მაია ბითაძე - ნებისმიერი ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან ან ბაღში მშენებლობასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუეა

ნებისმიერი ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან ან ბაღში მშენებლობასთან დაკავშირებით მტკნარი სიცრუეა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით, მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის სტატუსიდან გამომდინარე, წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან.

„მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ არის სრული აბსურდი, რაზეც არის საუბარი. კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს ამბობს. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძეგლის სტატუსი, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან ან გასხვისებასთან დაკავშირებით არის მტკნარი სიცრუე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა გენგეგმას და სიცრუის გავრცელების რეჟიმში გადავიდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება, ბოტანიკური ბაღი რჩება რეკრეაციული ტერიტორიის ფარგლებში, გარდა ამისა. მას აქვს ძალიან მაღალი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომელიც გამორიცხავს მის გასხვისებას და გამორიცხავს მასში, გარდა ლანდშაფტური მშენებლობისა, სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას. ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომლის მსგავსი თბილისში არ არსებობს თავისი იურიდიული სტატუსით, შესაბამისად მტკნარი სიცრუეა და სრულიად გაუგონარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს“, -აღნიშნა ბითაძემ.

მერის მოადგილის განცხადებით ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად მიმდინარეობს განაშენიანების პროცესი, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ველობილიკი მოეწყობა.

„ლანდშაფტური განაშენიანება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს ყოველ წელს, ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მათ შორის მიმდინარე წელს ჩვენ ადმინისტრაციული შენობების სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღს მივუერთეთ 17 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ველობილიკის მოწყობა იგეგმება“, -განაცხადა მაია ბითაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბოტანიკური ბაღის გასხვისება არ იგეგმება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს