მამუკა სალუქვაძე - სატყეო ზონებში, წყალდაცვით და გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიებზე თბილისის მერიას ათასობით ჰექტარი ტერიტორიის გამოსყიდვა მოუწევს

სატყეო ზონებში, წყალდაცვით და გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიებზე თბილისის მერიას ათასობით ჰექტარი ტერიტორიის გამოსყიდვა მოუწევს, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიას ტერიტორიების გამოსყიდვა ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდება.

"ზუსტი თანხები არ მგონია დაანგარიშებული იყოს. ინდივიდუალური მოლაპარაკებები იქნება, რადგან ტერიტორიები და ნაკვეთების ფართობები სხვადასხვაგვარია. ბუნებრივია, გამოსყიდვის პროცესს წლები დასჭირდება. ამ წლის ბიუჯეტით ყველაფრის გამოსყიდვა გამორიცხულია. ალბათ, ათეულობით მილიონ ლარზეა საუბარი. არის გარკვეული ტერიტორიები ქალაქის ცენტრში, რომელსაც ფუნქცია შეეცვალათ, იყო სამშენებლო ტერიტორია და გახდა არასამშენებლო, რაც შესაძლოა 10, 15, 20 მილიონიც ღირდეს და არის ტერიტორიები, ქალაქის გარეუბნებში, რაც გაცილებით ნაკლები ღირს. ეს არის ძირითადად სატყეო ტერიტორიები, რომელიც განახლებულ გენერალურ გეგმას დაემატა. ტყე არსებობდა, მაგრამ არ იყო დატანილი არსებულ რუკაზე.

ეს ტერიტორიები დაცული უნდა იყოს, რაც ახლა ნაკვეთებად არის გაყიდული. 12 000 ჰექტარზე მეტია დაფიქსირებული, როგორც ხელუხლებელი ტერიტორია. იქ მშენებლობები არ შეიძლება. არადა, ბევრგან იყო გაცემული ეს ნებართვები",- განაცხადა სალუქვაძემ პორტალ "კვირას" პრესკლუბში.

გარდა ამისა, სალუქვაძის განცხადებით, გენერალური გეგმა მშენებლობებს კრძალავს საშიში გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიებზე და წყალდაცვით ზონებშიც. მისივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიების ნაწილიც კერძო საკუთრებაშია.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დედაქალაქის საკრებულო ხვალ დაამტკიცებს.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა