ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი - 2011 წელს გვყავდა მინისტრი, რომელიც გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

“მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვანუატუ ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. მთავარი მიზანი ამ ვიზიტისა გახლავთ ის, რომ, უკეთ გავეცნოთ საქართველოს წინაშე არსებულ საკითხებს, ხელი შევუწყოთ ვანუატუსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

საოკუპაციო ხაზის მონახულება დაგვეხმარება, გავაცნობიეროთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში. ჩემთვის, როგორც ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. როდესაც ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე იქნება საუბარი, მე მექნება ზუსტი წარმოდგენა არსებული მდგომარეობის შესახებ. ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2011 წელს გვყავდა მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია.

ამ ფაქტის შემდეგ, ვანუატუმ ძალიან მალევე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და აღიარება უკან გაიწვია“,- აღნიშნა რალფ რეგენვანუმ.

საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ, რალფ რეგენვანუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან. დელეგაციის წევრები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს და ადგილზე გაეცნობიან უწყებების საქმიანობის სპეციფიკას.

ვიზიტის ფარგლებში, 14 მარტს, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა