ხათუნა ლაგაზიძე - კურტ ვოლკერის ვიზიტი იყო ის, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალს სულ მცირე 2020 წლის ჩათვლით

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, უკანასკნელ პერიოდში საშინაო პოლიტიკაში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესები აშკარად დააჩქარა. ვგულისხმობ მმართველ პარტიაში პროცესებს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ მიმართ ნდობა ეცემა, არ ჩანს იმ დაპირებების შესრულება, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ უხვად გასცა.

მეტიც, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააჩინა განცდა, რომ „ოცნება“ მხოლოდ ფასადურ ცვლილებებზეა ორიენტირებული, რაც ხელისუფლების რეპუტაციის აღდგენას ვერ უშველის. თქვენ როგორ შეაფასებდით სადღეისოდ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ვითარებას და იმას, თუ რა ხდება მმართველ გუნდში?

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, მმართველ პარტიაში მიდის ბრძოლა პოლიტიკური მომავლისთვის. ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის კონსტრუირებას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება 2020 წლისთვის. „ოცნების“ დანარჩენი წევრები კი ფიქრობენ: გაიყოლებს მათ ივანიშვილი ამ ბრძოლაში თუ დამოუკიდებლად მოუწევთ ბრძოლა პოლიტიკური მომავალისთვის. არის მცირე ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც მართლა პრინციპების და ღირებულებების გამო შეიძლება გაემიჯნონ „ოცნებას“. მოკლედ, ეს არის.

მმართველ პარტიაში მიდის ბრძოლა პოლიტიკური მომავლისთვის. ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის კონსტრუირებას იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება 2020 წლისთვის

„ოცნება“ იწყებს დაანონსებული საკადრო გადახალისების პროცესს, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რისთვის და რა ტიპის კადრებს ეძებენ - რუპორებს თუ რეფორმატორებს. ორი რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა - პირველ შემთხვევაში ხელისუფლება ფიქრობს, რომ მისი დღემდე წარმოებული პოლიტიკა კორექტირებას არ საჭიროებს, აკლიათ მხოლოდ ამ პოლიტიკის საზოგადოებამდე სწორად მიმტანები ანუ რუპორები.

მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ხვდება რადიკალური რეფორმების საჭიროებას და ეძებს თავისუფალ, რეფორმატორ ადამიანებს. პირველ შემთხვევაში, ახალი სახეების რეკრუტირება-მოძიებას არანაირი აზრი არა აქვს, რადგან მათ ბუმბულები, ანუ სიახლის ეფექტი არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გასცვივათ, რეფორმებს და რეფორმატორებს კი „ოცნებისგან“ საზოგადოება უკვე 7 წელია ელის.

ერთ შემთხვევაში არჩევის კრიტერიუმია პროფესიონალიზმი და თავისუფლება, მეორე შემთხვევაში - მხოლოდ მორჩილებისთვის მზაობა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ კადრების შერჩევისას პროფესიონალიზმის და არა ერთგულების პრინციპით იმოქმედებდა. ვნახოთ, ჩვენ ეს დაპირება გვახსოვს.

“ოცნების“ დანარჩენი წევრები კი ფიქრობენ: გაიყოლებს მათ ივანიშვილი ამ ბრძოლაში თუ დამოუკიდებლად მოუწევთ ბრძოლა პოლიტიკური მომავალისთვის. არის მცირე ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც მართლა პრინციპების და ღირებულებების გამო შეიძლება გაემიჯნონ „ოცნებას“

ერთსაც ვიტყვი, დღეს „ოცნებას“ მორჩილების პრინციპით შერჩეული უამრავი დეპუტატი ჰყავს, მათ შორის, ე.წ. ახალი სახეები, რომლებიც პარლამენტში არჩევისთანავე ჩაძვრნენ სანგრებში და ისე ჩაძველდნენ ამ სანგრებში, რომ მათი არც სახე და არც სახელი და გვარი არავის ახსოვს.

მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მათ ერიდებათ, „უტყდებათ" - ბოდიში სლენგისთვის, მაგრამ მათ შინაგან მოტივაციას ყველაზე ზუსტად ეს სლენგი გამოხატავს, - „ოცნების“ პოლიტიკის რუპორობა, საკუთარ თავს ამაზე „მაღლა“ აყენებენ.

არა აქვს აზრი ახალი სახეების კასტინგს მორჩილება-ერთგულების პრინციპით

არც უცხოეთში ყოველთვიური ვოიაჟებისას უქნია ისინი ღმერთს, რადგან ცხადია, რომ ხელისუფლების იმიჯი საერთაშორისო არენზე ერთი პროცენტითაც კი წინ ვერ წაწიეს, როგორც ჩანს, იქაც „უტყდებათ“ საკუთარი „გუნდის“ ადვოკატობა.

მაშ რისთვის ვუხდით ამ გოგო-ბიჭებს ბიუჯეტის უზარმაზარ ფულს, სიჩუმისთვის?! პირდაპირ ვიტყვი, მათ ფონზე კობახიძეც, მდინარაძეც და თალაკვაძეც გაცილებით ღირსეულად გამოიყურებიან, რადგან ასრულებენ იმას, რისთვისაც ხელისუფლებამ მათზე არჩევანი გააკეთა, იბრძვიან მაინც (სწორი თუ არასწორი პრინციპებისთვის, ეს სხვა საკითხია) და სხვის ზურგს არ ეფარებიან.

ახლა ამ სამეულს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილითურთ შეემატა. დანარჩენები უბრალოდ ითვისებენ სხვების კუთვნილ ადგილს და ჰაერს პარლამენტში. ამიტომაც არა აქვს აზრი ახალი სახეების კასტინგს მორჩილება-ერთგულების პრინციპით.

ივანიშვილი ცაიტნოტშია - არჩევნებამდე მან უნდა მოასწროს პარტიის არა მარტო განახლება, არამედ შეკვრა და მობილიზებაც. მას ექსპერიმენტების დრო ახლა არა აქვს, იქნებ ახალმა არ გაამართლოს?! ამიტომაც გამოიყენა პრინციპი: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების მიზეზებს: ის დააბრუნეს „ოცნებაში“ რღვევის პროცესის შესაჩერებლად, „ოცნების“ წევრთა და ამომრჩეველთა ძველი გვარდიის შემოსამტკიცებლად-მოსაზიდად და პარტიაში არსებული გავლენების დასაბალანსებლად-ჩამნაცვლებლად.

პარტიის ვერტიკალი დღეს დგას ნაწილობრივ კვირიკაშვილის, დიდწილად კობახიძის და კალაძის კადრებზე. ახალი ან ალტერნატიული ვერტიკალის ასაგებად ბიძინა ივანიშვილს ახალი ღერძი სჭირდებოდა.

რატომ ახალი ღერძის მაგივრად ძველი ანუ ღარიბაშვილი?!

იმიტომ, რომ ივანიშვილი ცაიტნოტშია - არჩევნებამდე მან უნდა მოასწროს პარტიის არა მარტო განახლება, არამედ შეკვრა და მობილიზებაც. მას ექსპერიმენტების დრო ახლა არა აქვს, იქნებ ახალმა არ გაამართლოს?! ამიტომაც გამოიყენა პრინციპი: ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

- ვხედავთ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს არ იმჩნევს. ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განმარტებები უკეთეს შემთხვევაში გაუგებარია.

მოსამართლე მეთოფიშვილი კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კრიტიკულობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს ადანაშაულებს. თუ ბატონ მეთოფიშვილს დაეჯერება, აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტს ეკა გიგაური მართავს.

გასაგებია, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამ ანგარიშთან მიმართებაში იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მეტად აწყობთ, მაგრამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ანგარიშმა? თქვენი აზრით, მართლაც წითელი ბარათი აჩვენა თუ არა ვაშინგტონმა მმართველ გუნდსა და „ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს?

- თუ ვინმეს გაუჩნდა მმართველ გუნდში სამართლიანობის დეფიციტი სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშთან დაკავშირებით იმ კუთხით, რომ გაცილებით მძიმე და სასტიკი დარღვევების დროს „ნაციონალების“ ხელისუფლებას ასე მძაფრ და უარყოფით შეფასებებს არ აძლევდნენ ამერიკელები, რაშიც ნაწილობრივ ხელისუფლება შეიძლება მართალიც არის, მიზეზი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოჰკითხონ: რატომ აქვთ ასეთი დაბალი ავტორიტეტი აშშ-ში, რატომ ვერ ახერხებენ საკუთარი ლოგიკური არგუმენტების ეფექტურად წარდგენას მაშინაც კი, როცა მართლები არიან?!

„ოცნებამ“ 2016 წლის არჩევნებში ყველა ის პარტნიორი ჩამოიშორა, ვინც დასავლეთში ავტორიტეტით სარგებლობდა. სად არიან ახლა ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე?! მათი ადგილი ვინ დაიკავა?! რამდენმა იცით მათი ვინაობა?! ამაშია საქმე

იმ მიზეზის გამო ხომ არა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ, „ოცნების“ ახალ და სანგრებში ჩამძვრალ სახეებს, „უტყდებათ" საკუთარი გუნდის არგუმენტირებულად დაცვა თავის დასავლელ კოლეგებთან?!

იმიტომაც, რომ აკრედიტებული საელჩოების ყოფილი მდივნების ავტორიტეტი არ არის საკმარისი საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთ გამოცდილ „ვეშაპებთან“ შესარკინებლად, როგორიც „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველოა“. იმიტომაც, რომ „ოცნებამ“ 2016 წლის არჩევნებში ყველა ის პარტნიორი ჩამოიშორა, ვინც დასავლეთში ავტორიტეტით სარგებლობდა: სად არიან ახლა ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე?! მათი ადგილი ვინ დაიკავა?! რამდენმა იცით მათი ვინაობა?! ამაშია საქმე.

ამასთან, „ოცნების“ მიერ გამოცხადებულმა - საზოგადოებაში არსებული ყველა „აზრის ლიდერის“, ექსპერტის, სამოქალაქო აქტივისტის, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების მტრად შერაცხვის პოლიტიკამაც თავისი შედეგი გამოიღო.

„ოცნებას“ ბოლო ორ წელში იმდენი რეალური გადაცდომა დაუგროვდა, რომ ნამდვილად ვერ აცდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრ ტონს

„ოცნებას“ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს შორის გულშემატკივარი თითქმის აღარ ჰყავს და აქაც მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიონ. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანების დიდ ნაწილს და გარწმუნებთ, რომ მათი დიდი უმრავლესობა 2012 წელს „ოცნების“ მიმართ მტრულად ნამდვილად არ იყო განწყობილი, სანამ თავად „ოცნებამ“ არ გამოაცხადა მათ წინააღმდეგ „ჯვაროსნული ომი“ განსხვავებული მოსაზრებების და ხშირ შემთხვევაში, კეთილგანწყობილი რჩევების გამო.

აღარაფერს ვამბობ იმ რეალურ გადაცდომებზე, რომელიც „ოცნებას“ ბოლო ორ წელში იმდენი დაუგროვდა, რომ ნამდვილად ვერ აცდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრ ტონს.

- გასაგებია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკულად აფასებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთ გახმაურებულ თემაზე, როგორც “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული ამბებია, პროკურატურა კარგა ხანია დუმილს ამჯობინებს. წესით, ეს ხელისუფლების ინტერესებში სულაც არ უნდა იყოს.

ამ თემაზე საუბრისას ფილოსოფისმა ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულმა ისტორიამ პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ბალანსის წერტილი წაშალა და ეს ვითარება დიდხანს ვერ შენარჩუნდება“.

წარმოუდგენელია, რომ ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს, მაგრამ თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით არც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის მასალებს აქვეყნებს და აყოვნებს ამ საკითხში მეტი სიცხადის შეტანას?

- ვფიქრობ, ეძებს გამოსავლის გზებს ისე, რომ სახე არ დაკარგოს. «თიბისი ბანკის“ საქმისა და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესის აღარც უხმაუროდ ჩახურვა გამოდის და აღარც უხმაუროდ გაგრძელება. წარმოიდგინეთ მარცხი რომ აღიაროს (თუ უნდა აღიაროს), ამას რა შედეგი მოჰყვება - ხელისუფლების ავტორიტეტის საბოლოო ნგრევა, რაც მის უკიდურეს სისუსტედ აღიქმება და იოლი წარმოსადგენია ამას დომინოს პრინციპით რა გაგრძელება ექნება - სულ მცირე, უმრავლესობის შემდგომი სწრაფი დაშლა, დეზორგანიზაციის გაღრმავება პარტიაში, სრული საინფორმაციო კოლაფსი და ა.შ.

«თიბისის ბანკის“ საქმისა და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცესის აღარც უხმაუროდ ჩახურვა გამოდის და აღარც უხმაუროდ გაგრძელება

უკან დახევას ამ საკითხში, ისევე როგორც მოსამართლეთა შემთხვევაში, ხელისუფლება მარცხად აფასებს. სწრაფი, რადიკალური ნაბიჯებით რომ წარმართოს გამოძიება, ამისგან დასავლეთისგან უკვე გამოხატული და მოსალოდნელი კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია აკავებინებს თავს და არის ასე - ორ ცეცხლს შუა. დაყოვნებას ამ საკითხში მე ამით ვხსნი.

- სხვათა შორის, ასევე გაუგებარია თუ რატომ არ ავრცელებს თავად ხელისუფლება უკრაინაში ვაშინგტონის სპეცწარმომადგენლისა და მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის კურტ ვოლკერის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას, რომლის ფარგლებში ბატონი ვოლკერი „ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და არა ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებს.

საგულისხმო გახლდათ ამ შეხვედრის შემდეგ კურტ ვოლკერის განცხადება - „ანაკლიის პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის... დარწმუნებული ვარ, ქართველები ანაკლიის პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას კურტ ვოლკერის თბილისში ვიზიტის შემდეგ „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის საკითხში პოზიციების კორექტირება მოუწევს. ამგვარ განცდას ისიც აჩენს, რომ ამ შეხვედრამდე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა - „გვინდა სახელმწიფო ღირსეულად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან“.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ის, რითაც „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ისტორიიდან ხელისუფლება შეიძლება ღირსეულად გამოვიდეს?

- პირდაპირ გეტყვით - კურტ ვოლკერის ვიზიტი იყო ის, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალს სულ მცირე 2020 წლის ჩათვლით. ბოლო ხანს სულ ვამბობდი, რომ დიდი ალბათობით დღევანდელი ხელისუფლება აშშ-სგან მიიღებდა ცნობილი “ბეიკერის ფორმულის“ მსგავს მესიჯს, რომელზეც მას დათანხმება მოუწევდა.

გახსოვთ, 2003 წელს ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და მედიის აქტიურობის შედეგად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა ედუარდ შევარდნაძეს ჩამოუტანა მესიჯი საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობის შესახებ, რამაც ფაქტობრივად, არჩევნებამდე გადაწყვიტა არჩევნების ბედი.

ბოლო ხანს სულ ვამბობდი, რომ დიდი ალბათობით დღევანდელი ხელისუფლება აშშ-სგან მიიღებდა ცნობილი “ბეიკერის ფორმულის“ მსგავს მესიჯს, რომელზეც მას დათანხმება მოუწევდა

ასე მგონია, ვოლკერის ვიზიტი უფრო ფართო ფორმატის საკითხებს მოიცავდა, ანაკლიის და "თიბისის" ჩათვლით. გამოიკვეთა, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკისთვის ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის გრძელვადიანი პროექტი, ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც აშშ დღეს საქართველოში ახორციელებს.

საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდა გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი არის ანაკლიის კონსორციუმი და მასში ჩართული პირები, ხომ არ არის ეს იდენტური დღევანდელი ხელისუფლების გავლენების შესუსტების და ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის გრძელვადიან ინტერესებში არ ვეწერები და იოლად ჩამანაცვლებსო.

და პირიქით, თუკი ანაკლიის პორტის კონსორციუმის გარანტორად და პარტნიორად ამერიკა აირჩევდა დღევანდელ ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში აშშ–ის ინტერესი იქნებოდა ამ ხელისუფლების რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება სახელმწიფოს სათავეში.

თანაც, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის ლაზიკის შემდეგ, ანაკლიის პორტის თემის რეანიმირება-აღორძინება ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.

თუ ჩავთვლით, რომ გარიგებას მინიმუმ ორი მონაწილე მხარე ჰყავს - ამერიკა რაღაცას თუ მოითხოვდა, სანაცვლოდ რაღაცას შესთავაზებდა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ხომ არ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა სანაცვლოდ იმის პირობა, რომ დასავლეთი არ მოსთხოვს „ოცნებას“ 2020-ში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას? ან სულაც ის, რომ აშშ წინააღმდეგი არ იქნება, „ოცნება“ 2020 წელსაც ხელისუფლებაში იხილოს, თუნდაც კოალიციის ფორმატით?!

რა თქმა უნდა, რეალური ინფორმაციის გარეშე ჩვენ ამ ვერსიებს აქ ვერ გავშლით, თუმცა, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი ანგარიშით ვიმსჯელებთ, შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდაც არანაირი გარანტიები არ მიუღია იმისა, რომ 2020 წელს ის აშშ-ის კეთილგანწყობით ისარგებლებს.

მოკლედ, მთავარი კითხვა რაც ვოლკერმა დაგვიტოვა არის: შეძლებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მიიღოს იმის პირობა, რომ აშშ მაინცდამაინც არ დაიჟინებს, რომ „ოცნებაც“, როგორც ყველა მისი წინამორბედი, საქართველოს ხელისუფლებიდან მაინცდამაინც ორი ვადის შემდეგ უნდა წავიდეს.

მთავარი კითხვა რაც ვოლკერმა დაგვიტოვა არის: შეძლებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მიიღოს იმის პირობა, რომ აშშ მაინცდამაინც არ დაიჟინებს, რომ „ოცნებაც“, როგორც ყველა მისი წინამორბედი, საქართველოს ხელისუფლებიდან მაინცდამაინც ორი ვადის შემდეგ უნდა წავიდეს

თუმცა, ისიც ცხადია, რომ ანაკლიის პორტის გარანტიები საქართველოს ხელისუფლებაზე არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, რუსეთის განწყობაზეა დამოკიდებული.

ვფიქრობ, ის სიმშვიდის გარანტიები, რაც დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება, სწორედ მისი რაციონალურ ქმედებებზეა დამოკიდებული, რამაც ამერიკისთვის უნდა განამტკიცოს განცდა, რომ ის სტაბილური პარტნიორია და რაც მთავარია, მისაღები ქვეყნის შიგნით ამომრჩევლისთვის. მესმის, რომ ეს რთულია რუსეთიდან ზეწოლის ახალი ტალღის ფონზე, გაცილებით იოლია ჩვენი მხრიდან მოწოდებები და ლოზუნგები ვესროლოთ ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებასაც და ჩვენც უნდა გვახსოვდეს და იმედია გვახსოვს, რომ უკან საქართველოა! და როცა საქმე რუსეთიდან ზეწოლას ეხება, ამ საკითხში ყველა ხელისუფლების სოლიდარულები ვართ. საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან, ანაკლიის პორტს ვგულისხმობ, ნაკლები დანაკარგებით და მეტი მოგებით.

- მოსამართლეთა თემამ “ოცნებას“ იმაზე მეტი მხარდამჭერი დააკარგვინა, ვიდრე მმართველ გუნდში ვარაუდობენ. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა მოამზადა კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით.

პარლამენტში მომზადებულ კანონპროექტში შავით თეთრზე წერია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმათ, ვისაც საკვალიფიკაცი გამოცდა აქვთ ჩაბარებული, არადა, საკვალიფიკაციო გამოცდას იუსტიციის საბჭო ატარებს. იუსტიციის საბჭოში კონკურსანტის სასარგებლოდ ხმა საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც უნდა იყოს.

საქმეში ჩახედული სპეციალისტების მტკიცებით, სასამართლო სისტემის შევსება ამავე სისტემის გარეთ მყოფ პირებს ამ ეტაპზე ეზღუდებათ.

გამოდის, რომ მოსამართლეები იმათი შესარჩევია, რომელთა მიმართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პარლამენტის მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი?

- საოცარი დილემის წინაშე ვდგავართ - რეალურად ლამის სამი ათწლეულის შრომის და ჯაფის შემდეგ, როგორც იქნა ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც კანონის დონეზე უზრუნველჰყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტით კი სისტემა კვლავ ჩაკეტილი რჩება მათთვის, ვისშიც წლობით ჩაცემენტებული თვითცენზორი არ მუშაობს, რადგან კანდიდატურების შემრჩევის და რეალურად გადაწყვეტილების მიმღებიც ისევ იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობაა

მაგრამ, კანონმდებლობა ვერ მოშლის მოსამართლეთა გონებაში ასევე ათწლეულების მანძილზე ჩაბუდებულ შინაგან ცენზორებს. ამიტომაც უნდა ვიაროთ მოსამართლეთა შემადგენლობის გაჯანსაღების და ცვლილების მიმართულებით და ნაკლებად - კანონმდებლობის ცვლილების.

ამისთვის მართლაც კარგი ვარიანტი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში სისტემა გაგვეღო ახალი პროფესიონალებისთვის. პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტით კი სისტემა კვლავ ჩაკეტილი რჩება მათთვის, ვისშიც წლობით ჩაცემენტებული თვითცენზორი არ მუშაობს, რადგან კანდიდატურების შემრჩევის და რეალურად გადაწყვეტილების მიმღებიც ისევ იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობაა.

- ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორი კონფიგურაცია ჩამოყალიბდება “ოცნებიდან“ გასული დეპუტატების შემდეგ. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ ახლა ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად საინტერესოა, რადგან ახლა ყველა პოლიტიკური ფიგურისა და ჯგუფის სამიზნე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

ბევრი იმაზეც საუბრობს, როგორადაც არ უნდა გაიშალონ თუ დაიშალონ „ოცნებიდან“ გასულები, მაინც არ იქნებიან ივანიშვილის ოპონენტები.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იმ ფლანგზე, რომლებსაც პირობითად „ოცნებისა“ და ივანიშვილის მხარდამჭერები ერქვათ და არასახელისუფლებო ოპოზიციის ფლანგზე?

- მოდით დავიწყოთ, რა სჭირდება იმ ამომრჩეველს, რომელსაც „ოცნება“ აღარ უნდა, მაგრამ „ნაციონალების“ რევანშის ეშინია?! უსაფრთხოების ქოლგა, ანუ პოლიტიკური ძალა, რომელიც იმდენად ძლიერი იქნება, რომ მათ „ნაციონალების“ შურისძიებისგან დაიცავს.

ვინ შეიძლება არსებული პოლიტიკური სპექტრიდან განვიხილოთ ამ როლზე? არავინ.

თუ შეიქმნა ერთი დიდი ქოლგა მოძრაობა, ის უდავოდ სერიოზული კონკურენტი იქნება „ოცნებისაც“ და „ნაციონალებისაც“, თუ ახალი ძალები ფრაგმენტებად და სეგმენტებად დანაწილებული ვიხილეთ, მაშინ ამომრჩეველიც მათ შორის გადანაწილდება და შესაბამისად, მუხტიც

მაშინ ასე დავსვათ კითხვა - ვინ არიან ის რესურსული პირები ან ჯგუფები, რომლებიც შეიძლება არჩევნებამდე გააქტიურდნენ და რამდენად შეძლებენ ამ როლის შესრულებას?!

დავით მაღრაძეს ვუსმინე, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მის გარშემო შეიძლება ვიხილოთ სწორედ ამომრჩევლის ამ სეგმენტზე მომუშავე საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა, ამასთან, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ღარიბაშვილის მისვლა „ოცნების“ შემდგომ დაშლას ვერ შეაჩერებს.

აქ მთავარი კითხვა შემდეგია - რამდენად კომფორტული იქნება ეს ძალა ახალი სახეებისთვის ან „ოცნებიდან“ წამოსული, მეტ-ნაკლებად ღირებული ყველა დეპუტატისთვის თუ მათ ნაწილს მოუწევს სხვა პოლიტიკური ნიშების ძებნა?! ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ერთ ახალ ძალას ვიხილავთ თუ რამდენიმეს?!

არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ძალა. ერთი, რაც ამ ეტაპზე ნათელია, ეს არ იქნება შურისძიებაზე და რევანშზე ორიენტირებული გაერთიანება, რაც უდავოდ ბევრს და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც გარკვეულ დისკომფორტს მოუხსნის. რაც შეეხება „ოცნებას“, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკურ ველზე „შაგრენის“ ტყავივით ვიწროვდება

მაგალითად, სად წავლენ ანა დოლიძე, დავით ჭიჭინაძე, ალეკო ელისაშვილი, იგივე „ოცნების“ საინტერესო სახეები - ლევან კობერიძე და რომან კაკულია, უმრავლესობიდან გამოყოფის შემთხვევაში?! ან მაგალითად, სად წავლენ კოალიციის ყოფილი წევრები, იგივე დავით უსუფაშვილი. ჯერჯერობით მხოლოდ კითხვებია, როცა გავიგებთ პასუხებს, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ 2020-ის ქართული პოლიტიკის არქიტექტურაზე.

თუ შეიქმნა ერთი დიდი ქოლგა მოძრაობა, ის უდავოდ სერიოზული კონკურენტი იქნება „ოცნებისაც“ და „ნაციონალებისაც“, თუ ახალი ძალები ფრაგმენტებად და სეგმენტებად დანაწილებული ვიხილეთ, მაშინ ამომრჩეველიც მათ შორის გადანაწილდება და შესაბამისად, მუხტიც.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ძალა. ერთი, რაც ამ ეტაპზე ნათელია, ეს არ იქნება შურისძიებაზე და რევანშზე ორიენტირებული გაერთიანება, რაც უდავოდ ბევრს და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც გარკვეულ დისკომფორტს მოუხსნის. რაც შეეხება „ოცნებას“, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკურ ველზე „შაგრენის“ ტყავივით ვიწროვდება.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით