დაქსაქსულობა, მაგრამ ერთხელაც იქნება ეს დაქსაქსულობა დასრულდება.” “ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლით `ქართულ ოცნებას~ მიეცა კარგი შანსი, ყველაფერი დაეწყო თეთრი ფურცლიდან - იმედი მქონდა, რომ “ოცნება” ჩამოიფერთხავდა ე.წ. მოსამართლეთა კლანის თემას და ამას კობახიძეს “შეატოვებდა”. ვფიქრობდი, რომ ღარიბაშვილი გამოვიდოდა, როგორც ძველი ღირებულებების დაბრუნების ლიდერი, რომელიც იტყოდა, რომ ნამდვილი, ღირსეული, პირველი ფორმაციის “ქართული ოცნება” ირჩევს სასამართლო რეფორმას და უარს ამბობს “ნაციონალური მოძრაობისგან” მემკვიდრეობით მიღებულ მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემაზე. ეს იყო ძალიან კარგი შანსი “ოცნებისთვის”, რაც არც უკან დახევად ჩაეთვლებოდათ, თუმცა ასე არ მოხდა. დასანანია... ამიტომაც ჩემთვის უფრო ბუნდოვანი გახდა, რა მიმართულებით ივლის “ოცნება” და ხედავს თუ არა ის რეფორმების აუცილებლობას. იმედი ვიქონიოთ, რომ ხედავს, თუ არადა, ვფიქრობ, ოპოზიცია გამონახავს რაციონალურ გზებს ხელისუფლების ირაციონალურობასთან გასამკლავებლად. სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო დიდ ქაოსში ჩაიძირება”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

“ივანიშვილი მარტოხელაა და განსაკუთრებულად არავის ენდობა”

“ქართულ ოცნებაში” ბოლო დროს სიტუაცია იმდენად არეულია, რომ ყოველდღიურად მოვლენები რადიკალურად იცვლება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. პარტიის გარდა ცვლილებები ასევე მთავრობაშიც იწყება. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, პოსტი იუსტიციის მინისტრმა თეა წაულუკიანმა რამდენიმე დღეში დატოვოს. მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად კი ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები სახელდებიან, რომელთა უკანაც რეალურად წულუკიანი იდგა. სავარაუდოდ, სწორედ წულუკიანს გულისხმობდა პარტიაში უკან დაბრუნებული ყოფილი პრემიერი გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, როდესაც განაცხადა, რომ ბესელია თავის მოქმედებებში დამოუკიდებელი არ იყო. ასევე საინტერესოა თავად ღარიბაშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი და ვისი მეტოქე შეიძლება ის გახდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ივანიშვილი მარტოხელაა და განსაკუთრებულად არავის ენდობა” / “ქარიშხალი “ოცნებაში” - სამთავრობო ცვლილებების ზღვარზე.

“ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილის პარტიაში გამოჩენის შემდეგ, კახა კალაძის დაღმასვლა დაიწყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც “ოცნებაში” მიმდინარე მოვლენების პარალელურად ქალაქის მერი დუმს და სავარაუდოდ, ის ამ დუმილის მეშვეობით “ოცნებაში” ყოფნას იხანგრძლივებს. “ოცნებიდან” წამოსული დეპუტატები ადასტურებენ, რომ პარტიაში დაწყებული დაპირისპირების ფონზე ქალაქის მერის პოზიცია არც საჯაროდ და არც შიდა საუბრებში არავის მოუსმენია. ანალიტიკოსების აზრით, ღარიბაშვილის გამოჩენის შემდეგ, კრიზისი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგანაც ის ე.წ. ახლების გუნდისთვის არცთუ სასურველი ფიგურა იქნება და ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული მას ბიძინა ივანიშვილისგან რა სახის მხარდაჭერა ექნება. თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერის გუნდში დაბრუნება უფრო ე.წ. ძველი გვარდიის პარტიიდან წასვლის შეჩერებისთვის მოხდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა სპეციალურად პარტიაში ახალი სახეების მისაღებად კომპანია დაიქირავა, რომლმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმრთველი გუნდის რიგები უნდა შეავსოს. ცალკე მოთამაშე პოლიტიკურ ფიგურად ივანიშვილის შემდეგ ანალიტიკოსები შს მინისტრს გიორგი გახარიას მოიაზრებენ, რომელზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ პრემიერად ემზადება. თუმცა გახარიას ბედი როგორ შეიძლება განვითარდეს, ეს “თიბისი” ბანკის საქმის შემდეგ პოლიტოლოგებისთვის რთულად პროგნოზირებადია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი გია ნოდია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება რა მიზანს ემსახურება რეალურად, ეს თავადაც არ იცის. ივანიშვილი მას სიტუაციიდან გამომდინარე გამოიყენებს. მას რა ხარისხის მხარდაჭერაც ექნება ივანიშვილისგან პარტიაში, სიტუაციის დალაგებას იმ შესაძლებლობით შეეცდება. ღარიბაშვილი ვინმეს გამაერთიანებელი ვერ იქნება და პირიქით, მას პარტიაში დისციპლინის გატარება მოუწევს. ნოდია ვარაუდობს, რომ ის ან კობახიძის ან კიდევ კახა კალაძის კონკურენტი იქნება, რომლებისთვისაც მისი პარტიაში გამოჩენა, სავარაუდოდ, დიდი სიუპრიზი უნდა იყოს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კობახიძეს ივანიშვილისგან გარკვეული მხადაჭერა აქვს და ეს ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ მეტ-ნაკლებად გამოჩნდა. მაშინ სავარაუდოდ, ეს კალაძის დაღმასვლის პროცესი უფრო უნდა იყოს. ნოდია ვარაუდობს, რომ კალაძე სწორედ ამიტომაც დუმს, რადგანაც მას რაღაცის ეშინია და ცდილობს, რომ ივანიშვილს თვალში დიდად არ მოხვდეს. თუმცა, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება და ეს მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა “ოცნებაში”, ვიდრე ეს ღარიბაშვილის წასვლამდე იყო. ასევე არავინ იცის მან ივანიშვილისგან რა სახის დავალება მიიღო. ისიც არავინ იცის, რამდენად ენდობა მას. როგოც ჩანს, მის გამოჩენას, თავად პარტიის წევრებშიც დიდი გაურკვევლობა მოჰყვა. ვნახეთ, რომ პრემიერი საერთოდ საქართველოშიც კი არ იყო, ღარიბაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ისე დაინიშნა. არ მგონია, თავად ღარიბაშვილმა და კობახიძე-კალაძემაც იცოდნენ, რა გამოუვათ ან რა არ გამოუვათ. რა თქმა უნდა, პარტიაში ყველა თავის გავლენის გაძლიერებას ეცდება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მაინც იმაზე, ივანიშვილისგან ვის რა მხარდაჭერა ექნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ნოდია.

“ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ის ამ წუთას თეა წულუკიანის გადადგომას სერიოზულად ვერ უყურებს. გამზარდია ამბობს, რომ მინისტრის გაშვება რომ ნდომოდათ, მას აქამდე გაუშვებდნენ. “ოცნებას” წულუკიანი აქამდე რომ გაეშვა, პირიქით, საიმიჯო ქცევად ჩაეთვლებოდა, ამიტომაც დიდი ალბათობით გამზარდია მის პოსტიდან წასვლას არ მოელის. მისი აზრით, წულუკიანის გასაშვებად ბევრი მიზეზის მოძებნაც შეიძლებოდა და მთლად ბესელიას ამბავი მის გასაშვებად დიდ ვერაფერ მიზეზად გამოდგება. რაც შეეხება ღარიბაშვილის უკან პარტიაში დაბრუნებას და ვის მეტოქედ შეიძლება ის აღიქმებოდეს, გამზარდია უფრო კობახიძის შევიწროვებას ელის. მისი აზრით, კალაძის ფიგურა ახლა „ოცნებას“ უფრო აწყობს, ვიდრე ეს შეიძლება მას უნდოდეს. ამიტომაც გამზარდია ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, კობახიძის მეტოქედ უფრო უნდა განვიხილოთ. ხოლო რაც შეეხება კალაძის პოლიტიკურად პასიურობას, ის ამას ქალაქის მერობით ხსნის და ფიქრობს, რომ კალაძე თანამდებობით იმდენად დატვირთულია, პოლიტიკური აქტივობებისთვის დრო აღარ რჩება. ანალიტიკოსი გახარიას ფიგურასაც აფასებს და ამბობს, რომ ის მინისტრს როგორც პოლიტიკურად მოთამაშეს ვერ ხედავს. მისი აზრით, გახარია უფრო ეფექტური ინსტრუმენტია ვიდრე მოთამაშე. შეიძლება ის ასევე სხვა ძალაუფლების ცენტრებისთვის იყოს ძლიერი, რომლებიც ასე ხელაღებით არ ჩანან”, - დასძენს გამოცემა.

“მერობა ისეთი ნაღმია და კალაძე ისეთ შარშია, რომ მისი პოლიტიკურად პასიურობა არც მიკვირს. ამიტომაც არ მგონია, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება მაინც და მაინც კალაძეზე ორიენტირებული იყოს. კალაძესაც თავისი ელექტორატი ჰყავს, ის რომ ახლა თამაშიდან გაიყვანონ, “ოცნების” ელექტორატის რაღაც ნაწილი მასაც გაყვება. ახლა მმართველ გუნდს მერის პარტიიდან გასვლა არაფერში არ აწყობს, ან მისი პოზიციების შესუსტება. კალაძეს შეიძლება უფრო აწყობდეს სამომავლო პოლიტიკური კარიერისთვის “ოცნებისგან” დისტანცირება. უფრო მგონია, რომ ღარიბაშვილის დაბრუნების ორი მოტივი იყოს. ერთი ეს შეიძლება იყოს ის, რომ ივანიშვილს გვერდით სანდო ადამიანი სურს ჰყავდეს, რადგანაც უკვე ხედავს, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც თავადვე დააკომპლექტა, მისთვის არასანდო ადამიანებით არის გაჯერებული. მეორე მხრივ კი ეს არის მცდელობა, რომ პარტიიდან ანტინაციონალი-კონსერვატიული ფრთის გადინება შეეჩერებინა და ამ სახის ელექტორატი უკან დაებრუნებინა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“ასევე მგონია, რომ ღარიბაშვილს კობახიძის წინააღმდეგ გამოიყენებს, თუ არადა ისიც იმ ხიბლს დაკარგავს, რაც “ოცნების”ამომრჩევლისთვის აქამდე ჰქონდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მარტოხელა ფიგურაა და მისი განსაკუთრებული ნდობით არავინ სარგებლობს. უბრალოდ, მეორე მომენტია არა ნდობა, არამედ მისთვის მიმდინარე ეტაპზე სასურველი სუბიექტები. ხოლო ამ კუთხით გახარიას ეს სასურველობა ამ ეტაპამდე ჯერ აქვს, მაგრამ, როდესაც საუბარი ივანიშვილის ნდობაზეა, ეს ასე ადვილად მოსახვეჭი არაა. ივანიშვილის გარშემო თავისუფალი ადამიანები ან ძალიან ცოტაა, ან კიდევ საერთოდ არ არსებობს. გახარია თუ პრემიერი გახდება, ისიც ვერ იქნება ვერც დამოუკიდებელი და ვერც ხანგრძლივი მმართველი”, - დაასკვნის გამზარდია.

მამუკა ხაზარაძე - “არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ”

“სამწუხარო კომენტარებს ვისმენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხალხის რჩეულები, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიიდან არიან, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე აკეთებენ შეფასებებს და არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. ის, რაც მე საპარლამენტო ტრიბუნაზე გულახდილად ვთქვი, ყველა ის პუნქტი, რომლებიც ჩამოვთვალე, მათ შორის მუქარის წერილი, თუ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკაა, მაშინ კითხვა მაქვს: სად უნდა შეწყდეს სიმართლის თქმა? მოვყევი ის, რაც თავს გადამხდა და გავაპროტესტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და შესაბამისად, არაფერს და არავის ამოვფარებივარ. თქვენ ნახეთ, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადავდექი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დამეცვა დეპოზიტორების, კლიენტებისა და ინვესტორების უფლებები იმ შემოტევებისგან, რომელსაც ბანკი განიცდიდა. ცნობილია, როგორ იზარალეს ბანკის ინვესტორებმა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი განცხადების შედეგად”, - აცხადებს “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით “არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ” / “ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება” / “რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა” / “ისევ ვთვლი, რომ დღეს რევანშის დრო არ არის” / “ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: არ მივდივარ პოლიტიკაში”.

“პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, აშენდება პორტი თუ არა, რომ თითქოს რაღაც ვადა გაგრძელდა და ა.შ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ლაპარაკი არ არის სამშენებლო პროცესის გადავადებაზე, ლაპარაკია ბანკებთან ფინანსური საკითხების დახურვის გადავადებაზე და კონკრეტულად 400 მილიონ დოლარზე. ბანკებთან მოლაპარაკება ერთ წლის წინ უნდა დაგვესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვით გადაიდო, ჩვენი რისკით პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ (ეს ინვესტორების ფულია. ანაკლიის პორტის ინვესტორები არიან მსხვილი ამერიკული კომპანიები SSA MARINE, “კონტი ჯგუფი” და ასევე, საერთაშორისო კომპანიები ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან), უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ და სამშენებლო პროცესი ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ზუსტად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ჩვენ რომ დავლოდებოდით ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვას, მაშინ პორტის გახსნა, მინიმუმ, წლინახევრით გადაიდებოდა. რატომ მოხდა ეს? მართალია, ჩვენ ანაკლიის პროექტის რეალიზების უფლება მოვიპოვეთ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დროს, მაგრამ თითქმის ორი წელი დაგვჭირდა სახელმწიფოსთან კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად. ბოლოს მოვაწერეთ იმ კონტრაქტს ხელი, რომელსაც მოვაწერეთ, რადგან მეტად დროის გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ან უარი უნდა გვეთქვა, ან დავთანხმებულიყავით იმ იმედით, რომ თუ ამ პროექტს ბანკები მიიღებდნენ დასამუშავებლად, ისინი თავად დაუბრუნდებოდნენ კონტრაქტში არსებულ იმ 8 პუნქტს, რომლებიც ჩვენ წინასწარვე ვიცოდით, რომ მათთვის არ იქნებოდა მისაღები. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. სახელმწიფოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩვენ, როგორც კონსორციუმი, არანაირ ცვლილებას არ ვითხოვთ, ცვლილებებს ბანკები ითხოვენ. ასეთია მათი საერთაშორისო გამოცდილება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები (ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი) ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა (პორტი სხვა ინფრასტრუქტურისგან განცალკევებულად არ მუშაობს). სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი. ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ამიტომ ამბობენ, თუ ჩვენ ამ რისკს ვიღებთ, თქვენ აიღეთ ვალდებულება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ რისკებზეო. ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის დაფინანსებაზე და არა მთლიანად 400 მილიონზე. მეორე მხრივ, ყველა კვლევის მიხედვით, ტვირთი იმაზე მეტია, ვიდრე პირველ ფაზას სჭირდება. უბრალოდ, ლაპარაკია პირველ ორ-სამ წელიწადზე, სანამ ბაზარზე ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამას ითხოვენ ბანკები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია... პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პარალელურად ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზეა საუბარი. იქაც ოპიკია (კერძო ინვესტიციების საერთაშორისო კორპორაცია) ჩართული. შეიძლება ვთქვათ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა ანაკლიის პორტს?” - პასუხობს:

“მაშინ ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ყველაზე მთავარი პორტის საქმიანობაში ოპერატორი კომპანიის მოძიებაა. ჰოლანდიელებმა, რომლებიც ჩვენი კონსულტანტები არიან ამ პროექტში, საერთაშორისო ტენდერი ჩაგვატარებინეს და გამოვავლინეთ გამარჯვებული - სინგაპურის პორტის ადმინისტრაცია, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. მათთან მოვილაპარაკეთ, პროექტი მოეწონათ, ინვესტიციაზე აიღეს ვალდებულება, ჩაატარეს საინვესტიციო ობიექტის დეტალურად შესწავლა და ბოლოს თქვეს, რომ სჭირდებათ 5-წლიანი ექსკლუზივი. ამ პერიოდში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ იქნებოდა გაცემული (აქ არ იყო ლაპარაკი არსებული პორტის გაღრმაწყლოვანებაზე). მთავრობას მაშინ ჩვენ ბევრი მაგალითი წარვუდგინეთ, როცა ახალი პორტის მშენებლობისას ძველი პორტის მფლობელი კომპანია იწყებს პიარსვლებს, რაში გჭირდებათ ახალი პორტი, როცა შემიძლია უკვე არსებულის გადაიარაღება მოვახდინოო. ხშირად ასეთ დროს აღარც ახალი პორტი შენდება, რადგან ინვესტორს ამ პირობებით ვეღარ იზიდავ და აღარც ძველის გადაიარაღება გამოსდის, საბოლოოდ კი ასეთი ქვეყნები პერსპექტივის გარეშე რჩებიან. თუმცა მაშინ მთავრობამ ამაზე გვიპასუხა, რომ ეს იქნებოდა კონკურენციის შეზღუდვა და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ჩვენს პორტებში ოპერირებენ, ამის გამო შეეძლოთ ხელისუფლებისთვის ეჩივლათ. მოკლედ, ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მიერ შერჩეულმა პორტის ოპერატორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფოს 600 მილიონიდან 200-ის თანაინვესტირება მოეხდინა. ამ საკითხზე შევხვდი ბიძინა ივანიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო გამოყოფდა 100-მილიონიან საკრედიტო ხაზს, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მოიზიდავდა გარედან, ეს არ იქნებოდა ბიუჯეტის თანხა, და გვასესხებდა ჩვენ. თუმცა შერჩეული ოპერატორი კომპანიისთვის ეს პირობა მისაღები არ გამოდგა. აი, აქ კი აღმოვჩნდით ვაკუუმში და ამ დროს გამოჩნდა SSA MARINE - ცნობილი და სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერატორი გახდა.

“ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50-მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა. ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციასო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ბანკებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ დასვეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირდაპირ და მკაფიოდ გვითხარით ყველაფერი ფოთის პორტზეო. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პუნქტია ზემოთ ხსენებული რვიდან. არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა. იქით გკითხავთ: თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ასე ინტენსიურად შემოტევა “თიბისისა” და ჩემზე რაღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე? იმდენი მხრიდან გვიტევენ, რომ ეს მართლაც ორკესტრირებულია. სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან კი, ნაცვლად იმისა, პროკურატურას მიმართონ საქმის დროულად გამოსაძიებლად ან დასახურად, პასუხად იმ წერილის გაშარჟება მივიღე, რომელიც მივიღე და ეს გულწრფელად ვთქვი. არაფრის გადაფარვის და არც პოლიტიკურ დებატებში ჩაბმის სურვილი არა მაქვს. მარტო წერილზე ხომ არ ვთქვი? განვაცხადე კიბერშეტევაზე, ჩვენს ორგანიზაციაში ერთდროულად ოთხი უწყების შემოსვლაზე, ფულის გათეთრების შესახებ აბსურდულ ბრალდებაზე... თუმცა არც ერთ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. არავინ მოსულა, არავის უნახავს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ჩვენი აუდიტის დასკვნა და ეროვნული ბანკის შემოწმების აქტი. ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქრო? დამთხვევაა? ჩემი აზრით, არ არის დამთხვევა”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

“როდესაც უსამართლოდ გიშვებენ იმ ბანკიდან, რომელსაც 27 წელი აშენებდი, როდესაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმის შესახებ პროკურატურის პრესკონფერენციის ფონზე ეროვნული ბანკი იღებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს უნდა ელოდო. შავი პიარის ფონზე ეროვნული ბანკი მეუბნება, უნდა გადადგე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ამ დროს მიგზავნის წერილს, სადაც წერია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრების კრიმინალური ფაქტი არ დასტურდება და პრეტენზია ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. როცა ვუთხარი, ამ წერილის გასაჯაროება მინდა-მეთქი, მიპასუხეს, არა, შენ უნდა წახვიდე “თიბისიდან”, წერილს კი ბანკს მივცემთ, რომ გააგრძელოს მუშაობაო. ეს არ არის შანტაჟი?! შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ასეთი ენით ილაპარაკოს?! რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს, იყო თუ არა ფულის გათეთრება?!.. ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა”, - დაასკვნის “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი.

“ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უაპელაციოდ ატრიალებენ ამ 17 მილიონის თემას და თან არანაირი დეტალური ინფორმაცია არა აქვთ, თუ რა მოხდა რეალურად. აქცენტი იმაზე გადააქვთ, რომ მოსახლეობას უთხრან, აი, წაიღო 17 მილიონი და არ დაუბრუნებიაო. ასე არ არის, ხალხო! ჩვენ არავის ვალი არა გვაქვს, ყველაფერი გასტუმრებულია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია. თუ ლაპარაკია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არასრულყოფილია - ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ ჩვენ დავარღვიეთ ბანკთან დაკავშირებულ პირთა პროცედურა, ამასაც გავასაჩივრებდით, მაგრამ ბანკისთვის პრობლემები რომ აგვერიდებინა, იძულებული გავხდით ეროვნულ ბანკთან დავა შეგვეწყვიტა. ანუ, რასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა დაამთავრა ჩვენთან ამ თემაზე საუბარი და თუ დაამთავრა, მაშინ რაზეა ლაპარაკი?! ამიტომ ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. ახლა მიდის ინტენსიურად ლაპარაკი იმაზე, რომ მამუკა და ბადრი ცალკე არიან და “თიბისიში” ყველაფერი კარგადაა. ამბობენ, რომ ანაკლია დიდი პროექტია, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ხოლო მამუკა და ბადრი დაქირავებული მენეჯერები არიან. დაქირავებული მენეჯერები და ბიუროკრატები თავად არიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც ნამყოფი არ არის ანაკლიაში, არც გემი უნახავს, არც ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა და შეფასებებს აკეთებს, რა ჰქვია ამას?! ოთხჯერ რომ ჩავარდა ანაკლიაში გზისა და რკინიგზის დაპროექტების ტენდერი, მილიარდი ლარი რომ ვერ აითვისა ქვეყანამ შარშან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეს რისი ან ვისი ბრალია?! ჩვენ ახალი სახსრები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან და ამათ აგერ ანგარიშზე აქვთ თანხა ბიუჯეტში, ვერ ითვისებენ და ამ ადამიანებისგან გვესმის პრეტენზიები... ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებასო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან”, - განმარტავს რესპონდენტი.

“არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია. როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და, ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ახლა მთელი ჩვენი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში “გაარკვიეს”, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა.... ჩვენ სასამართლო ექსპერტიზის აუდიტი მოვითხოვეთ ლონდონში, რათა იმათაც შეამოწმონ ყველაფერი. ჩავაბარეთ ყველა ჩვენი ანგარიშის ამონაწერი, ჩემი პირადი და ბადრის პირადი ანგარიშის ამონაწერი, სად მივიღეთ თანხა, სად ჩაირიცხა. ყველაფერი ბოლო თეთრამდე ჩასულია ბანკის კაპიტალში, რომელიც გაქრა იმიტომ, რომ ბანკს 200 მილიონი ჩამოეკიდა და გარესაბალანსო ანგარიშზე გავიდა. აი, ეს არის მთელი ამბავი და არანაირ ფულის გათეთრებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო