„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი კომპანიები დააჯილდოვა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი კომპანიები დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ,,ენერგო პრო ჯორჯია“, ,,ლიდერი“ და ,,ჯეპრა“ - ეს ის სამი კომპანიაა, რომლებიც ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ კონკურსის - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსის მიზანი იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისის თანამშრომლობის ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.

როგორც ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, კონკურსს უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ფონდი და კომისია, რომელიც არჩევს გამარჯვებულ კომპანიებს, ყურადღებას აქცევს, თუ რამდენად კარგად ნერგავენ ეს კომპანიები გენდერული თანასწორობის პრინციპებს სამუშაო ადგილებზე, ასევე - რამდენად აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები ქალებისთვის და, ზოგადად, რა ახალ ინციატივებს ახორციელებენ გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსადმი და აღნიშნა, რომ ეს და სხვა ამ ტიპის ღონისძიებები არის აშშ-ის ფართო მხარდაჭერის გამოვლინება, რომელიც მიმართულია საქართველოს წინსვლისკენ.

ქალებს, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებისა თუ ოჯახში შესრულებული სამუშაოს ხარჯზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, დისკრიმინაციული მიდგომების გამო, მათზე ხშირად, უფრო მეტად აისახება ეკონომიკური სიდუხჭირე.

სწორედ პრობლემის არსსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა:

,,ეს კონკურსი იყო იმისთვის, რომ შეგვეხსენებინა ერთმანეთისთვის, თუ რამდენი საინტერესო ინიციატივა არსებობს კომპანიებში, რომელთა გამოცდილების გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციაში, რათა ქალებისათვის ბევრად უფრო სახარბიელო და თანასწორი დასაქმების შესაძლებლობები შეიქმნას ქვეყანაში,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება დაჯილდოებულებს - სამკერვალო კომპანია ,,ლიდერი“, რომელიც ქ. გორში ფუნქციონირებს, განსაკუთრებით ეხმარება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარტოხელა დედებს, ე.წ. გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მცხოვრებლებს. ყოველთვიურად, თანამშრომლების შემოსავლის 10% მიემართება დაუცველი ქალების დახმარებაზე და მათთვის პროფესიული და არაფორმალური განათლების მიწოდებაზე.

,,ლიდერის“ დირექტორის, ნინო გიორგაძის თქმით, ეს კონკურსი არის მოტივაცია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მუშაობენ ქალების დასაქმების, განვითარების, პროფესიული ზრდის მიმართულებით. მეორე მხრივ კი, საშუალება იმისა, რომ ასეთი ბიზნესები სხვა ბიზნესებისთვის გახდნენ სამაგალითოები და მათაც გაუჩნდეთ სურვილი, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და გაიმარჯვონ.

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ მიზნად ისახავს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ პოპულარიზებას საქართველოში. კერძო სექტორთან ამ კუთხით თანამშრომლობა დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ტრენინგები, სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები და ამ გზით ხელი შეუწყოს მათ კარიერულ ზრდას, რაც დასაქმების ბაზარზე ქალების ჩართულობის წინაპირობაა.

რიგი კომპანიებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შექმნილი „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ შესახებ ცნობილი სწორედ კონკურსის შედეგად ხდება, რის შემდეგაც, ისინი იღებენ მათი შესრულების ვალდებულებას, რაც ითვალისწინებს: სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულების უზრუნველყოფას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, კომპანიის საქმიანობაში ქალების ჩართულობის და მონაწილეობის ხელშეწყობას და პროგრესის შესახებ ანგარიშგებას.

კონკურსის შედეგად შემოსული განაცხადები განიხილა დამოუკიდებელმა კომისიამ. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსით დაინტერესებული და კონკურსში მონაწილე კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიები არ კარგავენ ინტერესს და ყოველწლიურად იღებენ კონკურსში მონაწილეობას, ზოგიერთი მათგანი კი გამარჯვების შემდეგაც აგრძელებს მონაწილეობას და წარმოადგენს ახალ შედეგებს.

კონკურსი განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით“, - ნათქვამია ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს