„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი - მთავრობამ ორჯერ გადაგვივადა საინვესტიციო თანხის მობილიზების ვადა

პროექტის სირთულიდან გამომდინარე, თანხების მობილიზებისთვის საჭირო აღმოჩნდა უფრო მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული. ამ ობიექტური მიზეზების გამო ორჯერ მივმართეთ მთავრობას, რომელმაც ორჯერ გაითვალისწინა ეს ობიექტური მიზეზები და გადაგვივადა თანხის მობილიზების ვადა,- ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კონსორციუმი ყველაფერს აკეთებდა სამშენებლო სამუშაოების დროულად შესასრულებლად.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვიანებულიყო სამშენებლო გრაფიკი, ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაცილებით მეტი თანხების ინვესტიცია მოგვეხდინა. დაგვეწყო სამშენებლო სამუშაოები იმისათვის, რომ პორტის გახსნა მაქსიმალურად არ დაგვიანებულიყო",- განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და აცნობს ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.