სახალხო დამცველი გალის რაიონში   ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

„შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კვარაცხელიას ცხედარი უმოკლეს ვადებში გადმოეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რათა დროულად ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავება არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი, რასაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხშირად აქვს ადგილი და წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას საოკუპაციო ძალების მხრიდან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო