ანა დოლიძე - მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის და ეკა ბესელიას ინიციატივები „კლანის" ძალაუფლებას ძალაში ტოვებს

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს წინაშეა „ქართული ოცნება ერთის“ და „ქართული ოცნება ორის“ განცხადებები, იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინიციატივა და ეკა ბესელიას ინიციატივაც ძალაში ტოვებს იმ „კლანის" ძალაუფლებას, რომელიც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად კანონპრექტების სახით მომზადებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე.

საუბარია კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და დეპუტატმა ეკა ბესელიამ ინდივიდუალურად მოამზადეს და რომელებიც დღეს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

ანა დოლიძის თქმით, არც ერთი კანონპროექტი არ ცვლის იმ სამწუხარო რეალობას, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს. მისი შეფასებით, ორივე კანონპროექტი ე.წ. კლანის ინტერესებს ემსახურება.

„ორივე ინიციატივის მიხედვით, „კლანი" ათი წევრით ასახელებს სიას და ამ სიასთან დაკავშირებით შემდეგ ხდება პარლამენტში განხილვა. არც ერთი ეს ინიციატივა არ წარმოადგენს რაიმე რადიკალურ ცვლილებას იმ სამწუხარო რეალობიდან, რაც გვაქვს. როგორც ეკა ბესელიას, ისე ირაკლი კობახიძის კანონპროექტში გარკვეული პროგრესული ცვლილებებია შეტანილი, რომელიც ვფიქრობ, ჩემი და ნაზის ინიციატივიდანაა წაღებული. ეს რა თქმა უნდა, სჯობია იმ რეალობას, რომელიც გვქონდა დეკემბერში, ე.წ. ფურცელზე დაწერილ სიას, მაგრამ ორივე ინიციატივაში დატოვებულია ათი ხმა, რომელიც საჭიროა სიის შესადგენად. ორივე ინიციატივაში 2/3-ით ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის მონაწილეობა საერთოდ არ არის საჭირო, ისევე როგორც დღევანდელ, მძიმე რეალობაში იყო ეს. შედგება სია, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტი იწყებს განხილვას. ანუ პარლამენტს საშუალება არ ექნება იმსჯელოს კანდიდატურებზე, რომელიც არ იქნება არჩეული მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ. გამოდის რომ ორივე კანონპროექტი გზას იტოვებს, მოლაპარაკებები წარიმართოს „კლანთან ", ათ ხმასთან, რომლებიც საბჭოშია, რათა იმ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მისაღები იქნება "ოცნება ერთისთვის" ან "ოცნება ორისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას ერთი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მკვეთრი პოზიცია დაეფიქსირებინა სასამართლოს სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„სულ მცირე, მას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნანახი ექნება ის უმწვავესი განცხადებები და დებატები, სწორედ ადეიშვილის ნარჩენებზე, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო. ბევრ ასეთ დებატებს ის პირადადაც ესწრებოდა. სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა მას იმისთვის, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით. ადრე რომ ამოეღო „ქართული ოცნების“ წევრებს ხმა და ჩვენთვის მოესმინათ, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოფხიზლება სჯობია მუდმივად "კლანის" ტყვეობაში ყოფნას, როგორშიც დღესაც იმყოფება " ქათული ოცნების" ბევრი წევრი", - განაცხადა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს