თამარ ჩუგოშვილმა კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიწვევით კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გენდერული თანასწორობის საქმიანობასა და მიზნებზე ესაუბრა.

„გენდერული თანასწორობის საბჭო არის მრავალპარტიული ერთეული, რომელშიც გაერთიანებულია ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი. ჩვენ ხშირად ვამაყობთ იმით, რომ გარდა იმისა, რომ ძალიან აქტიურები ვართ და ბევრ საქმეს ვაკეთებთ, ის პოლიტიკური ცხარე დისკუსიები, რასაც თქვენ ხშირად ხედავთ ყველა სფეროში, თითქმის არ ეხება გენდერული თანასწორობის საბჭოს. როდესაც ჩვენ შევდივართ გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრებზე, ვივიწყებთ ჩვენს პოლიტიკურ კუთვნილებას და ყველა ვცდილობთ, რომ საერთო მიზნის მიღწევისთვის ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ იმიტომ, რომ ყველა ვაცნობიერებთ რამხელა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საბჭოს მუშაობა იყო ეფექტიანი და ქმედითი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ თანასწორობა ქალებს და კაცებს შორის, გენდერული თანასწორობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ქალების, როგორც საზოგადოების ნახევარზე მეტის პოტენციალი, უნარები, შესაძლებლობები, ადამიანური რესურსები არ არის გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ასუსტებს მთლიანად ქვეყნის განვითარებას.

არსებობს ასევე ძალიან საინტერსო კვლევები, რომლებიც კონკრეტულად ბიზნეს ორგანიზაციებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ბევრი ქვეყნის და კომპანიის მაგალითი ცხადყოფს, რომ ეს თანასწორობა არა მხოლოდ ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის არის სასარგებლო, არამედ საკმაოდ მომგებიანია, მათ შორის კომპანიებისთვისაც, რომლებიც ასეთ თანასწორობას უზრუნველყოფენ და ასეთ თანასწორ შესაძლებლობებს აჩენენ. ამიტომ, სწორი პრაქტიკების დანერგვის პირობებში ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყნას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ ჰყავს არაჩვეულებრივი ქალები, ძალიან აქტიურები, ძალიან განათლებულები, ძალიან მოტივირებულები, მაგრამ ასევე აქვს „შუშის ჭერი“, აქვს კულტურული ბარიერები, აქვს სტერეოტიპები, რომელიც ამ ადამიანებს ხელს უშლის, რომ იარონ წინ და მიაღწიონ იმ დამსახურებულ წარმატებებს, რომლებსაც ისინი იმსახურებენ“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა და ამ კუთხით პარლამენტი სრულიად ახალი მექანიზმის გამოყენებას იწყებს.

„ამ მიმართულებით რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალ პროცესს ვიწყებთ. სწორედ დღეს, პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა ორი ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფი. ეს არის სრულიად ახალი მექანიზმი პარლამენტის ხელში, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესს შემოგთავაზებთ ორი მიმართულებით. ერთი ეს არის - ქალებისთვის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს დაფინანსებულ ეკონომიკურ პროგრამებზე და ამ ჯგუფს უხელმძღვანელებს ნინო წილოსანი. მეორე არის - პროფესიული განათლების პროგრამებში ქალების მონაწილეობაზე, ამ პროგრამების წარმატებულობაზე და კორელაციაზე ქალების დასაქმებასთან და დამოუკიდებელი შემოსავლის გაჩენასთან. ამ ჯგუფს უხელმძღვანელებს გუგული მაღრაძე. დღეს დაიწყო ათვლა და კანონით გათვალისწინებული სამი თვის ვადაში ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ძალიან საინტერსო პროცესი და რეალურად ეს წელი დავასრულოთ ისე, რომ ხელშესახებ, ძალიან კონკრეტულ და მკაფიო შედეგებს მივაღწიოთ ორივე ამ მიმართულებით“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა, თავის გამოსვლაში, იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც პარლმენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს.

„სულ მალე მივიღებთ კანონს სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც განსაკუთრებით დასაქმების ადგილას თანაბარი შრომითი პირობების და თანასწორი გარემოს შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ ქალებისა და კაცების ანაზღაურებაში სხვაობის დასადგენად და შესამცირებლად. ასევე ვმუშაობთ შრომის კოდექსის გარკვეულ ცვლილებებისთვის, რომელიც ასევე გვინდა, რომ ემსახურებოდეს ქალებისთვის სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნას. საერთო ჯამში ამ ყველაფერმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ქალებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეთ მათი უნარების, ცოდნის და გამოცდილების შესაბამისი ღირსეული ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს ვილსონთან ერთად კონკურსის გამარჯვებული სამი კომპანიის: „ენერგო-პროს“, „ლიდერის“ და „ჯეპრას“ წარმომადგენლებს ჯილდოები გადასცა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ კონკურსს, „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაერო-ს გლობალური კომპაქტის მიერ ჩამოყალიბებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში.

2019 წლის კონკურსში ადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა განსხვავებული პროფილისა და სიდიდის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო განაცხადები განიხილა შესარჩევმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები. შედეგად, კომისიამ გამოავლინა წლის სამი გამარჯვებული კომპანია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა