ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ტრადიციას

პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ტრადიციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაქვს პატივი, მოგესალმოთ საქართველოს დამფუძნებელი კრების მეასე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე.

ასი წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, ზუსტად ამ დროს, გაიხსნა საქართველოს პირველი პარლამენტის - სახალხოდ, თავისუფლად და დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ისტორიული მოვლენის ასი წლისთავს ვხვდებით დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში, რომლის პარლამენტიც ღირსეულად აგრძელებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ტრადიციას.

ქართული პარლამენტარიზმი უკვე მთელი საუკუნეა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წყურვილსა და უნარს - იყოს დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრი.

1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობისათვის მართლაც განუზომელია. სიმბოლური თვალსაზრისით, ეს თარიღი განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, შეგვახსენებს, რომ თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს საფუძველი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაეყარა.

1918 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა მეცხრამეტე საუკუნის ქართული საზოგადოების დაუღალავი შრომა და ბრძოლა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა შორეულ პერსპექტივად მოსჩანდა, ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილს არ შეუწყვეტია ფიქრი დაკარგული თავისუფლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაბრუნებაზე. ილია ჭავჭავაძის ღვაწლი, თერგდალეულთა და მათ მიმდევართა მოძრაობა ამის მკაფიო მაგალითია.

დამფუძნებელი კრების გახსნის დღედ 1919 წლის 12 მარტი შემთხვევით არ შერჩეულა. ზუსტად ორი წლით ადრე დაემხო რუსეთის იმპერია, რის შედეგადაც საქართველო საუკუნოვანი მონობისაგან გათავისუფლდა. იმპერიის დამხობიდან ორი წლის თავზე საქართველოში ჩატარდა იმ დროისათვის უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები, რისი დაგვირგვინებაც 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების გახსნა იყო.

დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატები 4 პარტიიდან და კრების გახსნას მთელი ქვეყანა ზეიმობდა. დამფუძნებელი კრების გახსნამდე, სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადეს საზეიმო პარაკლისი. ამ დღემ ერი, ბერი და ჯარი გააერთიანა.

დამფუძნებელი კრების წევრების ხედვა მიპყრობილი იყო საქართველოს თავისუფალი და ბედნიერი მომავლის შენებისაკენ. ჩვენ, მათი შთამომავლები, მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დღეს სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენად ღირსეული ტრადიცია აქვს ქართულ დემოკრატიას და ქართულ პარლამენტარიზმს.

დამფუძნებელი კრების ყველა წევრი იზიარებდა იმ იდეალებს, რომლებიც დღევანდელი ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. კრების წევრმა ალექსანდრე ლომთათიძემ მაშინ განაცხადა: „საქართველოს დემოკრატია დამოუკიდებლობის გამოცხადებით გაექცა ბოლშევიკურ ანარქიას და შავ-ბნელ რეაქციას, რომელნიც გვევლინებიან ჩვენ ჩრდილოეთით, და აირჩია გზა, რათა თავისი ბედი თვით გამოსჭედოს. ეს გზა გახლავთ ევროპიულ კულტურის და ცივილიზაციის შეთვისებისა და ჰსურს ევროპის ხალხთა თავისუფალ ოჯახში თავისუფალ და სწორ-უფლებიან წევრად შევიდეს.“

დღეს, ასი წლის შემდეგაც კი ეს სიტყვები ისეთივე ნამდვილი, ღირებული და აქტუალურია, როგორც მათი წარმოთქმის დღეს.

აღსანიშნავია, რომ ასი წლის წინანდელ პირველივე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ფუძემდებლური დოკუმენტი.

მთელი დღის განმავლობაში თბილისი და საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა დამფუძნებელი კრების დაარსებას. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალები. დამფუძნებელი კრება, მისი დემოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს გამოხატავდა და ფართო პოლიტიკური ლეგიტიმაციით სარგებლობდა. მასში არჩეულნი იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში.

აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების წევრობის 600 კანდიდატიდან 26 ქალი იყო და 5 მათგანი დამფუძნებელი კრების წევრი - დეპუტატი გახდა. ამით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთელ იმდროინდელ კაცობრიობას აჩვენა თავისი პროგრესულობა და თანამედროვეობა. ქალთა აქტიური როლი პირველი რესპუბლიკის პოლიტიკაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის ღირსეული ტრადიციების გაგრძელების მაგალითს წარმოადგენდა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და პროგრესული იყო მაშინდელ სამყაროში.

დამფუძნებელი კრების წევრთა ნაყოფიერი მოღვაწეობა მხოლოდ კანონმდებლობით არ ამოიწურებოდა. პირველმა პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არაერთი რეფორმის გატარებაში.

კრების წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ რესპუბლიკის თავდაცვის საქმეში. დეპუტატები მეთაურობდნენ სახალხო გვარდიასა და ქართული ჯარის სხვადასხვა დანაყოფს, მონაწილეობას იღებდნენ სამშობლოს მტრისგან დაცვაში.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეიძე, დაუღალავად იღწვოდა საქართველოს საერთაშორისო აღიარებისათვის, აქტიურად მონაწილეობდა ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაში, რამაც საბოლოოდ უზრუნველყო ერთა ლიგის მიერ ისტორიულ საზღვრებში საქართველოს აღიარება.

დამფუძნებელი კრება აქტიურად მუშაობდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ კრებამ მიიღო სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ კანონი და დაამტკიცა ბანკის დებულება.

დამფუძნებელი კრება ზრუნავდა კულტურული დაწესებულებების საქმიანობის გასაძლიერებლად: კრებისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით, შეიქმნა ეროვნული გალერეა, ქართულ მუზეუმად გარდაიქმნა ყოფილი კავკასიის მუზეუმი. კრება ხელს უწყობდა თეატრალური საქმიანობის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპოქის კულტურული ცხოვრება ევროპული კულტურული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში შეიქმნა მრავალი ეპოქალური მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუში და მძლავრი იმპულსი მიეცა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებას.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო წინსვლა და განვითარება საქართველოს უპირველესმა განათლების კერამ - სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც 1919 წლის დეკემბერში სათავეში ჩაუდგა დიდი ივანე ჯავახიშვილი.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და დიდი საზოგადო მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მუშაობდა საბიბლიოთეკო ფონდების შევსებასა და ბიბლიოთეკის განვითარებაზე. დამფუძნებელმა კრებამ, მთავრობასთან ერთად, შეიმუშავა განათლების სისტემის რეფორმა, რომელმაც უმოკლეს დროში არნახულ წარმატებას მიაღწია - 2 წლის განმავლობაში გაიხსნა 1200-ზე მეტი სკოლა, გაორმაგდა მოსწავლეთა რაოდენობა, ქართულ ენაზე შეიქმნა სასწავლო პროგრამები.

საქართველოს მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტით, სახელმწიფოს დაფინანსებით, ახალგაზრდების ჯგუფი - ასამდე სტუდენტი - ევროპაში გაგზავნა, რათა ევროპასთან დამყარებულიყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული კავშირებიც. ამ ახალგაზრდების სახელები უკვდავყოფილია მათ შემოქმედებაში. ესენი არიან: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ალექსანდრე ჯანელიძე და სხვანი.

ევროპასთან მაშინდელი საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობა განუზომელი იყო. ამ ურთიერთობების მნიშვნელობაზე მეტყველებს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სიტყვები: „მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მიულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუალოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს“.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მისწრაფებებს მაშინ ახდენა არ ეწერა, მაგრამ დამოუკიდებლობის დაკარგვის უშუალო საფრთხის პირობებშიც კი, 1921 წლის 21 თებერვალს, იმ დროს, როდესაც თბილისის შემოგარენში ბრძოლები მიმდინარეობდა - დამფუძნებელმა კრებამ უკიდურესად მძიმე პირობებში, ორწლიანი მუშაობის შედეგად, მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ასპარეზზე პატივისცემა და აღიარება მოიპოვა. რესპუბლიკის მიღწევებს აღიარებდნენ მაშინდელი გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსები რამსეი მაკდონალდი და ემილ ვანდერველდე. თუმცა, აღიარება საკმარისი არ აღმოჩნდა არც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და არც მისი დამფუძნებლების ტრაგიკული ბედის შესამსუბუქებლად. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, კრების წევრების ნაწილი ემიგრაციაში გაემგზავრა. საქართველოში დარჩენილებმა კი საკუთარ თავზე იწვნიეს ბოლშევიკური რეპრესიების სიმძიმე.

ქართული ემიგრაციის, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრების მოღვაწეობის მნიშვნელოვან კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ლევილის მამული საფრანგეთში. ქართულმა ემიგრაციამ მოახერხა, პირველი ქართული რესპუბლიკის მისწრაფებები ღირსეულად შეენარჩუნებინა და დემოკრატიული იდეალები შემოენახა.

ნიშანდობლივია, რომ უკვე ჩვენს დროში, ეროვნული მოძრაობის აღორძინების პირველივე წლებში, პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და მის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ტრადიციაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა. 1921 წლის კონსტიტუციით დამტკიცებული ეროვნული სიმბოლიკა აღდგენილ იქნა 1991 წელს, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად. საქართველოს პარლამენტში გვაქვს პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, ხოლო პარლამენტის შენობა შემკულია პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის ბევრი მნიშვნელოვანი არტეფაქტითა და სიმბოლოთი.

დღევანდელმა საქართველომ პირველი რესპუბლიკის ბევრი ღირსეული თვისება და სერიოზული გამოწვევა მიიღო მემკვიდრეობით. როგორც მაშინ, ახლაც, ქართული დემოკრატიის ცენტრად იქცა საქართველოს პარლამენტი, რომლის მოღვაწეობაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, დატვირთული საკანონმდებლო მუშაობითა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობითაა აღსანიშნავი.

პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, დღესაც საქართველოს პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ საერთო და სანუკვარი მიზანი - საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება და დასავლეთის სამყაროსთან სრულფასოვანი ინტეგრაცია. დღევანდელი პოლიტიკური განსხვავებები, ისტორიულ ჭრილში, სრულიად უმნიშვნელოა ჩვენს საერთო მიზნებთან და საქართველოს მომავლის ინტერესებთან შედარებით“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღესაც სასიცოცხლოდ აქტუალურია ევროპასთან, დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის საკითხი.

„მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით შეძლებს საქართველო, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ საქართველო ევროპის განყოფელი ნაწილია. პარლამენტის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ საქართველოს პოლიტიკური სისტემა ევროპულ დემოკრატიებთან დააახლოვა.

საქართველოს პარლამენტის, როგორც დამფუძნებელი კრების მემკვიდრის სამომავლო ამოცანები სწორედ თავისუფლების შენარჩუნებასა და დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა