დავით ზალკალიანი - ჩვენ გამოვიყენეთ ახალი შემოვლითი გზები იმისთვის, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები დაეგმო საერთაშორისო თანამეგობრობას

არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრმა საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ფორმატების გამოყენებაზე ისაუბრა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო რუსეთის დესტრუქციული ქმედებების დასაგმობად ყველა საერთაშორისო ფორმატს მაქსიმალურად იყენებს.

„ყველა ის ქმედება და საუბარი, ჩვენი აქტივობები, რომელიც საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში გვაქვს გამოყენებული, რა თქმა უნდა, არის რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული. 2008 წლიდან 2012 წლამდე ოდესმე ყოფილა უშიშროების საბჭოს ფორმატში ასეთი კრიტიკული შეფასების საგანი რუსეთი? ან ეუთოს მინისტერიალებზე ერთი განცხადება მაინც მითხარით ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული. ჩვენ მოვძებნეთ და გამოვიყენეთ ახალი შემოვლითი გზები იმისთვის, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები ყოფილიყო დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ოდესმე ყოფილა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო აქტში რუსეთის ქმედებები ასეთი სიმწვავით ყოფილიყო და ოკუპაციას ოკუპაცია დარქმეოდა და საქართველო სანქციების ნაწილში ყოფილიყო მიბმული? ეს თუ არის ჩვენი მაამებლური დამოკიდებულება რუსეთის მხრიდან, მაშინ არ ვიცი, ეს საზოგადოებამ განსაჯოს და გიპასუხოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების გარდაცვალების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხსაც აქტიურად განიხილავენ.

„ის, რაც ხდება - ქართველების მკვლელობა, ჩვენ არ გვტკივა და ჩვენ არ მიგვაქვს ეს საერთაშორისო თანამეგობრობამდე? როგორ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო? არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, ჩემი შვილების და შვილიშვილების წინაშე უნდა ვიყო პასუხისმგებელი, რომ არაფერი დავაკელი ამ მოცემულ გარემოებაში. 2008 წელს, როდესაც ახალი დამთავრებული იყო ომი რუსეთთან, რატომ ვერ შეძელით სანქციების მიღება?! ეს ხომ ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია იყო, რომ გაგეკეთებინათ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო საქართველოსკენ მოპყრობილი. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ სიტუაციაში, რისი გაკეთებაც შეიძლება და რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გარდა ამისა, აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი კომუნიკაციის არხი რუსეთთან.

„რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს, როდესაც ეს ფორმატი ფუძნდებოდა, მაშინ ოპოზიციის პოზიცია იყო, რომ ეს ფორმატი ყოფილიყო იზოლირებული ჟენევიდან და იქ არ უნდა დასმულიყო ჟენევის საკითხები. ახლა მეუბნებით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული ამ ფორმატში. როდესაც ვცდილობთ, რომ საფრთხეები მინიმუმამდე დავიყვანოთ, კომუნიკაციის ერთადერთი, არაფორმალური დიალოგის არხი რუსეთის ფედერაციასთან არის ეს ფორმატი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარდგენს. ასევე დეპუტატები ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს მოისმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო