პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების განხილვას იწყებს.

საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. ამათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს, ხოლო მესამე საკანონმდებლო პროექტი ინიცირებულია “ევროპული საქართველოს“ მიერ.

ხვალ მათ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. 16 მარტს კი, განხილვა წამყვან - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება.

ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებული ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა ხუთ ეტაპად დაიყოს, რის შემდეგაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი პარლამენტში გრძელდება.

დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, მათი პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად. თუკი დასახელებული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პირი პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება. საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად სრული კონსენსუსი იქნება აუცილებელი.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას იწყებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო