მამუკა ბახტაძე - NEXI-სთან გაფორმებული შეთანხმება საქართველოში იაპონურ ინვესტიციებს წაახალისებს

საქართველოსა და იაპონიას შორის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევაზე დღეს გაფორმებული შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტ მასაფუმი ნაკადას შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძე მიესალმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და განაცხადა, რომ ის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

NEXI-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებაში.

ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის ფარგლებში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და NEXI-ის პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონელ ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

მემორანდუმის პრიორიტეტული სფეროებია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება, მეწარმეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაჭრობა და ექსპორტის ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების მართვა, სამშენებლო პოლიტიკა, ინვესტიციები, ა.შ.

NEXI იაპონიის სახელმწიფო საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით უზრუნველყოფს იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს. NEXI-ის მისიაა, ხელი შეუწყოს იაპონიის საქონლისა და მომსახურების ექსპორტს, იაპონიის კომპანიების მიერ საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებას და სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი რესურსების სტაბილური მარაგების მოწოდებას ისეთი სადაზღვევო პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა საექსპორტო კრედიტის, ინვესტიციებისა და სესხის დაზღვევა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო