ქართველმა დეპუტატებმა გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან  დაკავშირებით რეზოლუციის მიღება სთხოვეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები ბუნდესტაგის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დირკ ვიზეს შეხვდნენ, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან“ ურთიერთობაში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა, საქართველოს გერმანიის დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებით.

„ბატონი ვიზე წინა მოწვევის პარლამენტის დროს გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ბუნებრივია, ის განსაკუთრებით არის დაინტერესებული საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით. თავის მხრივ, პოლიტიკური დაინტერესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მეტი გერმანელი ინვესტორი ჩამოვიდეს საქართველოში და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. შეხვედრაზე ჩვენ მას ვთხოვეთ მხარდაჭერა, ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას. პირადად ბატონი ვიზესგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ინსტიტუტების თანამშრომლობის ფარგლებში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომლის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო