ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიაზე - იმის უნარი უნდა ჰქონდეს, რომ წარადგინოს კანონპროექტი და დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუ ეზარება, ეს მისი პრობლემაა

მას იმის უნარიც უნდა ჰქონდეს, რომ წარადგინოს კანონპროექტი წამყვან კომიტეტზე და დაასაბუთოს თავისი პოზიცია, თუ ეზარება, ეს მისი პრობლემაა, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელიც თავისი ინიციატივის იურიდიულ კომიტეტზე გატანას ხვალ არ აპირებს.

როგორც ოხანაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბესელიას ბრალდება, რომ ხდება მოსამართლეთა განწესების წესის დაჩქარებული განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, განხილვის პროცედურები ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის არასამუშაო დღეს ჩანიშვნასთან დაკავშირებით კი ოხანაშვილი ბესელიას მისი კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდს ახსენებს და აღნიშნავს, რომ თავად ბესელიასაც არაერთხელ ჩაუნიშნავს დასვენების დღეებში საკომიტეტო განხილვა.

„შაბათსაც აქვს ჩატარებული კომიტეტის სხდომა ეკა ბესელიას და კვირასაც“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დეპუტატი ეკა ბესელია ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას და მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის წარდგენას არ აპირებს. როგორც ბესელიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წამყვან კომიტეტზე დაუსწრებლობის მიზეზი, სხდომის არასამუშაო დღეს დანიშვნაა.