აკაკი ზოიძე -   შენობა-ნაგებობებში მოწევის აკრძალვის შემდეგ, მთელი რიგი პრაქტიკული და პოზიტიური შედეგები დაიდო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შენობა-ნაგებობებში მოწევის აკრძალვის თაობაზე კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, პრაქტიკული და პოზიტიური შედეგები დაიდო. აღნიშნული განცხადება ზოიძემ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-11 სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული კანონის შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ შენობა-ნაგებობებში მოწევის აკრძალვის თაობაზე კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მთელი რიგი პრაქტიკული და პოზიტიური შედეგები დაიდო. მისი ინფორმაციით, კანონის მიღება არაერთ ამოცანას ისახავდა მიზნად, ერთ-ერთი კი მოსახლეობის დაახლოებით, 1/3 -ის პასიური მოწევისგან დაცვა წარმოადგენდა, რაც 2000-მდე ადამიანის გარდაცვალებას იწვევდა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, კომიტეტი პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის მიზნით, შეისწავლის და გაანალიზებს მათ ეფექტიანობას, მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს და სუბიექტურ ფაქტორებს.

„ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების შესწავლა. შესაბამისად მომზადდა კითხვარი, რომელიც დაურიგდებათ კანონის აღსრულების პროცესში ჩართულ უწყებებს და მათი პასუხების საფუძველზე მომზადდება დეტალური გეგმა, სადაც გაიწერება პასუხისმგებელი პირები, კონკრეტული ღონისძიებები და მათი შესრულების თარიღები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე საპატრულო პოლიციის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კანონის აღსრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ ზამთრის პერიოდში შენობა-ნაგებობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული თამბაქოს მოხმარების ფაქტები, რაც შეეხება კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოტანას, ამ კუთხით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

აკაკი ზოიძემ მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კვლავაც გაგრძელდეს კონტროლი და მონიტორინგი, რათა არ მოხდეს ყურადღების მოდუნება და კანონდარღვევის ფაქტების ზრდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა