„ამერიკის ხმა“ სტატიას სათაურით „საქართველო-ნატო-ს ხუთოსანი მოსწავლე“ აქვეყნებს

2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ის გახდება ალიანსის წევრი. მაშინ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ, განსაკუთრებით ის ქვეყნები რომლებიც წინ აღუდგნენ შეერთებული შტატების ერაყში შეჭრას, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრს უმასპინძლა. დისკუსია საქართველო-ნატოს პარტნიორობას და თანამშრომლობას შეეხო.

„ჩვენ მივისწრაფით ნატო-სკენ და ამ თვალსაზრისით საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით“ , - განაცხადა საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ.

შეხვედრა პრესისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა, თუმცა დისკუსიის დასრულების შემდეგ გამომსვლელებმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ისაუბრეს. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკლევარი იანუშ ბუკაისკი 2008 წლის ბუქარესტის სამიტს და შემდგომ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 2008 წელს თბილისი რომ ნატო-ს წევრი ყოფილიყო რუსეთი საქართველოში არ შეიჭრებოდა.

“მე მტკიცედ მჯერა, საქართველო ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი იქ არ შეიჭრებოდა და ტერიტორიას არ დაიკავებდა. თუ წარსულ შემთხევევებს შეხედავთ, ნახავთ, რომ რუსეთი ქვეყნებს ალიანსში შესვლამდე ემუქრება და არა ამის შემდეგ. ის აგრძელებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ მოქმედებას, თუმცა არ გამოიყენებს სამხედრო ძალას, რადგან იცის, რომ ნატო ბევრად უფრო დიდი და ძლიერია სამხედრო კუთხით, და სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მასში შეერთებული შტატებიც ჩაერთვება. ვაშინგტონთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი მოსკოვს ყველაზე ნაკლებად სურს“, - აცხადებს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი ბუკაისკი.

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს კიდევ ერთი წევრი- ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდება. სკოპიესა და ათენს შორის, სახელწოდების გარშემო 30-წლიანი დავის გადაწყვეტამ, ბალკანეთის ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ალიანსში გაერთიანდეს. ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი რეიკა სამარკანდი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ადასტურებს რომ ნატო-ს კარი ღია რჩება.

„ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ს ოჯახში და მოკავშირეებს შორის გაერთიანებით. ეს მნიშნელოვანია არა მხოლოდ ალიანსის წევრებისთვის და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, არამედ მომავალი წევრებისთვისაც. ახლა, რაც ხდება, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ უფრო და უფრო მზად ვართ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საქართველოსთან თანამშრომლობა, არამედ იმისთვისაც, რომ მხარი დავუჭიროთ მის ინტეგრაციას ნატო-ში და ღია კარის პოლიტიკა შევინარჩუნოთ... ერთი რამ ნათელია, რომ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას მოკავშირეების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე გავლენა აქვს“, - თქვა სამარკანდიმ.

საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ალიანსის ხუთოსან მოსწავლეს. თუმცა ვაშინგტონი და ბრიუსელი გადამწვეტი ნაბიჯის გადადგმისგან ამ დრომდე თავს იკავებენ. მიუხედავად დასავლეთში ამ საკითხზე მიმდინარე დებატებისა, ვაშინგტონში თბილისს მოუწოდებენ, რომ აღებული კურსი შეინარჩუნოს.

„ჩემს ქართველ მეგობრებს მოვუწოდებდი, რომ შეინარჩუნონ ნატო-ში გაწევრიანების იმედი. პრობლემები, რაც ალიანსს დღეს აქვს, გაივლის. უნდა გვახსოვდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც კი, რომელსაც ხშირად აბრალებენ, რომ ნატოს საკმარისად არ უჭერს მხარს, მტკიცედ ერთგულია ძლიერი ალიანსის. საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობის გამორჩეული ისტორია აქვს, ყველა თანხმდება, რომ ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვიტყოდი, შეინარჩუნეთ გეზი“, - აცხადებს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი დანდონალდ ჯენსენი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა