ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2019

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

წითელას ეპიდაფეთქების რეკორდი - “ყველა უნდა აიცრას”

***

წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

თეა წულუკიანი "ქართულ ოცნების" მმართველობას ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს - იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ მისი „ძალიან მყარი პოზიცია" არ ექნება გაზიარებული სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ის „განზე გადგება" და თანამდებობიდან წავა. სამშაბათს, 19 მარტს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი და შესაძლოა ეს იყოს წულუკიანის ბოლო საპარლამენტო გამოსვლა მინისტრის რანგში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, წულუკიანი ადასტურებს, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

"იურისტი ლია მუხაშავრიას თქმით, წულუკიანის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიაა დაგროვილი დ ძალიან კარგია, თუ ბოლო და ბოლოს მას გაუშვებენ, თუმცა, ამჯერად რა თემას უკავშირდება წულუკიანის შესაძლო წასვლა, ამაზე მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება საუბარი. მისივე თქმით, წულუკიანის ეს განცხადება ერთგვარი შანტაჟია და ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაამარჯვებინებს თუ არა მას ეს დაშინების პოლიტიკა. „ვხედავთ, ახლა რაც ხდება პარლამენტში, რის გამოც რამდენიმეთვიანი ორომტრიალი და ქარიშხალია ქართულ პოლიტიკაში მოსამართლეების საკითხზე და ამ დროს არავინ არ ახსენებს იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რომელიც საკვანძო უწყებაა ამ თემასთან დაკავშირებით."სწორედ მისი სამინისტროს მიერ მიღებულმა კანონებმა შექმნეს ეს მახინჯი სისტემა და დანიშნა უვადოდ მურუსიძე და ჩინჩალაძე. ამიტომ, ვერ გეტყვით ამას უკავშირდება თუ არა და ამის გამო მოეკითხა თუ არა მას პასუხი, მაგრამ შეიძლება ეს ვივარაუდოთ. "თუმცა, ის, რომ ყველაზე ხანგრძლივად შეინარჩუნა მინისტრის სკამი, ეს არ არის მისი დამსახურების შედეგი, მე ვფქრობ, რომ ის იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის პერსონალურად ატარებს „ოცნების" მიმართ და ეს მათ შორის შეიძლება იყოს დაშინების და შანტაჟის პოლიტიკა, რომელიც ახლაც უნდა რომ გამოიყენოს. აბა ვნახოთ, კიდევ ერთხელ გაამარჯვებინებს თუ არა მას ეს პოლიტიკა,"- ამბობს მუხაშავრია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, ბევრი თემა იყო, რომელზეც წულუკიანს პასუხი უნდა ეგო, იმიტომ რომ, ჩააფლავა, მათ შორს სასამართლო რეფორმის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა გამოაცხადა დიდი ამბით და ვნახეთ რაც მივიღეთ, ამ ტალღებით საერთოდ წარიხოცა მართლმსაჯულების სისტემა. „ამაზე მისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ. როგორც ჩანს, ახლა მისი ჩაძირვა გადაწყდა და ახლა მისი მუქარის ტაქტიკა, რითაც ადრე ახერხებდა გადარჩენას, ამჯერად ვერ უშველის,"- აღნიშნავს მუხაშავრია. უახლოეს მომავალში წულუკიანის მინისტრობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მაშინ ეს არც „ოცნების" დეპუტატებმა და არც თავად წულუკიანის მოადგილემ არ დაადასტურეს. ორშაბათს კი წულუკიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იგეგმება თუ არა მისი წასვლა. „ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია, რამდენად არის ჩემი პოზიცია სწორი", - განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ თუ ის მისი შეხედულებისამებრ არ გადაწყდება, "გვერდით გადგება". „თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს", - ამბობს წულუკიანი.კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას,წულუკიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი არ ეხება რომელიმე რეფორმას ან პროცესს, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარეს. "არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. "მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე, თუნდაც პარლამენტში ამჟამად მიმდინარე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე არცერთ წუთს არ ვიფიქრებ და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეული", - განაცხადა წულუკიანმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"თეა წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ უკვე მეშვიდე წელია მინისტრის სავარძელს იკავებს და მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად იყო კრიტიკა და სამოქალაქო სექტორი მის გადაყენებასაც ითხოვდა, ყოველთვის მყარად ინარჩუნებდა სავარძელს. წულუკიანის გადაყენებაზე საუბარი ბოლო წლებია პერიოდულად აქტიურდება. ანალიტიკოსების შეფასებით, წულუკიანს ბევრი „ჩავარდნილი საქმე" და პრეტენზია დაუგროვდა, რითაც ხელისუფლების იმიჯსაც აზიანებს და უმჯობესია მინისტრობიდან გაუშვან. თუმცა, ნაწილი მიიჩნევდა, რომ ერთი, წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია „ნაცმოძრაობის" ძალიან ხისტი კრიტიკის გამო და მეორეც, როგორც ჩანს წულუკიანი ერთგვარად აშანტაჟებს „ოცნების" ლიდერებს, რადგან მას წვდომა აქვს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და გადაცდომაზე, რაც არის სასამართლო სისტემაში, ხოლო სასამართლო არის სწორედ ის თემა, რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეტენზიებია „ოცნების" ხელისუფლების მიმართ. წულუკიანი ჩავარდნილ საქმეებს შორის არის: სტრასბურგის სასამართლოს 2 გადაწყვეტილება, ერთი, როცა „რუსთავი 2"-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა და მეორე, როცა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის ხელახალი გამოძების რეკომენდაცია მისცა საქართველოს. ეს პრეტენზიები წულუკიანის მისამართით თავად „ოცნებას" აქვს“, - დასძენს გამოცემა.

"წულუკიანი წარუმატებელი სტრასბურგში მაშინაც აღმოჩნდა, როდესაც სტრასბურგში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში ქართველი მოსამართლის კანდიდატურა 2-ჯერ ჩავარდა. ასევე დიდია იუსტიციის მინისტრის მისამართით სამოქალაქო სექტორის პროტესტიც, არასამთავრობოების მოთხოვნა იყო, რომ წულუკიანის მიერ შერჩეულმა 4-მა მთავარმა პროკურორმა ვერ გაამართლა და ახლა ახალმა მინისტრმა უნდა შეარჩიოს ახალი პროკურორი. შერჩეული პროკურორებიდან მათ შორის ყველაზე სკანდალური იყო ოთარ ფარცხალაძის პროკურორად შერჩევა, რომელიც წლების წინ გერმანიაში გასამართლებული აღმოჩნდა და დიდი სკანდალის შედეგად დანიშვნიდან 2 თვეში მოუწია თანამდებობიდან წასვლა. წულუკიანის მიმართ ასევე ერთ-ერთი დიდი უკმაყოფილება სასამართლო სისტემის ჩავარდნილ რეფორმას ეხება და ეს თემა არის დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თავად „ოცნებაშიც" კი“, - წერს სტატიის ავტორი.

წითელას ეპიდაფეთქების რეკორდი - “ყველა უნდა აიცრას”

"როგორც ექიმს, შემიძლია, გითხრათ, რომ ორივე ინფექციის თაობაზე, პაციენტების მომართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, წითელას ვირუსის აფეთქება ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ, თუკი ვინმე აუცრელია ან ანალიზით დასტურდება, რომ ორგანიზმში, ანტისხეულები არ აქვს, აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. "ქვეყანაში წითელას ვირუსის საფრთხე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად დგას, უბრალოდ, წელს, ყველა რეკორდი მოხსნა, თორემ, შემთხვევათა მნიშვნელოვანი რაოდენობა, გასულ წლებშიც იყო და ეს კვლავ გაგრძელდება. ამიტომაც, ქვეყანაში, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დარჩეს არავინ, ვისაც აცრა ჩატარებული არ ექნება; თუ ადამიანს ზუსტად არ ახსოვს, ვაქცინირებულია თუ არა, განმეორებითი აცრა საჭიროა, ის საფრთხისშემცველი არაა."-"რეზონანსთან" საუბრისას, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა, ქვეყანაში, H1N1 ვირუსისა და წითელას ეპიდემიის საფრთხეებზე ისაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, წითელას ეპიდაფეთქების რეკორდი - “ყველა უნდა აიცრას” / ექიმის რჩევები - როგორ ავიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები

"საქართველოში, H1N1, იგივე ღორის გრიპის გავრცელებამ პიკს დეკემბრის თვეში მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე, ვირუსით, 276 ადამიანი იყო დაავადებული და გასულ წელთან შედარებით, კლინიკებთან მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა, იანვრის მონაცემებით კი, დაინფიცირების 10 შემთხვევა, ფატალურად დასრულდა. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში, წითელას ეპიდემიამაც იფეთქა. მარტის თვის მონაცემებით, დაინფიცირების 374 შემთხვევა დადგინდა. "რეზონანსი" ექიმ მაია ბუწაშვილს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა და შეეცადა, გაერკვია, ქვეყანაში, ამ მხრივ რა ვითარებაა, უნდა ველოდოთ თუ არა ვირუსების კვლავ გააქტიურებას, როგორი გვერდითი მოვლენები აქვს ამ კონკრეტული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციებს და სხვ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მაია ბუწაშვილის თქმით, წითელას ვირუსს გრიპივით, მკაცრი სეზონურობა არ ახასიათებს და ინფექციის აღმავლობის ან პირიქით, შესუსტების პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, წითელას გავრცელების საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, დღის წესრიგში მუდმივად დგას. ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი, წითელას საწინააღმდეგო, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა, საკმარისი მაინც არ არის, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აუცრელი რჩება. გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, აქტუალური აღარ არის, როგორც წესი, მარტის შუა რიცხვების შემდეგ, მას აღმავლობა არ ახასიათებს ხოლმე. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა, წლევანდელი ვირუსული აფეთქების შემდეგ, მომავალი წლისთვის, დროულად აიცრება. ოქტომბრისა და ნოემბრის თვეები, ვაქცინაციისთვის, საუკეთესო პერიოდია“, - განაგრძობს გამოცემა.

"აცრები არავითარი საფრთხის მომტანი არ არის; უბრალოდ, ადამიანებმა ეს დასკვნა იქიდან გამომდინარე გააკეთეს, რომ ზოგიერთი მათგანი, წითელათი დაავადებულთან კონტაქტში შესვლის შემდეგ აიცრა და ვაქცინა, თავის მხრივ, დაავადების პრევენციას ვეღარ ასწრებდა. ანტისხეულების გამომუშავებას, ორი კვირა მაინც სჭირდება, დაინფიცირებულთან კონტაქტის გამო, დაწყებული წითელას ვირუსის გამომწვევად კი, ისინი აცრას მიიჩნევდნენ. ორივე, განსაკუთრებით კი, გრიპის ვაქცინა, აბსოლუტურად უსაფრთხოა. წითელას აცრა, მართალია, ცოცხალი ვაქცინაა, მაგრამ მის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა, რომ აცრასა და წითელას ვირუსს შორის არჩევანის გაკეთებისას, არავითარი ყოყმანი არ ღირს. გვერდითი მოვლენები აცრიდან, პირველი კვირის განმავლობაში, თუმცა, ძალიან იშვიათად, შეიძლება, გამოვლინდეს, ძალიან სუსტად გამოხატული გამონაყარი, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომელიც ალერგიულ რეაქციაში არ უნდა აგვერიოს, უბრალოდ, ზოგჯერ, შესაძლოა, ძალიან დასუსტებულმა ვირუსმა ეს გამოიწვიოს“, - დასძენს გამოცემა.

"პირველ რიგში, სახელმწიფო, მოსახლეობასთან, აქტიური კომუნიკაციის რეჟიმზე გადავიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, მნიშვნელოვანი შეტყობინებები ვრცელდებოდა და უფასო გახდა ვაქცინაცია, რაც სერიოზული ხელისშეწყობა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც, გადასახადი, სოციალური ფონის გამო, ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა. თუმცა, მოსახლეობასთან საუბარს, გრიპის აცრასთან დაკავშირებით, უმჯობესია, ზაფხულიდან, შემოდგომის დასაწყისიდან თუ დავიწყებთ, რათა შემდგომ, ადამიანების რეაგირება დაგვიანებული არ იყოს და პაციენტებმა აცრების ჩატარება იანვრის თვიდან არ დაიწყონ. მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი და ყოვლად უსაფრთხო. გრიპის შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანი, მინიმუმ, გართულებებისგან და ლეტალობისგანაა დაცული, თუმცა, გრიპისგან გარანტირებული დაცვა არ არსებობს. ამიტომაც, დაავადების სეზონზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდოთ, გრიპით დაავადებულებმა კი, სხვა ადამიანებს პატივი ვცეთ და მათთან, კონტაქტში, ნაკლებად შევიდეთ. ხშირად დავიბანოთ ხელები და შენობები გავანიავოთ. წითელას შემთხვევაში, იმუნიტეტის არმქონე ადამიანისთვის გადაცემის შანსი, პრაქტიკულრად, თითქმის, 100 პროცენტს უახლოვდება. ამიტომ, ძირითადი რეკომენდაცია არის ვაქცინაცია. და ბოლოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან, გარკვეული დოზით, გვიცავს. ამიტომაც, ვეცადოთ, რომ სწორად ვიკვებოთ, ხშირად ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე და ჩვენს ყოველდღიურობაში, ფიზიკური აქტივობაც ჩავრთოთ“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა