ენერგოომბუდსმენის აპარატი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

15 მარტი მსოფლიოს კალენდარში აღინიშნება, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ეს თარიღი 1962 წლიდან პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივას უკავშირდება, რა დროსაც მან მომხმარებელთა უფლებებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„1985 წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციით მომხმარებელთა უფლებები ოფიციალურად გაიწერა, ხოლო 1999 წელს და 2015 წელს ეს უფლებები კიდევ უფრო გაფართოვდა და მათი ჩამონათვალი გაიზარდა.

დღეისათვის უფლებების სია ასე გამოიყურება: ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციასა და მომსახურებაზე; ინკლუზიურობა - მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფების დაცვა; უსაფრთხოება - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებისაგან დაცვა; ეკონომიკური ინტერესების დაცვა - მოტყუებისა და მატერიალური ზიანის რისკებისაგან დაცვა; ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება - მკაფიო და ზუსტი ინფორმაცია სწორი არჩევანის გასაკეთებლად; სამომხმარებლო განათლების მიღების უფლება - დახმარება ამა თუ იმ სამომხმარებლო ქცევის შედეგების გაგებაში; ანაზღაურება - დავების მოგვარებისა და ზიანის ანაზღაურების ეფექტიან მექანიზმებზე წვდომა; წარმომადგენლობა - გაერთიანების თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აზრის გათვალისწინება, აგრეთვე, დაცვის უფლება; მდგრადობა - მდგრადი მოხმარების პოპულარიზაცია; ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებული უფლებები - მომხმარებელთა თანაბარი დაცვა, როგორც ტრადიციული, ისე ონლაინ ვაჭრობისას; პერსონალური ინფორმაცია - მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

2015 წლიდან საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი შეუერთდა 15 მარტის აღნიშვნის ტრადიციას და ყოველწლიურად ხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელიც აღნიშნული უფლებების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში მათ დანერგვას უწყობს ხელს.

15 მარტის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები წნორში, რუსთავსა და თიანეთში. ღონისძიებები 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო შემდეგ პერიოდში მთელი წლის განმავლობაში სტარტს აიღებს აქცია „მოძრავი ოფისი“. აქციის შინაარსის მიხედვით, ენერგოომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები შეზღუდული დროით თავად ესტუმრებიან რეგიონულ ქალაქებს და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში გამართავენ კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, აგრეთვე მიიღებენ განცხადებებს და გაუწევენ სამართლებრივ დახმარებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.