ირაკლი კობახიძე - დღევანდელი დღე განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ

ასი წლის წინ არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობა მართლაც განუზომელია საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობისათვის. 1919 წელს, ამ დღეს - 12 მარტს – პირველად საქართველოს ისტორიაში, გაიხსნა ხალხის ნებით არჩეული დამფუძნებელი კრების, იგივე პარლამენტის, პირველი სხდომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთაველის თეატრში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საუკუნოვანი იუბილეს საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დამფუძნებელი კრების არჩევით საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნის პარლამენტარიზმის საამაყო ტრადიციას. ეს ტრადიცია საფუძვლად უდევს ქართველი ხალხის მისწრაფებას, შექმნას თანამედროვე სახელმწიფო და გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი.

დღევანდელი დღე განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ და შეგვახსენებს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფუძველი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაეყარა.

საუკუნის წინ ეროვნული თავისუფლების მოპოვება ისტორიული კანონზომიერება და დამოუკიდებლობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იყო. 1918 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა მეცხრამეტე საუკუნის ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენის, განსაკუთრებით კი იმდროინდელი ქართული საზოგადოების იდეური წინამძღოლების ღვაწლი.

მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა შორეულ ნატვრად მოჩანდა, ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილს არ შეუწყვეტია ფიქრი დაკარგული თავისუფლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის დაბრუნებაზე. ილია ჭავჭავაძისეული „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ქართველი ერის მოწოდებად იქცა.

მეცხრამეტე საუკუნის ეროვნულ მოღვაწეებსა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებს, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო და მკაფიო მიზანი ამოძრავებდათ: საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი დემოკრატიული განვითარება და მსოფლიო საზოგადოების ღირსეული წევრობა.

დამფუძნებელი კრება საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებს გამოხატავდა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა. მასში არჩეულნი იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში.

დამფუძნებელი კრება სანიმუშო იყო მაშინდელი მსოფლიოსათვის იმითაც, რომ მის არჩევასა და მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალები. დამფუძნებელი კრების წევრებს შორის ხუთი ქალი იყო, რითაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნათლად წარმოაჩინა თავისი დემოკრატიული და პროგრესული ბუნება.

საუკუნის წინანდელი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები დღესაც ჩვენი სიამაყის საფუძველია. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა დიდი შრომა გასწიეს: მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და პროგრესული იყო მაშინდელ სამყაროში. სამაგალითო იყო პირველი რესპუბლიკის კანონშემოქმედებითი და რეფორმატორული მოღვაწეობა პოლიტიკისა და ეკონომიკის ყველა სფეროში.

რადგან რუსთაველის თეატრში ვიმყოფებით, ნება მომეცით განსაკუთრებით შევეხო იმ მიღწევებს, რომლებსაც არსებობის სამიოდე წლის განმავლობაში საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ განათლებისა და ხელოვნების სფეროში მიაღწია.

დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ეროვნული გალერეა და ქართულ მუზეუმი. კრება ხელს უწყობდა თეატრალური საქმიანობის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეპოქის კულტურული ცხოვრება ევროპული კულტურული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა. დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში შეიქმნა მძლავრი ეპოქალური მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუში და მძლავრი იმპულსი მიეცა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო წინსვლა და განვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და დიდი საზოგადო მოღვაწე, ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად მუშაობდა საბიბლიოთეკო ფონდების შევსებისა და ბიბლიოთეკის განვითარებისთვის. დამფუძნებელმა კრებამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა განათლების სისტემის რეფორმა, რომელმაც უმოკლეს დროში არნახულ წარმატებას მიაღწია, გაორმაგდა მოსწავლეთა რაოდენობა, ქართულ ენაზე შეიქმნა სასწავლო პროგრამები ივანე ჯავახიშვილისა და სხვა მეცნიერთა მონაწილეობით. ნიშანდობლივია, რომ თავად კრების წევრებიც ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო პროცესში და ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას.

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტით სახელმწიფოს დაფინანსებით ახალგაზრდების ჯგუფი ევროპაში გაგზავნა, რათა ევროპასთან დამყარებულიყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მჭიდრო კულტურული კავშირებიც.

ამრიგად, მოღვაწეებმა, რომლებმაც სამშობლოს შეუქმნეს პარლამენტარიზმის ტრადიცია, დიდი როლი შეასრულეს მისი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაშიც.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მისწრაფებებს მაშინ ახდენა არ ეწერა. შთამომავლებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მიზანსწრაფული საქმიანობა, რომელსაც დამფუძნებელი კრება საერთაშორისო ასპარეზზე, მუდმივი საგარეო პოლიტიკური საფრთხეების პირობებში ეწეოდა.

თუმცა, მთავრობისა და დამფუძნებელი კრების დაუღალავი შრომით მოპოვებული საერთაშორისო აღიარება და პატივისცემა საკმარისი არ აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ საქართველოს ბედი მჭიდროდ გადაეჯაჭვა ქართული ემიგრაციის ბედს, რომელიც ევროპაში განაგრძობდა ბრძოლას სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. ევროპის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებისათვის. მათი ყოველი ნაბიჯი საქართველოს აახლოებდა ევროპულ სამყაროსთან, როგორც მთავარ კულტურულ და პოლიტიკურ ორიენტირთან.

ქართული ემიგრაციის, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრების მოღვაწეობის მნიშვნელოვან კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ლევილის მამული საფრანგეთში. ქართულმა ემიგრაციამ შეძლო, ღირსეულად შეენარჩუნებინა პირველი ქართული რესპუბლიკის მისწრაფებები და შთამომავლობას შემოუნახა დემოკრატიული იდეალები.

საბჭოთა ოკუპაციის 70 წელიწადმა სერიოზულად შეაფერხა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება და ჩაახშო ყველა მნიშვნელოვანი, პროგრესული და მამულიშვილური წამოწყება, რომელიც პირველი რესპუბლიკის წლებს უკავშირდება. საქართველოს ხელახლა მოუხდა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება.

დამოუკიდებლობის აღდგენა და განმტკიცება პირველი რესპუბლიკის იდეურ და სიმბოლურ საძირკველზე გახდა შესაძლებელი. ნიშანდობლივია, რომ ეროვნული მოძრაობის აღორძინების პირველივე დღეებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა სწორედ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობაზე და მის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ტრადიციაზე.

სიმბოლურია, რომ 2018 წელს საქართველომ პრეზიდენტად აირჩია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსთა შთამომავალი, ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი, რაც, კიდევ ერთი დადასტურებაა დღევანდელი საქართველოს იდეური კავშირისა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასთან.

დღეს, ემიგრაციაში წასული და საქართველოში დარჩენილი მამულიშვილების შთამომავლები, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ერთად უნდა ვიდგეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად და გასაძლიერებლად! დღეს ყველა პოლიტიკური უთანხმოება მეორეხარისხოვანი უნდა იყოს სამშობლოს თავისუფლებისა და წინსვლის მიზანთან შედარებით.

პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, დღესაც საქართველოს მოსახლეობას აქვს სანუკვარი მიზანი - საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება, დემოკრატიული განვითარება და დასავლეთთან სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ ეროვნული ინტერესებისა და მიზნების პრიზმაში, დღევანდელი პოლიტიკური განსხვავებები, ისტორიულ ჭრილში, სრულიად უმნიშვნელოა. ყველაზე უფრო მწვავე დებატებისა და დაპირისპირების დროს საჭიროა გავიხსენოთ საუკუნის წინანდელი გაკვეთილი და კარგად გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს მომავალი ერთობაში, მიმტევებლობაში, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაშია. საერთო ეროვნული საქმე არ შეიძლება გათითოკაცებული და დაპირისპირებული საზოგადოების პირობებში გაკეთდეს.

დამფუძნებელი კრების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები სწორედ ჩვენი ეროვნული ერთსულოვნების მნიშვნელობის შეხსენების მიზანს ემსახურება.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მეცნიერებსა და სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, საქართველოს ეროვნულ არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და რუსთაველის თეატრს, რომლის სამხატვრო დასი, საგანგებოდ, ამ დღის აღსანიშნავად გვთავაზობს რობერტ სტურუას დადგმას.

ნება მიბოძეთ, თქვენ და საქართველოს მთელ მოსახლეობას გულითადად მოგილოცოთ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ,

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლის ტექსტს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს