პროკურორი - მასალებით დადასტურდა რომ გიორგი მერებაშვილი, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი ამზადებდნენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას

არაერთი მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ კონკრეტულად ეს პირები მონაწილეობდნენ დანაშაულის მომზადებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული პირების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასრულდა წინასასამართლო სხდომის განხილვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის ყველა წარდგენილი მტკიცებულება სრულად დასაშვები იქნა ცნობილი სასამართლო სხდომაზე, ხოლო რაც შეეხება ადვოკატების შუამდგომლობას გარკვეული მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, სასამართლომ ეს არ გაიზიარა გამომდინარე იქიდან, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გარკვეულწილად კანონის დარღვევით არის მოპოვებული“, - აღნიშნა დავით გუმბერიძემ.

გუმბერიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, რითაც ბრალდებულების ბრალეულობა იკვეთება, მტკიცებულებათა შორის არის სატელეფონო ჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნა.

„რაც შეეხება მთავარ მტკიცებულებას, მოგეხსენებათ ბრალდების მხარე მთავარ მტკიცებულებად წარმოადგენს ხმის ჩამწერ აპარატურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. დაცვის მხარე აყენებდა შუამდგომლობად, რომ ეს დაუშვებლად ყოფილიყო ცნობილი სასამართლო განხილვაზე, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა და ჩათვალა რომ კანონის სრული დაცვით არის ჩვენ მიერ მოპოვებული შესაბამისი ინფორმაცია. გარდა ამ ჩანაწერისა არსებობს ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა რომ კონკრეტულად ეს პირები მონაწილეობდნენ დანაშაულის მომზადებაში, ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები, არსებობს სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, არსებობს სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რაშიც იგულისხმება შსს-დან სპეციალური უსაფრთხოების სამსახურიდან მოპოვებული მასალები, რითაც დადასტურდა რომ კონკრეტულად გიორგი მერებაშვილი, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი ამზადებდნენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას“, -განაცხადა დავით გუმბერიძემ.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილია დაკავებული.

ამავე საქმეში ბრალდებულია კიდევ ორი პირი, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი თუმცა, ისინი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს