დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი -  საქმეში მუქარის შემცველი შეტყობინება არ არსებობს და თორნიკე ნაგლიაშვილი მხოლოდ მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების გამოა დაკავებული

ნაგლიაშვილი დაზარალებულის მხოლოდ უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში არ არსებობს მუქარის შემცველი შეტყობინება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრის, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილის ადვოკატმა, ნანი აბრამიშვილმა განუცხადა.

ის ნაგლიაშვილის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი და მოქმედების ვადა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა.

"თორნიკე ნაგლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ის ამჟამად მოთავსებულია მე-8 დაწესებულებაში. აღკვეთის ღონისძიება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ჩემი ინფორმაციით, ამ წუთისათვის ის განხილული არ არის. ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს პატიმრობას ერთ წლამდე ვადით.

ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქმეში ამ ეტაპისათვის არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც მოქმედების ვადა 30 დღე ჰქონდა. თორნიკე ნაგლიაშვილი კი დააკავეს 2019 წლის მარტში. შემაკავებელ ორდერს არანაირი გავლენა არ ჰქონდა მის დაკავებასთან. თუკი, გამოძიებას მიაჩნდა, რომ თორნიკე ნაგლიაშვილმა გასულ წელს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა ყოფილ მეუღლეს, სექტემბერში და ოქტომბერში შეეძლოთ ემსჯელათ მის ბრალდებაზე", - აცხადებს აბრამიშვილი.

მისივე განმარტებით, საქმეში მხოლოდ სპორტსმენის ყოფილი მეუღლის განცხადება არსებობს, სადაც ის მეუღლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

"დაკავების საფუძველი გახლდათ 4 მარტის შეტყობინება, სადაც თორნიკე ნაგლიაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მეუღლე ემუქრებოდა და მცხეთიდან მისი მიმართულებით მიდიოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. ნაგლიაშვილი საცხოვრებელ სახლში, მცხეთაში დააკავეს.

მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებას საფუძვლად დაედო, საქმეში არ არსებობს.

საქმეში არ მოიპოვება ისეთი შეტყობინება, რომელიც მოიცავს დანაშაულის ნიშნებს. დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ მუქარისგან არ შედგება, ის უამარავი ქმედებისგან შედგება. ქმედება, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმეში არ არის.

ნაგლიაშვილი დაზარალებულის მხოლოდ უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში არ არსებობს მუქარის შემცველი შეტყობინება.

ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით მის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გამოწერილა. ის ფიზიკურ ძალადობაში არაა ბრალდებული", - აცხადებს აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა