პარლამენტში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში“

„დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში" - ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების, ასევე, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება გახსნა და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

„კორპორაციულ მართვაში დამოუკიდებელი დირექტორების როლი ქართული საფინანსო სექტორის მდგრადობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ის ბოლო ტრენდი, რომელიც ათი წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესოა და ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ჩანს, რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს კორპორატიული მართვის თემაში. საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებიც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ დამოუკიდებელ დირექტორს აქვს ის კრიტიკული როლი, რომელსაც ეყრდნობა ნებისმიერი კორპორაცია, აქციონერი თუ დამფუძნებელი კომპანიაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში. ჩემთვის ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაახლოებით ათი წლის წინ ვიყავი ევრობანკის იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც შეიმუშავა კორპორატიული მართვის პოლიტიკა ევრაზიის ქვეყნებისათვის. დაახლოებით 12 ქვეყანა იყო ჩართული ამ პროცესებში და იმ კომპანიებისთვის, საბანკო დაწესებულებებისათვის, სადაც ევრობანკი იყო აქციონერი, თითქმის სავალდებულო გავხადეთ ამ პოლიტიკის არსებობა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ამ შეხვედრის ორგანიზატორების მიზანია პარლამენტის წევრებს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს თვალნათლივ აჩვენონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ დირექტორთა არსებობა კორპორაციების სამეთვალყურეო საბჭოებში.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსგავსი დიალოგი ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საინტერესო მსჯელობის განვითარებას.

„რაც უფრო მეტია აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ეს უზრუნველყოფს საკითხების განხილვაში მეტ ჩართულობას, ერთი მხრივ, ჩვენი საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული საკითხების შემუშავების დროს ამ საკითხების უფრო ეფექტურად გადაჭრას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ აქტუალური გახდება ანალოგიური დიალოგები და ასეთი თანამშრობლობით უფრო ეფექტური კანონმდებლობის მიღებასაც შეძლებენ და კანონმდებლობასაც კიდევ უფრო მეტად დახვეწენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია კორპორაციული მართვის ძირითადი არსის, ზოგადი პრინციპების, მართვის თანამედროვე სტანდარტებისა და ამ პროცესში დამოუკიდებელი დირექტორების როლის განხილვა პარლამენტის წევრების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთა ჩართულობით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში კორპორაციული მართვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების პროცესში კანონმდებელთა ინფორმირებულ მონაწილეობას.

კორპორაციული მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტზე ისაუბრა თავის გამოსვლაში დამოუკიდებელი დირექტორების გაერთიანების გამგეობის წევრმა, მეცნიერმა ტარიელ გვალიამ.

ქართულ კანონმდებლობაში კორპორაციული მართვის საკითხებს მიუძღვნა გამოსვლა დამოუკიდებელი დირექტორების გაერთიანების გამგეობის წევრმა, სამართლის დოქტორმა ვიქტორ ყიფიანმა.

თეონა კონტრიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ისაუბრა თემაზე - „კორპორაციული მართვის მოთხოვნები საფინანსო ინსტიტუტებისთვის: სავალდებულო და ნებაყოფლობით შესასრულებელი ნორმები".

მისი თქმით, უკვე შემუშავებულია კორპორაციული მართვის საერთო კოდექსის პირველადი სამუშაო ვერსია, შემუშავებულია ერთიანი სტანდარტები არასაბანკო და სხვა საწარმოებისათვის, რომლებიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება განხილვისათვის.

თემაზე მოსაზრებები დააფიქსირა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კორპორაციული მართვის ექსპერტმა, დოქტორმა კორპორაციულ მართვაში, ბორის ჯანჯალიამ, რომლის თქმით, ბოლო წლებში კანონმდებლობა გარკვეულწილად შეიცვალა და პროგრესიც არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ პროფესიული დირექტორების განვითარებას ქვეყანაში.

დასასრულს, გაიმართა დისკუსია, მომხსენებლებმა ღონისძიების მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თანამედროვე ბიზნესის და, შესაბამისად, საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ჯანსაღი, გამართული კორპორაციული მართვა წარმოადგენს.

კორპორაციული მართვის მთავარი ღერძის - სამეთვალყურეო საბჭოს - კვალიფიციური ფუნქციონირების აუცილებელ პირობად კი, როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში, საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა განიხილება.

ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზეც, რომ არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა დახვეწას საჭიროებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები“, - ნათქვამია, პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა