ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენცია - „ენერგეტიკა და გარემო“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენცია - ,,ენერგეტიკა და გარემო“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

სტუდენტთა კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - ნათია თურნავამ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში - პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა და სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა - პროფესორმა გია არაბიძემ გახსნეს.

ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკის სფერო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა და ეს ტენდენცია მზარდია.

„ენერგეტიკაში ჩნდება სრულიად ახალი სფეროები, ერთ-ერთი მათგანი ენერგოეფექტურობაა. თუ ადრე, ენერგიის მზარდ მოხმარებას ვუპირისპირებდით მეტი სადგურის აშენებას, ახლა ჩვენი მოთხოვნა ენერგიის ეფექტურად მოხმარება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ამოქმედდება ენერგოაუდიტის სამსახური. ასევე, ჩნდება მეორე დიდი პროფესია - ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი. როდესაც ბიზნესი აღმოაჩენს, რომ ნამდვილად ზედმეტ ენერგიას მოიხმარს, ენერგეტიკული სერვისების მიმწოდებელი ურჩევს მას, როგორ გადააწყოს საქმიანობა ისე, რომ უფრო ნაკლები ენერგია მოიხმაროს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ზურაბ გასიტაშვილის თქმით, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

„ენერგეტიკის დარგი ყოველდღიურად განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რეგულარულად გადიან სტაჟირებას სხვადასხვა ენერგოკომპანიაში. ბოლო დროს, 40 სტუდენტი მივავლინეთ სტაჟირებაზე. მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკის დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუდენტების ჩართულობა, რადგან სწორედ მათ უნდა მართონ ეს დარგი სამომავლოდ. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანის გია არაბიძის განცხადებით, დღევანდელი კონფერენცია იქნება ახალი ურთიერთობების ათვლის წერტილი, მითუმეტეს, რომ კონფერენციის ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

„ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩვენს ფაკულტეტს შორის თითქოს შენელდა კავშირი. ეს გასაგებიცაა - სტრუქტურულ ცვლილებებს დრო სჭირდება. სტუდენტებთან ერთად, არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს, რაც გააღრმავებს სამინისტროსა და ფაკულტეტს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა გია არაბიძემ.

„სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე 21 მომხსენებელი წარსდგება, რომელთაგან 15 ბაკალავრიატის, ხოლო 6 - მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტია. მათი ნაშრომები და კვლევები საქართველოს ენერგეტიკის დარგში მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ინოვაციებს, მწვანე ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს, დარგში მიმდინარე დადებით თუ უარყოფით პროცესებს, ალტერნატიული ენერგიის მიღების წყაროებს, ენერგეტიკული დარგის განვითარების მიმართულებებს ეხება და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაანალიზების მცდელობასაც ისახავს მიზნად.

ენერგეტიკის დარგის შვიდი სპეციალისტით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია გამოავლენს ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს, რომლებიც მსხვილი კომპანიების - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, „ბლაუენშტაინ საქართველო“ - და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. სამეცნიერო კონფერენციის დასასრულ კი, მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენციის - ,,ენერგეტიკა და გარემო“ ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი“, „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ (GEG) და „ბლაუენშტაინ საქართველო“ (Blauenstein Georgia).“-აღნიშნულია ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა